თამი, ამარილისი, ჩინარა და სხვები - შვიდი ამბავი იძულებით ქორწინებაზე

ბავშვობის ასაკში ქორწინება ხდება ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა, ყველა კულტურასა და რელიგიაში. UNFPA- თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, 18 წლამდე ასაკის ყოველი ხუთი გოგოდან ერთი იმყოფება ქორწინებასა და საოჯახო ურთიერთობაში“,- ასეთი შესავლით იწყებს ამბების თხრობას იურისტი და ექსპერტი ადამიანის უფლებებში გოგა ხატიაშვილი წიგნში, რომელიც ორგანიზაცია Equality Now-მ გამოსცა.

"გამბედაობა" - ასე ჰქვია ამ წიგნს და დიახ, დიდი გამბედაობა და ძალა სჭირდება იმას, რომ წინ აღუდგე სხვის დაწესებულ შენთვის მიუღებელ წესებს, გააპროტესტო ისინი და მერე ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი შეძლო.

გოგა ხატიაშვილმა იძულებით დაქორწინებული გოგონების შვიდი ამბავი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოაგროვა. ყველა ამ გოგომ,ვინც ერთხელ მაინც დადგა იძულებითი ქორწინების საფრთხის წინაშე ან იქცა მის მსხვერპლად, საბოლოოდ თავი მაინც გადაირჩინა.

თამი - ამბავი 1

თამი დმანისში იზრდებოდა. სწავლაზე და შემდეგ მუშაობაზე ოცნებობდა - მშობლები სწავლის წინააღმდეგენი არ იყვნენ, მაგრამ შვილს ბევრ რამეში ზღუდავდნენ. გოგონა ვერ დადიოდა ექსკურსიებზე კლასებთან ერთად, აკრძალული ჰქონდა სოციალური ქსელებით სარგებლობა.

ტელეფონი მხოლოდ 16 წლისას უყიდეს, როცა საქმრო შეურჩიეს და გადაწყვიტეს, რომ "იმ ბიჭთან შეეძლო ამ გზით კონტაქტი ჰქონოდა".

„ქალი უნდა გათხოვდეს და მას ქმარმა მიხედოს“, - მამისგან სულ ეს ესმოდა.

გადაწყვიტეს, რომ 16 წელი გასათხოვებლად შესაფერისი ასაკი იყო. სხვების მიერ შერჩეული ბიჭი არ უყვარდა. დედა კი ამბობდა, „მასთან ერთად იცხოვრებ, შეეჩვევი და შეგიყვარდებაო“.

ერთ საღამოს სტუმრები მოვიდნენ - ბიჭის ნათესავები. თხოვნით რომ ვერ დაითანხმეს, მუქარაზე გადავიდნენ. მამა ეუბნებოდა, რომ სასწავლებლად აღარ გაუშვებდა.

მეორე დღეს ბიჭის მშობლები მივიდნენ - ოჯახს საჩუქრები და ტკბილეული

მიუტანეს. სტუმრებთან შესახვედრად თამი მამამ სკოლიდან ადრე გამოიყვანა.

სოფელი კი უკვე ალაპარაკდა, რომ თამი გათხოვდა.

„დანიშნული ქალი უკვე მამაკაცის მეუღლედ და საკუთრებად მიიჩნევა“, - წერს გოგა ხატიაშვილი.

ქორწილი დროებით თამის მთავარი მოკავშირის, ბებიის გარდაცვალებამ გადადო, მაგრამ მხოლოდ დროებით. ერთ დღეს, დედის ტელეფონში მოსული შეტყობინება წაიკითხა - ბიჭის ოჯახი ხელის სათხოვნებლად დღე- დღეზე მოვიდოდა.

საქმროს მისწერა, არ მოხვიდე, შენზე დაქორწინება არ მინდაო. ამბავი გასკდა - თავის საშინლად ეჩხუბნენ და უთხრეს, რომ მისი ამბავი უმისოდ იყო გადაწყვეტილი.

სწორედ მაშინ მიიღო თამიმ თავის ცხოვრებაში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - სახლიდან წავიდა. საქმეში კი პოლიცია ჩართო.

დღეს გოგონა 17 წლისაა, ისევ თავშესაფარში ცხოვრობს, თან სწავლობს და თან საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მოხალისეა.

