აშშ-ის მაღალი რანგის პირების თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არ განხორციელდება

აშშ-ის სანქციები რუსეთსა და მის პარტნიორებს არ მისცემს საშუალებას, მოახდინონ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზება. ეს მოსაზრება გამოთქვეს აშშ-ის სენატორმა ტედ კრუზმა - გაზსადენის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ერთ-ერთმა ინიციატორმა - და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.

კონგრესმა ახლახან მოიწონა კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს სანქციების გაფართოებას იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ. საქმე ეხება მათ გავრცელებას არა მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც ფლობენ მილების გამყვან ხომალდებს, არამედ ასევე იმათზე, რომლებიც მათ მომსახურებას უწევენ. კანონპროექტი ჯერჯერობით არ არის ხელმოწერილი პრეზიდენტის მიერ, მაგრამ დოკუმენტს ვეტოც რომ დაადოს, მოსალოდნელია, რომ კონგრესი მას გადალახავს.

„დარწმუნებული ვარ, ამ გაზსადენით არასოდეს მოხდება გაზის ტრანსპორტირება,“ თქვა კრუზმა კონფერენციაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ატლანტიკურმა საბჭომ“ მოაწყო.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კრისტოფერ რობინსონმა ამავე კონფერენციაზე გამოხატა იმედი, რომ პროექტი არ დასრულდება. მან დაადასტურა აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გაზსადენი არის ევროპაზე რუსეთის ზეწოლის ინსტრუმენტი.

მოსკოვი აცხადებს, რომ პროექტი წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა. ოფიციალურად ამავე პოზიციაზეა გერმანიაც, რომლის ხელისუფლება აშშ-ს აკრიტიკებს სანქციებისთვის.

გაზსადენის გაყვანა, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის რუსეთსა და გერმანიას შორის, ამ დღეებში განახლდა თითქმის ერთი წლის პაუზის მერე, მას შემდეგ, რაც მშენებლობა შეჩერდა აშშ-ის სანქციების მუქარის გამო. მაგრამ კვლავაც გაურკვეველია, როგორ გაიყვანენ დარჩენილ 100 კილომეტრ მილებს დანიის ეკონომიკურ ზონაში. ამ სამუშაოებზე სანქციები ვრცელდება.