თამარ ჟვანია: დადასტურდა, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია. იმედია, ცესკოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები მყარად ადასტურებს - არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია. „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში თამარ ჟვანია წერს, იმედია, ყველა, ვინც დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება. ხოლო ისინი, ვინც პირდაპირ გვემუქრებოდნენ, შესაბამის პასუხს მიიღებენო.

„არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, „ბულინგი“ და მუქარა რაც ცესკოს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა. დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას“, - აცხადებს თამარ ჟვანია.

11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა. ISFED-ის პარალელური დათვლით „ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ ის 47.6% გახდა. სხვაობა 1.8%-ს შეადგენს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი 12 დეკემბერს თქვა, რომ პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტების შემდეგ, „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები დაემთხვა ცესკოსას და „ამან კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა“.