ამარილისი- ამბავი 2

13 წლისა იყო, როცა მათ ოჯახშიც მოვიდნენ ხელის მთხოვნელები. დედა იქით იხრებოდა, რომ ჯობდა ქალიშვილი გაეთხოვებინა, მამა მიიჩნევდა, რომ ამარილისს უნდა ესწავლა. იმ ჯერზე სტუმრები ადვილად მოიშორეს.

17 წლისამ 21 წლის ბიჭი გაიცნო, რომელმაც მალევე ჩამოაგდო სიტყვა ოჯახის შექმნაზე. ამარილისს სწავლა უნდოდა და ეს არც ბიჭისთვის დაუმალავს. უარმა ბიჭი გააბრაზა და დაემუქრა, მოგიტაცებ და ვერც სწავლას გააგრძელებო.

ერთ დღეს, როცა ამარილისი მასწავლებელთან მიდიოდა, გზაზე ბიჭი და მისი მეგობრები დახვდნენ, მანქანაში ჩატენეს და ბიჭის ნათესავის სოფელში წაიყვანეს.

გოგო მანქანიდან არ გადმოდიოდა და ყვიროდა. ბიჭი კი გაიძახოდა, ცოლი მოვიყვანეო. იქედან მალევე სხვა ადგილას წავიდნენ, ყურადღება რომ არ მიექციათ.

გოგოს მალვაში ოთხი სახლი გამოიცვალეს.

,,გვიან ღამით კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ოთახში პოლიციელები შემოვიდნენ.ოჯახის წევრებმა მათი მოტყუება სცადეს და უთხრეს, რომ მოტაცებული გოგო მათთან არ იმყოფებოდა.

- მე ვარ ამარილისი, - მოულოდნელად სიბნელიდან გაისმა გოგოს ხმა”, - მოგვითხრობს გოგა ხატიაშვილი.

ამარილისი მშობლებმა სახლში წაიყვანეს, ხოლო სამართალდამცველებმა ოთხივე გამტაცებელი დააკავეს. ყველა მათგანი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამარილისს კი რამდენიმე თვე დასჭირდა რეაბილიტაციისთვის.

ის ახლა 18 წლისაა.

ნარილატა - ამბავი 3

ნარილატამ თავიდანვე იცოდა, რომ დედამისი ყოველთვის ბიჭის ყოლაზე ოცნებობდა. როცა ძმა ეყოლა, სახლის საქმეებს უმცროსი ძმის მოვლაც დაემატა.

16 წლისას მზა ინსტრუქცია ჰქონდა:

„სამსახურიდან მოსვლის დროს ქმარს ფანჯარასთან უნდა დაელოდო. როგორც კი დაინახავ, მაშინვე საჭმლის გაცხელება უნდა დაიწყო. სანამ კიბეზე ამოვა და ხელებს დაიბანს, საჭმელი მაგიდაზე უნდა ედოს“.

ასე ზრდიდნენ.

დედა ნარილატას ხშირად სცემდა. მამამისი სხვა ქვეყანაში მუშაობდა და ძალადობის შემსწრე არ გამხდარა. ერთხელ შესჩივლა მამას ეს ამბავი და დედამ უარესად სცემა.

ერთ დღეს ნარილატას საქმრო გამოუჩნდა - თანასოფლელი ბიჭი შეძლებული ოჯახიდან.

„მადლობა თქვი, რომ ამ ბიჭს მოსწონხარ, მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, შენკენ არც გამოვიხედავდიო. ჩემზე ბედნიერი ქალი არ არსებობს, მთელ უბანში საუკეთესო ბიჭს ჩემი გოგო უყვარსო, ამბობდა სასურველი სასიძოს გამოჩენით გახარებული დედა“.

გოგონა ამ დროს 14 წლისა იყო.

ბოლომდე უწევდა დედას წინააღმდეგობას, რომ გათხოვება არ უნდოდა, პასუხად ისევ ცემას იღებდა. განაჩენი გამოტანილი იყო - ნარილატა „პატრონს“ უნდა ჩაბარებოდა.

15 წლისა მაინც დანიშნეს. პირველი ბრძანებებიც მაშინ დაიწყო - როცა საქმრომ გადაწტვიტა, რომ ნარილადა სკოლის ბანკეტზე არ უნდა წასულიყო. მაინც წავიდა. მერეც შეზღუდვებზე თუ დაიწუწუწნებდა, ეუბნებოდნენ, უყვარხარ და ეშინია სხვამ არ მოგიტაცოსო.

ხუთასკაციანი ქორწილი გადაიხადეს.

