ბევრი წიგნი, რომელიც 2020 წელს უნდა გამოცემულიყო, ეკონომიკური კრიზისის გამო ვეღარ დაიბეჭდა და გამომცემლები მათ დასტამბვას 2021 წელს ან კიდევ უფრო შორეულ მომავალში აპირებენ. თუმცა 2020 წელი ლიტერატურის გარეშე მაინც არა დარჩენილა. რადიო თავისუფლება გაგაცნობთ იმ წიგნების ნაწილს, რომლებიც covid-19-ის პანდემიას „გადაურჩა“ და მაღაზიების თაროებზე აღმოჩნდა.
დავითი და ბესარიონი
„ხსოვნა დავკარგეთ. ღამით, ღამე ჩამოვთითოვდით.
ამბობენ, ისე დავიხოცეთ, არ გვიწვალია“.
2020 წელს „ინტელექტმა“ დაბეჭდა დავით წერედიანის ლექსების სრული კრებული „პარაპეტი“, რომლის გამოცემასაც თავად ავტორი უკვე ვეღარ მოესწრო.
ამ წელსვე დაიბეჭდა ბესიკ ხარანაულის „ეჰ, ბესარიონ“. დაიწყო ახალი სერიის „Magnum Opus“ გამოცემა, სადაც მსოფლიო მოაზროვნეების ის ტექსტები მოიყრის თავს, რომლებიც მანამდე ქართულად ნათარგმნი არ იყო.
„ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი“
ჯაბა ზარქუას ეს რომანიც „ინტელექტმა“ გამოსცა. წიგნი ჩხუბით იწყება. რვასართულიან „ხრუშჩოვკაში“, რომელიც კარანტინშია მოყოლილი, ახალგაზრდა წყვილი ერთად ყოფნას ვეღარ ახერხებს. რომანში მოთხრობილი ამბავიც ესაა: პირადი პრობლემები კოვიდპრობლემების ფონზე.
„ომის დღიურები“
ეს ასტრიდ ლინდგრენის წიგნია, მაგრამ აქ არც საწვნეში თავგაყოფილი ემილი გვხვდება და არც კარლსონი იპარავს გუფთებს სამზარეულოდან. ასტრიდი ომზე ლაპარაკობს, თავისი ყველა ტრაგედიით თუ დისკომფორტით, პოლიტიკითაც კი.
ახალგაზრდა დედა, რომელსაც საზოგადოება ჯერ არ იცნობდა, შვედეთის სახელმწიფო დაზვერვის საიდუმლო სამსახურში, საფოსტო ცენზურის ბიუროში მუშაობდა, ამიტომ მისთვის ისეთი ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი, რომელიც სხვებისთვის საიდუმლოდ დარჩა.
„ომის დღიურები“ 2015 წელს შვედეთში გამოიცა, 2020 წელს კი მისი ქართულად დაბეჭდვა „არტანუჯმა“ ითავა.
„მგელი მითებსა და ზღაპრებში“
გიორგი ჯინჭარაძის ამ წიგნში 12 სხვადასხვანაირი მგელია: კაპიტოლიუმის მგელი; მგელი და წერო; მგელი და ბიჭი, რომელიც იძახდა ”მგელი, მგელიო“; ის სამი მგელიც, სერზე რომ მიდიოდნენ... წიგნი დაბეჭდა გამომცემლობამ „ზოლიანი კატა“. ამავე გამომცემლობისა და ავტორის დასტამბულია ზღაპარი „წიქარა“, ის 2019 წელს გამოვიდა.
„საერთოდ, მითოლოგია და ხალხური ზღაპრები გიოს სფეროა. ახლა „ამირანზე“ ვმუშაობთ“, - ამბობს „ზოლიანი კატის“ ხელმძღვანელი ნიკი თარხან-მოურავი.
„უცნობი ქარჩხაძე“
მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში სულ სხვა გეგმები ჰქონდათ, კოვიდ-19-ის გამო ქარჩხაძის გამომცემლობამ წელს მხოლოდ ორი ახალი წიგნის გამოცემა მოახერხა: „ანბანი ლექსებით“ და „ უცნობი ქარჩხაძე“.
„ამ წიგნში შესულია [ჯემალ ქარჩხაძის] დაუსრულებელი მოთხრობები და დასრულებულიც, რომლებიც თავის დროზე არ გამოაქვეყნა, რადგან ჩათვალა, რომ სათანადო დონის არ იყო. ახლა სხვა დროა, ამიტომ მივეცით თავს უფლება და გამოვაქვეყნეთ“, - ამბობს გამომცემლობის ხელმძღვანელი გია ქარჩხაძე.
წიგნები online
იმის გამო, რომ დაბეჭდვის საშუალება აღარ ჰქონდათ, ბევრმა ავტორმა გადაწყვიტა წიგნი მხოლოდ ელექტრონული სახით გამოექვეყნებინა. ელწიგნების პლატფორმა „საბას“ წარმომადგენელი ირინა ჯავახაძე ამბობს, რომ 2020 წელს მომართვიანობაც გაიზარდა და გაყიდვებიც:
„ბევრმა მომმართა წიგნის დასადებად, რადგან დაბეჭდვას ვეღარ ახერხებდნენ. გაყიდვებიც გაიზარდა. უფრო ხშირად ნათარგმნ პროზას, რომანებს ყიდულობენ, ქართულ პროზასაც“, - ამბობს ის.
კინო და წიგნი
„პალიტრა L“ ხშირად გამოსცემს წიგნებს, რომელთა მიხედვითაც ცნობილი ფილმებია გადაღებული. წელს გამოცემების ნუსხას „შინდლერის სია“ და „წიგნის ქურდი“ შეემატა. დაიბეჭდა ასევე სელესტ ინგის „ყველგან ხანძრის კერებია“. ამ ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული სერიალი Little Fires Everywhere, რომელშიც მთავარ როლს რიზ უიზერსპუნი ასრულებს.
„კენჭები“
ისეთი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც საბჭოთა საქართველოს პერიოდში დაიწერა, მაგრამ ცენზურის გამო არ დაბეჭდილა, ბევრი არაა. მწერლები ამგვარ თემებზე მუშაობას წინასწარვე თავს არიდებდნენ, გამონაკლისია ზაირა არსენიშვილი. 2019 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მისი რომანი „ვა, სოფელო“ დაბეჭდა, რომელმაც მაშინვე მოიპოვა აღიარება. უკვე 2020 წელს დაიბეჭდა მოთხრობების კრებული „კენჭები“, სადაც, ისევე როგორც რომანში, კომუნისტური რეპრესიებისა და იმ ადამიანების ისტორიებია შეკრებილი, რომლებმაც მე-20 საუკუნის დასაწყისი პირადად გადაიტანეს.