პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს მისი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.
"მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად", - წერს გრიგოლ ვაშაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
ვაშაძის თანახმად, პარტიამ ბევრს მიაღწია, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად ვერ შეეგუება:
"არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.
შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას.
ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს!
პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ".
გრიგოლ ვაშაძე წერს, რომ მისთვის უმცირესობაში ან საერთოდ მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს: „პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს. შეიძლება ვცდები. მივენდოთ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალი ძალიან მალე განგვსჯის. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან - არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა. არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში მონაწილეობას. პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!“
გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, აპირებს თუ არა უარის თქმას პარლამენტის წევრის მანდატზე. გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" საარჩევნო სიაში რიგით მეორეა. ეს საარჩევნო ბლოკი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
11 დეკემბერს, გრიგოლ ვაშაძე არ დაესწრო ოპოზიციის შეკრებას, რომელზეც საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან არჩეულმა დეპუტატებმა მანდატებზე უარი მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურეს.
ნოემბრის დასაწყისში, როცა ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, სოციალური ქსელით გავრცელდა გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელშიც ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაეტანათ. მოგვიანებით, ამ განცხადების გამო, "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურმა გაავრცელა გრიგოლ ვაშაძის განმარტება.
გრიგოლ ვაშაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო 2017 წლიდან.