ოკუპაციით დაცილებული ცოლ-ქმარი. მალხაზ კურტაევს ოკუპირებული ტერიტორიიდან ცოლი გამოუძევეს

მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი

8 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან 16 საათზე გამოიყვანეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ის სოფელ ოძისის საგუშაგოსთან გადასცეს. იგი საოკუპაციო ძალებმა ქმართან, მალხაზ კურტაევთან (ვანიშვილი) ერთად ჯერ ახალგორის საკარანტინო ზონაში რამდენიმე დღით გააჩერეს, შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლებას ცხელი ხაზის მეშვეობით დაურეკეს და უთხრეს, რომ ცოლს (თათია საქართველოს მოქალაქეა) ოკუპირებული ტერიტორიიდან აძევებდნენ, ქმარი კი, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქე, ცხინვალის რეგიონში დარჩებოდა. ოკუპირებული ახალგორიდან ოძისში გადმოსულმა თათიამ ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ ხურვალეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქმრის შეუძლოდ მყოფი პაპის სანახავად გადავიდნენ და იქიდან ახალგორში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ამ ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა:

„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, დათა ვანიშვილის რძალი, თათია ადიკაშვილი, მეუღლესთან, მალხაზ ვანიშვილთან ერთად იმყოფება ოკუპირებულ ახალგორში, კარანტინში. განხორციელდება თათია ადიკაშვილის ტრანსპორტირება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება მალხაზ ვანიშვილს, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, მას მიუღია „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მოქალაქეობა და იგი დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე“.

ასევე ნახეთ მავთულხლართებს მიღმა დამალული ქართველი ცოლი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ისტორია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში თათია ადიკაშვილის ოჯახში აცხადებენ, რომ მალხაზი და თათია ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებ პაპასთან, დათა ვანიშვილთან, ათი დღის წინ გადავიდნენ. თათიას და, თამთა ადიკაშვილი, ამბობს, რომ ახალშექმნილ ოჯახს მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ამასაც უკავშირდება:

„10 დღის წინ გადავიდნენ დათა პაპასთან. გადავიდნენ თუ არა, ორი დღის შემდეგ გადაიყვანეს კარანტინში. ჩვენ მალხაზის ოჯახისგან გავიგეთ ეს ამბავი. მალხაზიმ აქედან წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ჩვენც არ გვაქვს პირობები. არც ადგილი გვაქვს და არც მათი რჩენის საშუალება გვქონდა. თან ჩემი და ორსულად არის და ამას სხვანაირი მოვლა სჭირდება. მალხაზიმ გადაწყვიტა, რომ თქვენც არ გაქვთ არც დასაწოლი, არც დასარჩენი და არც კვების საშუალება და ზედმეტ ტვირთად ვარ თქვენთანო. მას მთავრობამ არც სამსახური მისცა და არც ბინა, როცა იქიდან გამოიქცა“.

თუ ერთხელ მაინც გადავედი სოფელში, ესე იგი უნდა წავიდე და წავიდე, ჩემ სახლში აღარ უნდა დავბრუნდე. პაპა და ბაბო როგორ დავტოვო?
მალხაზ კურტაევი

მალხაზ კურტაევი (ვანიშვილი) დათა ვანიშვილის შვილიშვილია. მას როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეობა აქვს. გორში დაიბადა და ძირითადად პაპასთან გაიზარდა. მალხაზ კურტაევი ხშირად გადადიოდა ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში, სადაც თათია ადიკაშვილი გაიცნო. დაახლოებით 9 თვის წინ ის ცოლად მოიყვანა და მავთულხლართებს მიღმა, სოფლის ოკუპირებულ ნაწილში, პაპის სახლში მიიყვანა. მათი პრობლემებიც მაშინ დაიწყო. ახალშეუღლებული ცოლ-ქმარი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მალხაზს კი დე ფაქტო უშიშროების სამსახური მუდმივად ემუქრებოდა. 4 მაისს ჩაწერილ ინტერვიუში, მას შემდეგ, რაც ის ცხინვალიდან პაპის სახლში დაბრუნდა, მალხაზი გვეუბნებოდა:

„ცხინვალის საავადმყოფოში, ინფექციურში ვიყავით. იქ კაგებეც დამადგა. მაგათმა უშიშროებამ თათიას არაფერი უთხრა. მე მითხრეს, თუ ეხლაო არ გაჩერდებიო და იქით გადახვალ ხოლმეო, ცუდად გექნება საქმეო. რაღა გინდა, ეს ცოლი დაგიტოვეთ, საბუთიც არაფერი აქვსო და შენ რაზე ცელქობო. გაჩერდი ერთ ადგილზეო, თორემ შენ ცოლსაო გავგზავნით უკანაო, თავის სახლშიო, შენ კიდევ ექვსი წელი ციხეში ამოყოფო თავსაო და ვეღარც პაპასა და ბაბოს და ვერც სახლსა ნახავო. აი, ასე გამაფრთხილეს და დამემუქრნენ. მორჩა, მე ხურვალეთში ვეღარ გადავალ. საბოლოო გაფრთხილებაა. ორჯერ ხომ დაგიჭირეთ და გაგიშვითო და კიდევ თუ დაგიჭირეთ, შენ თავს დააბრალეო. თუ ერთხელ მაინც გადავედი სოფელში, ესე იგი უნდა წავიდე და წავიდე, ჩემ სახლში აღარ უნდა დავბრუნდე. პაპა და ბაბო როგორ დავტოვო?“

ასევე ნახეთ მავთულხლართებს მიღმა დამალული ქართველი ცოლი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ მალხაზი პაპისა და ბებიის მიტოვებას არ აპირებდა, როგორც თვითონ ამბობდა, კაგებეს მუდმივი თვალთვალისა და ზეწოლის გამო ვეღარ შეძლო დარჩენა და ივნისში მამაპაპისეული სახლიდან ცოლთან ერთად გაიქცა. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადავიდა და ცოლის ნათესავებში დასახლდა. ეძებდა სამსახურს და ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა. 10 ივნისის ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოქცეული მალხაზი გვეუბნებოდა:

„იძულებული გავხდი, რომ წამოვსულიყავით. რუსები სულ მითვალთვალებდნენ, გაივლიდნენ-გამოივლიდნენ და ცოტა დაძაძღულ ღობეს ნახავდნენ თუ არა, ეგრევე ჩემსკენ იყურებოდნენ. ღამე მოდიოდნენ და ბატარიებით მინათებდნენ. დღედაღამ ვფიქრობ მაგასა, ამ კარანტინის მერე რა გავაკეთო. სულ მთლად ჰაერში დავრჩი. რომ გადმოვედით, ცოლის მშობლებთან მივედით და იქაც როდემდე გავჩერდე, ძალიან მრცხვენია. ერთი ოთახიც რომ მქონდეს, ჩემი ჭერიც რომ მქონდეს, ეგ მინდა. ახლა მე და ჩემი ცოლი ხომ გადმოვედით ოკუპირებული ტერიტორიიდან, უნდა დავინტერესდე, რომ დევნილის სტატუსი გავაკეთო. დათა პაპას სახლში ცხინვალის პასპორტი დავტოვე, აქ რაში დამჭირდება. საქართველოს პირადობის მოწმობაც მაქვს. გორში დავიბადე. აქ, ხურვალეთში, გავიზარდე, აქ ვცხოვრობდი და დევნილი ვარ, აბა, რა ვარ. ხომ ყველამ იცის, რომ ეს წლები დათა პაპასთან ვცხოვრობდი და ცოლიც როცა მოვიყვანე, ეგრევე ღობის იქით, იმ სახლში გადავიყვანე“.

ამ ინტერვიუდან ირკვევა, რომ მალხაზ კურტაევს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობაც მანამდე ჰქონდა მიღებული და გამოქცევისას ის პასპორტი დათა ვანიშვილის სახლში დატოვა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ ამბავს ახლა პროპაგანდისთვის იყენებენ და ცხელი ხაზის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ მალხაზ კურტაევმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მოითხოვა.

მალხაზ კურტაევს არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ საბუთების მოწესრიგებაში. მან მიიღო დევნილის სტატუსი. გორის მერიამ მას ასი ლარის ფარგლებში ბინის მოძებნა და ქირის გადახდა შესთავაზა, თუმცა ცოლ-ქმარმა ამ ფასში ბინა ვერ იშოვა. როგორც ხურვალეთში ამბობენ, მალხაზი დღიურ მუშად მუშაობდა და ლუკმაპურის ფულს ასე შოულობდა, ათი დღის წინ კი 8 თვის ფეხმძიმე ცოლი ისევ ჩუმად გადაიყვანა მავთულხლართებზე და პაპის სახლში დაბრუნდა.

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყეს.დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართი გაუვლეს. სახლი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში დარჩა, მიწა კი - საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილსა და მის ოჯახს უთხრეს, რომ ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ტერიტორიაზე, გადასვლა ეკრძალებოდათ.

ასევე ნახეთ დათა ვანიშვილი: 88 წელიწადი აქ ვცხოვრობ და ეხლა გავხდები რუსეთის მოქალაქე?!

დათას საქართველოს მოქალაქეობა აქვს და მასზე უარის თქმას არ აპირებს. მას არაერთხელ შესთავაზეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიეღო და იქაურ პენსიას დაუნიშნავდნენ, მაგრამ დათა ვანიშვილი ვერ ეგუება ოკუპაციას. ის უარს არ ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო რამდენჯერმე დაკავებულიც იყო ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით. პირველად ცხინვალის იზოლატორში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, მაგრამ მოხუცი თავისას არ იშლის.

საქართველოში ჩამოსული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა, როგორც წესი, ხურვალეთში ჩადის და მავთულხლართების მეორე მხრიდან ისმენს დათა ვანიშვილის გასაჭირს.

დათას შვილიშვილს, მალხაზ კურტაევს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება ასევე არაერთხელ წაუყენეს. ჯერჯერობით უცნობია, მას ახალგორის კარანტინიდან ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ და დააჯარიმებენ, თუ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დეტალებში გარკვევას შეეცდება.