ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ISFED-ის დასკვნა, ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას

„როდესაც ISFED-ი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე“, - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ განცხადებას ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე შეასწორა, რის შემდეგაც მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა 45.8% -დან იყო 47.6%-მდე.


ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განცხადა, რომ მთელმა ოპოზიციამ უნდა მოიხადოს ბოდიში, ვინაიდან "სამართლიანი არჩევნების" განცხადება ცხადს ხდის, რომ ოპოზიციის მთავარი ბრალდება, თითქოს არჩევნები გაყალბდა, უსაფუძვლოა.

„ბოდიშის რა მოგახსენოთ, ამაოდ ელოდება ბატონი თალაკვაძე, მაგრამ მე ველოდები მოლაპარაკების გაგრძელებას ელჩების ფორმატში,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრის დროს.