„დღეიდან მე ვარ შენი ბატონ-პატრონი“- უთხრა იმ ღამით ქმარმა ნარილატას.

„ახალგათხოვილ“ ქალს ერთი თვის განმავლობაში გარეთ გასვლა ეკრძალება, მისთვის ფანჯარაში დიდხანს დგომაც არ შეიძლება - ხალხი რას იტყვის, ახალი რძალია და ფანჯრიდან რატომ იყურებაო? გოგო სახლში მარტო რომ რჩებოდა, დას სთხოვდა, „ბარბი“ თოჯინები მიეტანა და ერთად ეთამაშათ. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას ისევ ბავშვობაში აბრუნებდა“, - წერს ავტორი.

შეზღუდვები და აკრძალვები გახშირდა. ძალადობამ იმატა:

„ყურის უკან უყვარდა დარტყმა, სახეშიც შეეძლო დაერტყა, მაგრამ მე კი არ მზოგავდა, უბრალოდ, სახეში რომ დაერტყა, გამისივდებოდა და ხალხი ნახავდა.“

მერე უშვილობაც მას დაბრალდა. სად არ ატარეს, რა წამლები არ ასვეს. პირველად სუიციდი ექვსი თვის ფეხმძიმემ სცადა. გადაარჩინეს. შვილი 21 წლისამ გააჩინა. ქორწინებიდან 5 წლისთავზე.

მერე ნარილატა ავად გახდა. წამლების ფული არ ჰქონდა, სანამ გადაადგილება ვეღარ შეძლო, მანამ ექიმი არ აღირსეს.

ერთ დღესაც ნარილატამა გადაწყვიტა, რომ ასეთი ცხოვრებისთის თავი უნდა დაეღწია და ისეთი ორგანიზაციების ძებნა დაიწყო, ვინც მას დაეხმარებოდა. ქმარს კი დაემუქრა,რომ პოლიციაში უჩივლებდა...

დღეს ნარილატა 35 წლისაა. მან ბოლოს მაინც შეძლო ოცწლიანი ძალადობისგან თვის დაღწევა.

კამელია- ამბავი 4

კამელიას ოჯახში არასოდეს საუბრობდნენ აუცილებელ დაქორწინებაზე. მითუმეტეს, ბავშვობის ასაკში. სწავლობდა, უნივერსიტეტში ჩააბარა და იქ ერთი ბიჭიც გაიცნო, რომელიც შეუყვარდა.

ნიშნობიდან რამდენიმე კვირაში კამელია მიხვდა, რომ იჩქარა და მისი საქმრო არ იყო ის ადამიანი, ვისთანაც ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება უნდოდა.

ქორწილის გადადება მოითხოვა - გაუქმება ვერ გაბედა. სახლში ეუბნებოდნენ, ქორწილის გაუქმება მხოლოდ მაშინ შემიძლია, თუ ბიჭმა შენზე ფიზიკურად იძალადაო, სხვა შემთხვევაში ქორწილს ვერ ჩავშლი, რადგან ამით ჩვენი ოჯახის რეპუტაცია შეილახებაო...

იძულებითი ქორწინებისგან თავის დასაღწევად კამელიამ პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც რამდენიმე კვირა თავშესაფარში გაატარა.

ქორწილი კი ჩაიშალა.

კამელია ახლა 25 წლისაა და გადაწყვეტილებას არ ნანობს. მისი ოჯახიც მიხვდა, რომ შვილზე ზეწოლა კარგს არაფერს მოუტანდათ.

კალათეა - ამბავი 5

მის ოჯახშიც თავიდანვე ასე იყო განსაზღვრული - მისი ძმა ისწავლიდა, კალათეა შინ დარჩებოდა. მერე გათხოვდებოდა და წავიდოდა.

15 წლისას სოფელში მთხოვნელები გამოუჩნდნენ. მამა თქვა, 18 წლამდე არაო. დედა სხვა აზრზე იყო მოსწონდა შეძლებული 29 წლის პოტენციური საქმრო.

კალათეას არავინ არაფერს ეკითხებოდა. მეხუთე მცდელობაზე, მამაც დაითანხმეს გოგოს გათხოვებაზე.

შეთანხმდნენ, რომ ქორწილი ორ წელში გაიმართებოდა, როცა გოგო 17 წლისა შესრულდებოდა.

