ულტიმატუმი სახელმწიფოს, „გადაარჩინოს კლუბები“

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, თბილისის მსოფლიოში ცნობილმა კლუბებმა, საკუთარი ინიციატივით, დახურეს კარები და შეწყვიტეს მუშაობა. 10 თვის თავზე, როცა პანდემიას დასასრული ჯერ ისევ არ უჩანს, ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლები გადარჩენის საკუთარ გეგმას სთავაზობენ ხელისუფლებას და მოითხოვენ დახმარებას.

ნაჯა ორაშვილი

„ეს ერთადერთი სექტორია, რომელმაც ქვეყანას მოუტანა უზარმაზარი წარმატება და გლობალური მასშტაბით გახადა აღიარებული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნაჯა ორაშვილი, კლუბ BASSIANI-ის თანამფლობელი და განაგრძობს: „ამ სფეროს გაქრობა არ უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესებში“.

11 მარტი, 2020 ცხადდება კორონავირუსის პანდემია;
12 მარტი, 2020 საქართველოში იხურება ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეები, ბარები და კლუბები, როგორებიცაა ხიდი, მტკვარზე, ბასიანი;
21 მარტი, 2020 საქართველოში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, იკრძალება 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, იზღუდება მოგზაურობა, იხურება სკოლები, უნივერსიტეტები, კომერციული ობიექტები;
25 მაისი, 2020 სრულდება 2-თვიანი საგანგებო მდგომარეობა;
10 სექტემბერი, 2020 იკრძალება ღია ცის ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის;
9 ნოემბერი, 2020 წესდება ახალი შეზღუდვები, მათ შორის, ღამის საათებში გადაადგილებაზე.


საქართველოში, სფეროს წარმომადგენლებს, აღრიცხული აქვთ ელექტრონული მუსიკის 100-მდე სივრცე, რომელთაც, ძირითადად, საერთო გამოწვევები აქვთ - თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა და მათი შენარჩუნება, საბანკო ვალდებულებები, დაზღვევისა და კომუნალური გადასახადები. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების პროცესი, მოულოდნელი ეკონომიკური შეზღუდვები და ინსტრუქციების ხშირი ცვლილება, სფეროს წარმომადგენლების მტკიცებით, მათ საქმიანობის სწორად დაგეგმვის საშუალებას არ აძლევს.

„ხიდის“ მესაკუთრე, თამუნა აქსანდერი ამბობს, რომ 10 თვეა კლუბს საკუთარი ხარჯებით ინახავს, თუმცა არ იცის, მიმდინარე თვეში როგორ შეძლებს, დაფაროს დახურული კლუბის შესანარჩუნებლად აუცილებელი თანხა.

თამუნა აქსანდერი

„ახლა დაახლოებით 6 ათასი ლარი გვიჯდება თვეში, რომ იყოს დახურულ მდგომარეობაში. ვუხდით ხელფასს მხოლოდ რამდენიმე ადამიანს და ისიც მიზერულს. გვაქვს ფიქსირებული კომუნალურები, დაცვის თანხა, დაზღვევა, კრედიტები. 10 თვეში კი, ხვდებით, რამხელა თანხა შეგროვდებოდა, როცა არანაირი შემოსავალი არ გაქვს“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

ეს სფერო მიტოვებულია სახელმწიფოსგან“, - ამბობს ნაჯა ორაშვილი. მისი თქმით, „ბასიანს“ საკმაოდ დიდი საიჯარო ვალდებულებები აქვს, ახლა კი კლუბი და მისი დამფუძნებლები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ორაშვილის თქმით, კრიზისის ფონზე, სფეროს ტოვებენ შემოქმედი ადამიანები და მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფები.

„ჩვენ ვითხოვთ იმ თანხას, რომლითაც სახელმწიფო ერთ ფესტივალს აფინანსებდა ხოლმე ზაფხულის პერიოდში“, - ამბობს ორაშვილი.

ასოციაცია „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობამ“ თავად დაითვალა საჭიროებები, ჩაატარა სამუშაოები, რომლებიც, მათივე თქმით, მთავრობას უნდა ჩაეტარებინა და ხელისუფლებას შესთავაზა შემდეგი 6 თვის განმავლობაში ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის ფინანსური დახმარების პაკეტი.

ასოციაცია „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის“ წარმომადგენლები.

„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორს მიეცეს მთავრობის მიერ ინიცირებული ანტიკრიზისული პროგრამით სარგებლობის უფლება და სექტორის გადასარჩენად შეიქმნას გადაუდებელი ფინანსური დახმარების ფონდი“, - აცხადებენ ასოციაციის წევრები და ოთხ მოთხოვნას აყენებენ:

  1. 55-მდე ბიზნესერთეულისთვის იჯარის სრულად ან ნაწილობრივ სუბსიდირება;
  2. იურიდიული პირებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება, კონსერვაციის რეჟიმში ზედა ზღვრის გათვალისწინებით;
  3. ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორში დასაქმებული პირების, მათ შორის, 500-ზე მეტი შემოქმედი ადამიანის და ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პაკეტით სარგებლობა;
  4. ეპიდემიოლოგიური რისკისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კულტურისა და რეკრეაციული სივრცეების უსაფრთხო ამუშავებისთვის მათი 10 000-ზე მეტი სწრაფი ტესტით უზრუნველყოფა.

ასოციაციის აზრით, ასევე, 2021-2022 წლებში, მუსიკალურ და კულტურულ ღონისძიებებზე გაყიდული ბილეთების ფასზე დღგ 18%-დან 5%-მდე უნდა შემცირდეს.

სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

„ნახავთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება, რესურსი შეზღუდულია - ყველა ინდუსტრიას უჭირს. აქედან გამომდინარე, ყველაზე პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხები უნდა გამოიკვეთოს“, - აცხადებს თურნავა.

ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, საკლუბო სცენას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სექტორს, დახმარება გაუწიოს.

„ნებისმიერი სტრუქტურა გამოგვეხმაუროს, მყისიერი ნაბიჯები გადადგან უახლოეს მომავალში. განიხილება რადიკალური ზომებიც [აქციები, აგიტაცია]“, - აცხადებს ნაჯა ორაშვილი.