ISFED ხმის პარალელური დათვლის სისტემაზე - ხარვეზი გამოვლინდა გამოსათვლელ ფორმულაში

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები", რომელიც წლებია აკვირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და აკეთებს ხმის პარალელურ დათვლას, განცხადებას ავრცელებს მასთან დაკავშირებულ პროცესზე და განმარტავს რომ შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ის პარალელური დათვლით “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%-ია. სხვაობა 1.8%-ს შეადგენს.

განცხადების ფონია"ფორმულას" გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" ზეწოლის მოხდენას ცდილობდა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რასაც "სამართლიან არჩევნებში" არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ნამდვილად იყო შეხვედრა "ქართული ოცნების" წევრებსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა დღეს ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა ასეთი შეხვედრის ფაქტი და მისი მიზანი ასე ახსნა: "ჩვენ გაგვიჩნდა ლეგიტიმური ეჭვი და მეთოლოგია გავარჩიეთ მათთან ერთად."

სამართლიანი არჩევნები კვლავ ამბობს, რომ "მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში."

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, პარალელური ხმის დათვლის შედეგებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მონაცემებს შორის სხვაობის მაქსიმალური გავლენა 4%-იანი სხვაობა იქნებოდა საბოლოო შედეგებზე.

ISFED-ის მიერ ჩატარებულ ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ" პარალელური დათვლის შედეგების “უხეში მანიპულაცია“ მოახდინა და ამას რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად მოიაზრებენ. ამ დღესვე ითქვა ის, რომ შეიქმნებოდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც 1 დღეში დაადგენდა, რომ წინასწარი შედეგები სრულ თანხვედრაშია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებთან.

"საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება. რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედ ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად ეს სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა. ეს დივერსიული აქტი მათ ანტიდასავლურ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამავე ბრიფინგზე ითქვა, რომ თუ ოფიციალურ შედეგებთან თუნდაც 1%-იანი სხვაობა აღმოჩნდება მმართველი გუნდის სასარგებლოდ, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამავე თემაზე: "ქართული ოცნება" "ISFED"-ს ხმის პარალელური დათვლის შედეგების შესახებ ინფორმაციას სთხოვდა