„ლელო“: ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილებოდა

მამუკა ხაზარაძე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს, - ამ შინაარსის ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს. ამავე შეხვედრის შესახებ თავად მამუკა ხაზარაძე მანამდე მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ფასილიტატორ ელჩებთან ინდივიდუალური საუბრის თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ ყოფილა.

„ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ შეხვედრა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შეეხებოდა და საუბარი იყო ასევე „ლელოს“ გეგმებზე:

„ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს“ პოზიცია არის მყარი, „ლელოს“ პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში. ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მსხვრევადია, ასევე აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს პოზიცია ძალიან ცხადად და მყარად დავაფიქსირეთ”, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს:

„ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, სიების ჩახსნიდან, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმამდე, არის ძალიან მოკლე და ძალიან ვიწრო. ეს არის მოლაპარაკების ბოლო შანსი. აქვე ვუთხარით, რომ თუ შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, „ლელო“ გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი აქ არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ელჩებმა იციან, რომ არჩევნები გაყალბდა:

„მათ იციან, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენ გვაქვს მკვეთრი პოზიცია, რატომ არ შევდივართ პარლამენტში. არ დავუშვებთ “შემოგვასაღონ” ის განცხადებები, რომ თურმე ყველაფერი კანონიერი იყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩვენ ხელში გვიჭირავს სერიოზული ფაქტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ხმები გაყალბებულია”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღეს, 14 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდა და მასში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც მონაწილეობდა.

11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას, არჩევნების შედეგების გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად, ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. პარლამენტის შეკრებამდე, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებების პროცესი. მოლაპარაკებებზე ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და რეფორმირებას ასახელებდა. ზემოჩამოთვლილი საკითხებიდან მმართველი პარტია მხოლოდ ერთზე, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობს.