2020: არშემდგარი წელი

2020 წელი კაცობრიობას დიდხანს ემახსოვრება კორონავირუსისა და მისი მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. მაგრამ ამ წელს არ დაივიწყებენ იმ მოვლენებისთვისაც, რომლებიც ჩაიშალა ან გადაიდო პანდემიის პირობებში.

2020 წლის დამდეგს გავრცელებულმა ცნობამ, რომ რუსეთი სახელმწიფოს ხელშეწყობით მოქმედი დოპინგის გამო არ დაიშვება მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე, გააჩინა ეჭვები, მისცემენ თუ არა რუსეთს ზაფხულისთვის დაგეგმილი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას.

მაგრამ იმ დროისთვის, როცა ოლიმპიური თამაშები და Euro2020-ის ტურნირი უნდა დაწყებულიყო, ეს პოლემიკა კორონავირუსის პანდემიის ნისლში ჩაიკარგა. არა მხოლოდ ყველა გუნდი და სპორტსმენი გამოეთიშა ამ ორ შეჯიბრებას, მთელ მსოფლიოში აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები, ხოლო მაყურებლები და მონაწილეები შინ გამოკეტილი აღმოჩნდნენ.

მთავრობების მიერ შემოღებულმა აკრძალვებმა დომინოს ეფექტი იქონია ყველაზე რუტინულ და ჩვეულებრივ მოვლენებზეც კი.

ახალი წლის წინ ჩინეთის მიერ ეპიდემიის გამოცხადება სამუშაო ადგილების, ტრიბუნების, პლაჟების, სკოლებისა და რელიგიური თავშეყრის ადგილებისთვისაც კი იყო იმის მომასწავებელი, რომ დგებოდა წელი, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

კოლექტიური ინფექცია

კაცობრიობის არსებობის გარიჟრაჟიდან ადამიანი ხალხში, ჯგუფში პოულობდა საერთო იდენტობის გრძნობას. როგორც სოციოლოგმა ემილ დიურკჰაიმმა განსაზღვრა ეს ფენომენი ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, მასობრივი თავშეყრა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორ საკრალური რიტუალი, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევს, „კოლექტიურ აგზნებაში“ გაერთიანდნენ ჯგუფში და ამით დაიკმაყოფილონ მიკუთვნებულობის მოთხოვნილება.

სამწუხაროდ, უშუალო ფიზიკურმა სიახლოვემ შეიძლება დაავადების გავრცელებას შეუწყოს ხელი თავად ამ თავშეყრის ფარგლებს გარეთაც.

„ხალხი შეიძლება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდეს, შეერიოს ბრბოში, ერთმანეთს გადასდოს ინფექციები და შემდეგ შინ წაიღოს ისინი,“ წერდნენ ფსიქოლოგები ნიკ ჰოპკინსი და სტივენ რეიჩერი 2016 წელს, როცა ისინი მასობრივი თავშეყრების სამედიცინო ასპექტებს ეხებოდნენ.

ისეთი ძლიერ გადამდები ინფექციის შემთხვევაში, როგორიცაა ახალი ტიპის კორონავირუსი, რომელიც ჰაერით გადადის, მრავალმა მთავრობამ, ჯანდაცვის მუშაკმა თუ ღონისძიებების ორგანიზატორმა დაასკვნა, რომ საჭირო იყო აკრძალულიყო მასობრივი თავშეყრები, რაც უნდა წმიდათაწმიდა იყოს ისინი.

11 მარტს, როცა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 115 ათასს გადააჭარბა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ღრმა შეშფოთება გამოხატა „გავრცელების მასშტაბისა და სიმძიმის საგანგაშო დონეების, ასევე უმოქმედობის საგანგაშო დონის გამო“ და პანდემია გამოაცხადა.

იმავე დღეს აშშ-ის კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ (NBA) - მსოფლიოში კალათბურთის ყველაზე მნიშვნელოვანმა ლიგამ, რომელიც მთელი მსოფლიოს ათლეტებს იზიდავს - გამოაცხადა, რომ ყველა თამაშს აუქმებს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდგინდა.

14 მარტს დროებით გააუქმეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო ლიგის, ინგლისის პრემიერ ლიგის თამაშები. 17 მარტს რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ქვეყანაში ყველა მატჩი გააუქმა.

ამის შემდეგ უძველესი სპორტული შეჯიბრების ჯერი მოვიდა. მარტის ბოლოს გამოაცხადეს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 12 თვით გადაიდო „რათა ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნათ ათლეტებს, ყველას, ვინც დაკავშირებულია ოლიმპიურ თამაშებთან, და საერთაშორისო თანამეგობრობას.“

1 აპრილისთვის ინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა 172 ქვეყანასა და ექვს კონტინეტზე. გარდაიცვალა 50 ათასზე მეტი ადამიანი. აშშ-მა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებით ჩინეთს გაუსწრო.

აპრილში ასევე ცნობილი გახდა, რომ პანდემიამ საფრთხე შეუქმნა ისლამური სამყაროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ჰაჯს. საუდის არაბეთმა მსოფლიოს მუსლიმებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ წმიდა სალოცავებში მოგზაურობისგან.

ხოლო ივნისში საუდის არაბეთმა, სადაც ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმძიმესი ვითარება შეიქმნა, გამოაცხადა, რომ კრძალავს მომლოცველთა ყოველწლიურ მოგზაურობას მექასა და მედინაში და მომლოცველთა რაოდენობა, რომელიც ჩვეულებრივ 2 მილიონს აღწევს, ათასამდე შეამცირა.

შინ ყოფნის სიტკბო

2020 წელს აკრძალული მასობრივი ღონისძიებების სია ძალზე გრძელია და ის საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.

წელს ვეღარ ნახავდით მთვრალი ტურისტების თავშეყრას ჩრდილოეთ ესპანეთში, სან-ფერმინში, სადაც აღარ ჩატარებულა ტრადიციული ფესტივალი ხარებით. ასევე ჩაიშალა მიუნხენის Oktoberfest-ი - ლუდის ყოველწლიური ფესტივალი-ღრეობა.

არ ჩატარდა კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატი და ვესტინდოეთის გუნდს ჩემპიონის ტიტულის დაცვა მომავალი წლის შემოდგომაზე ინდოეთში მოუწევს ავსტრალიის ნაცვლად.

წელს ირანელები ძირითადად შინ გამოკეტილები, კარანტინში შეხვდნენ ნავროზობას, სპარსული კალენდრით ახალი წლის დაწყებას.

ზოგ ქვეყანაში გაუქმდა ქალთა საერთაშორისო დღე.

გაუქმდა ევროვიზიის კონკურსი, გაუქმდა Rolling Stones-ის, ელტონ ჯონისა და ჯასტინ ბიბერის ტურნეები.

ტურიზმს რაც შეეხება, 2020 წელი აღინიშნა საერთაშორისო რეისების დაუსრულებელი გადადებით, ცარიელი პლაჟებით და ჟრუანტელის მომგვრელი უპრეცედენტო სიწყნარით ქალაქების ცენტრში.

არ ჩატარდა მრავალი მარათონი, რომლებიც პერიოდულად ავსებს ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებს.

არ შედგა გეი-პრაიდის აღლუმები, უმეტეს შემთხვევაში იგივე ითქმის სამხედრო აღლუმებზეც. წელს რამდენიმე ქვეყანაში გაუქმდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნა, ზოგან კი - მაგალითად, რუსეთში - ის გადაიდო და სხვა დროს ჩატარდა - პირველად ათწლეულების შემდეგ.

ცოტა რამ დარჩა აღსანიშნავი

წელს არ შედგა მთელი რიგი პრესტიჟული ღონისძიებები, მათ შორის ბრიტანეთის ღია ჩემპიონატი გოლფში; უიმბლდონის ტურნირი ჩოგბურთში და პარიზის საავიაციო შოუ, რომელიც 2021 წლის დამდეგს გაიმართება.

