სერგი კაპანაძე: რაც უფრო დრო გავა, მით უფრო აქტუალური გახდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა

სერგი კაპანაძე.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, 11 დეკემბრის შემდეგ ვადამდელი არჩევნების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ახლა კითხვა დგას იმგვარად, რამდენი ხანი უნდა იყოს ერთპარტიული პარლამენტი.

„ასე დგას კითხვა და ამაზე, მე მგონი, ნორმალური ადამიანის პასუხი არ შეიძლება იყოს, რომ ერთპარტიული პარლამენტი იყოს 4 წელი, ან თუნდაც 1 წელი, ან თუნდაც რამდენიმე თვე. ყოველი დღე ერთპარტიული მუშაობისა არის დარტყმა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, არის დარტყმა დემოკრატიაზე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი დემოკრატიული განვითარების ვექტორზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე. ეს კარგად უნდა ესმოდეს „ქართულ ოცნებას“, მათ შეიყვანეს ამ კრიზისში ეს ქვეყანა არჩევნების გაყალბების შედეგად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. მან „დილის საუბრებში“ აღნიშნა, რომ აპირებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას მანამ, სანამ ამას აზრი ექნება, შემდეგ კი პროცესები ჩვეულ რიტმში გაგრძელდება.

„შემდეგ ვაპირებთ, რომ ჩვეულებრივად ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა გავაგრძელოთ ისე, როგორც აქამდე იყო. უბრალოდ, პარლამენტის ტრიბუნას არ გამოვიყენებთ და ეს დიდი არაფერი დანაკარგია იმ ვითარებაში, რომელშიც პარლამენტი ჩააგდო ამ ხელისუფლებამ. და სხვა გზებით, როგორც ქუჩიდან, ისე სხვა აქტივობებით, ვეცდებით, რომ საზოგადოების პოლიტიკური დღის წესრიგი, საზოგადოებისთვის მთავარი საკითხები იყოს წამოწეული წინ“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას, არჩევნების შედეგების გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად, ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. პარლამენტის შეკრებამდე, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებების პროცესი. მოლაპარაკებებზე ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და რეფორმირებას ასახელებდა. ზემოჩამოთვლილი საკითხებიდან მმართველი პარტია მხოლოდ ერთზე, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობს.