აშშ-მა სანქციები დაუწესა ნატოელ მოკავშირეს, თურქეთს, რუსეთის წარმოების ანტისარაკეტო სისტემის შეძენის გამო, იმ ფონზე, როცა კავშირები ისედაც დაძაბულია ვაშინგტონსა და ანკარას შორის.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 დეკემბერს გამოაცხადა სანქციები, რომლებიც დაუწესდა თურქეთის თავდაცვის განვითარების მნიშვნელოვან უწყებას, თავდაცვის ინდუსტრიების ხელმძღვანელობას (SSB), მის მიერ ხმელეთი-ჰაერის S-400 ტიპის სისტემის შეძენისთვის „როსობორონექსპორტისგან“, რუსეთის იარაღის ექსპორტის მთავარი კომპანიისგან. სანქციები მოიცავს აკრძალვას აშშ-ის ექსპორტის ყველა ლიცენზიაზე თავდაცვის ინდუსტრიისთვის, ისევე, როგორც ქონების გაყინვას მისი პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ორი თანამშრომლისთვის.
ვაშინგტონი ცდილობდა, ანკარას შეეცვალა რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის და განთავსების გადაწყვეტილება და აცხადებდა, რომ ეს საფრთხეს შეუქმნიდა როგორც აშშ-ის სამხედრო ტექნოლოგიებს და მუშაკებს, ისე თურქეთისას. მას შემდეგ, რაც თურქეთმა მაინც მიიღო შესყიდვის გადაწყვეტილება, აშშ-მა მას შეუწყვიტა მონაწილეობა F-35 თავდამსხმელი მფრინავის ერთობლივ პროგრამაში, თუმცა პარალელურად აგრძელებდა მოლაპარაკებებს ანკარასთან.
"დღევანდელი ნაბიჯი მკაფიო სიგნალია, რომ აშშ... არ მოითმენს რუსეთის თავდაცვის და სადაზვერვო სექტორებთან მნიშვნელოვან ტრანზაქციებს", - ამბობს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებაში.
აშშ-ის ნაბიჯი სწრაფად დაგმეს თურქეთმა და რუსეთმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მოუწოდებს, "გადასინჯოს ეს უსამართლო გადაწყვეტილება".