პანდემიამ დიპლომატიის პარალიზებაც გამოიწვია. სერიოზული წინაღობები შეექმნა ავღანეთის სამშვიდობო პროცესს; რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააუქმა ბალკანეთის ტურნე; ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა კი უარი თქვა ესტონეთში ვიზიტზე, სადაც საინვესტიციო ფორუმში უნდა მიეღო მონაწილეობა.

რუსეთში ეკონომიკის სფეროს ყველაზე დიდი მოვლენა - სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი - გაუქმდა, რათა საფრთხე არ შექმნოდათ რუსეთის მოქალაქეებსა და ფორუმის უცხოელ მონაწილეებს.

რეალურად თუ ვირტუალურად?

წელს უამრავი პროგნოზი გამოითქვა იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს პანდემია ადამიანის ფსიქიკაზე. პანდემიის სტატისტიკის ზრდასთან ერთად იცვლებოდა ამ პროგნოზების ხასიათი. მაგრამ რაც უცვლელი და აშკარაა, არის დანაკარგის განცდა - ვკარგავთ ადამიანებს და ვკარგავთ გამოცდილებებს.

ამჟამად მსოფლიოში ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 71 მილონს აღემატება, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 1,6 მილიონს გადააჭარბა. ერთად ზეიმის შეუძლებლობამ სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებში გააჩინა დიდი სიცარიელე და მიზნისა და თვითშეგნების დეფიციტი.

„ეს ღონისძიებები სოციალური კავშირების დამყარების საშუალებას იძლევა იმ ადამიანების ჯგუფთან, რომლებსაც საერთო მიზნები, საერთო ღირებულებები და საერთო ინტერესები აქვთ,“ ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ვენ ბეიველი. „მე ვფიქრობ, ზოგი რამის კომპენსაცია შეგვიძლია ონლაინ ღონისძიებების საშუალებით, მაგრამ ძალზე ძნელია იმ მოთხოვნილებების შეცვლა, რომელთა დაკმაყოფილება მასობრივი თავყრილობებით ხდება.“

ვენ ბეიველი წამყვანი ავტორია გამოკვლევისა, რომელშიც 35-ზე მეტმა მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა და რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის მოქმედების შესაბამისობაში მოყვანას ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების რეკომენდაციებთან.

აპრილში გამოქვეყნებულ გამოკვლევაში განხილულია პანდემიის პერიოდისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი საკითხები: შიში, დაძლევა, სოციალური და კულტურული გავლენები ქცევაზე, გაერთიანებული ძალისხმევისთვის შექმნილი ბარიერები, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური პოლარიზაცია, და სხვ.

შობა-ახალი წელი

წლის ბოლოს სხვადასხვა ვაქცინის გამოჩენამ იმედები წარმოშვა. მაგრამ მაშინ, როცა მსოფლიო მოუთმენლად ელის, როდის აღნიშნავს ამ ძალზე რთული წლის დამთავრებას, ჩნდება ხალი შიშები, რომ განვითარებადი ქვეყნები ვაქცინის რიგში სულ ბოლოს აღმოჩნდებიან.

მართალია, ზოგი ღონისძიების ჩატარება მაინც ხერხდება, - დამსწრეთა გარეშე ან სოციალური დისტანციის დაცვით, - მაგრამ ზოგადად მაინც ძნელია სადღესასწაულო პერიოდის დადგომაზე ლაპარაკი.

მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად იზღუდება შობისა და ახალი წლის საზეიმო ღონისძიებები, ზოგან კი - მაგალითად, მოსკოვსა თუ ბუდაპეშტში - საერთოდ უარს ამბობენ მათზე.

გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა

ცხადია, ყოველივე ზემოთქმული ეხება საქართველოსაც, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღისთვის თავის წარმატებით გართმევის შემდეგ ზაფხულის დამდეგს - ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად - გაჩნდა იმედები, რომ ცხოვრება კვლავ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდებოდა. მაგრამ მეორე ტალღის მასშტაბებმა და სიმწვავემ ეს იმედი გააქარწყლა. ხალხს კვლავ უწევს ცხოვრების გაგრძელება იზოლაციისა და ყოველდღიური ყოფის მკაცრი რეგულირების პირობებში. კვლავ დაისადგურა კარჩაკეტილობის პერიოდმა; ისევ დაბრუნდა რეფლექსიების, საკუთარ თავთან მარტო ყოფნის, განუხორციელებელი გეგმებისა და აუსრულებელი ოცნებების ამარა დარჩენის დრო.

რაც შეეხება მნიშვნელოვან მასობრივ ღონისძიებებს, რომლებიც დააზარალა პანდემიამ 2020 წელს, საქართველო ამ მხრივ შედარებით იოლად გამოვიდა, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც მსოფლიო მასშტაბის ფორუმები ჩაიშალა. რაც მთავარია, შედგა წლის მთავარი მოვლენა - საპარლამენტო არჩევნები. თუმცა 31 ოქტომბრამდეც და მის შემდეგაც ხშირად გაიგებდით აზრს, რომ ჯობდა, ის არ ჩაეტარებინათ - არა იმდენად სანიტარული უსაფრთხოების მოსაზრებებით, რამდენადაც პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც თან სდევდა ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას მთელი წლის განმავლობაში და რომელიც მისი ჩატარების შემდეგაც არ დასრულებულა.

საპარლამენტო არჩევნების ბედი არ ერგო მრავალ მასობრივ ღონისძიებას, რომელიც ან გადაიდო, ან გაუქმდა.

მაისში საქართველოს უნდა ემასპინძლა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომისთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას. მაგრამ მინისტერიალის თბილისში ჩატარებამ საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია სერგეი ლავროვის მეთაურობით რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი სტუმრობის გამო.

მოგვიანებით გადაწყდა, რომ სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდებოდა, თუმცა ამის მიზეზი არ ყოფილა პანდემია. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფორუმს მისამართი შეეცვალა იმის გამო, რომ ქვეყანაში თავიდან იქნეს აცილებული პოლიტიკური დესტაბილიზაცია. მაგრამ შემდგომში - ამჯერად უკვე პანდემიის გამო - გადაწყდა, რომ სხდომა არც სტრასბურგში ჩატარდებოდა.

თუკი თბილისში ლავროვის სტუმრობის ჩაშლა ბევრს არ ჩასწყვეტდა გულს, ამას ვერ ვიტყვით ზოგიერთ სხვა მოვლენაზე, რომლებისთვისაც საქართველოს უნდა ემასპინძლა 2020 წელს.

სპორტში ეს იყო 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, რომლისთვისაც საქართველოს უნდა ემასპინძლა, და თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობაში - ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას მემორიალი.

არანაკლებ გააწბილა გასულმა წელმა კინოს მოყვარულები. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF), რომელიც ზაფხულში უნდა გამართულიყო, პანდემიის გამო გადაიდო. მაგრამ, დიდი იმედების მიუხედავად, ის ვერც ახალ ვადებში ჩატარდა. საბოლოოდ ფესტივალი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ისევე, როგორც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი.

ახალი წლის მოახლოებისას, როგორც წესი, იმაზე ფიქრობენ და იმედოვნებენ, რომ შემდეგი წელი წინაზე უკეთესი იყოს. 2020 წლის ბოლოს მით უმეტეს გასაგებია ასეთი განწყობა. მაგრამ, როგორც მედიცინის სპეციალისტები გვეუბნებიან, COVID-19-თან დაკავშირებით ნაჩქარევად არ უნდა მივეცეთ ოპტიმიზმს, ვინაიდან პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა. ამიტომ 2021 წელსაც მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება ვერ ჩატარდეს ყველა პოლიტიკური, სპორტული, კულტურული თუ სხვა ღონისძიება. მომავალ წელსაც შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული შეზღუდვების პირობებში ცხოვრება და იმაში კიდევ ერთხელ დარწმუნება, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის - „საზოგადოებრივი ცხოველისთვის“ - თავისნაირების გარემოცვაში ყოფნა.