„კალათეა იძულებული იყო, საქმროსთან ერთად სასეირნოდ ევლო - „მასზე ბევრი რამე არ ვიცოდი, არ ველაპარაკებოდი, მასთან ერთად როცა ვიყავი, წყალსაც კი არ ვსვამდი. მშობლების გამო მივდიოდი მასთან ერთად სასეირნოდ, რადგან ეს მათ უნდოდათ“, - მოგვითხრობს გოგა ხატიაშვილი.

ერთხელ ბიჭმა სეირნობის პირობით კალატეა თავისი დის სახლში წაიყვანა. ოთახში ჩაკეტა, ტელეფონი გამოართვა და გამოუცხადა, მოგიტაცეო. იქიდან სხვა ნათესავების სახლში წაიყვანეს. კალათეა დახმარებას ითხოვდა, მაგრამ თითქოს ყველა შეკრული იყო.

„შეიგნე, რომ სახლში ვეღარ დაბრუნდები, რომც არ მოგწონდე, უკვე ჩემი ცოლი ხარო, გაგაფუჭებ და მერე თუ გინდა წადიო - ემუქრებოდა ბიჭი, რომლის ნათქვამშიც დაქორწინების შემდეგ გოგოსთან დაშორება იგულისხმებოდა. ამით, ბიჭის აზრით, მისი სახელი და რეპუტაცია არ შეილახებოდა“.

მეორე დღეს მამასთან დარეკვის უფლება მისცეს. მინიშნებებით გააგებინა, რომ ძალით იყო წაყვანილი. მამა გამტაცებელს პოლიციაში დარეკვით დაემუქრა. და მერე როგორც ფილმებშია, გოგო ტუალეტში იკეტება, ჩუმად რეკავს და მამას ადგილსამყოფელს ატყობინებს. მერე პოლიცია მოდის...

თავშესაფარში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ გოგო მშობლებთან დაბრუნდა. მას ძალიან უნდა, რომ ბოლო მოტაცებული გოგო იყოს.

კესანე - ამბავი 6

ის 15 წლისა მოიტაცეს.

გოგო დააბრუნეს, მაგრამ რამდენიმე კვირაში იმ ბიჭს მაინც გაჰყვა ცოლად - „იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო, რადგან გოგოების უმრავლესობა საზოგადოებისა და ოჯახის წევრთა ზეწოლის გამო იძულებულია, ცოლად გაჰყვეს გამტაცებელს“.

9 თვის ორსული იყო, როცა ქმარმა პირველად სცემა.

ის, რაც მის ოჯახში ნორმად ითვლებოდა, ახლა კესანეს ახალ ოჯახშიც დამკვირდა.

კონტროლდებოდა ყველაფერი - მისი თმის სიგრძიდან დაწყებული, მაკიაჟის დოზებით და ყოველდღიური საქმიანობით, მისი ტელეფონით დამთავებული.

დაუჯერებლად კი ჟღერს, მაგრამ ქმარი კესანეს აივანზე სარეცხის გასაფენად გასვლასაც კი უკრძალავდა.

ასეთ ქორწინებაში სამი შვილი გაუჩნდა.

ძალადობა პირველად სოციალურმა მუშაკმა შეამჩნია, რომელსაც დასახმარებლად სულ სხვა მიზეზით მიმართა - პოლიციასაც მან დააკავშირა.

მეუღლე დააკავეს და დააპატიმრეს.

კესანე ახლა თავის შვილებთან ერთად ცხოვრობს და ძალიან უნდა სწავლის გაგრძელება. ამბობს, ვინმეს რომ ჩემი ყვირილი გაეგონა და პოლიცია გამოეძახებინა, არ გავჩუმდებოდი და აუცილებლდ ვილაპარაკებდიო.

ჩინარა - ამბავი 7

ჩინარა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ქოსალარში გაიზარდა. ის, რაც შეიძლებიდა მისი ძმებისთვის, აკრძალული იყო დებისთვის.

ცხრა კლასი დაამთავრა, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო - მშობლებმა უთხრეს, მგზავრობის თანხას ვერ მოგცემთო.

ერთ დღესაც, სკოლიდან დაბრუნებისას სახლში სტუმრები დახვდა. დედამ უთხრა, შენთან მოვიდნენ და მამაშენს დაელაპარაკებიანო.

ქორწილი ჩინარას თანხმობის გარეშე დაგეგმეს.

მშობლებს უნდოდათ, მათი შვილი შეძლებულ კაცს გაჰყოლოდა ცოლად - ეს კი კარგი ვარიანტი იყო - სასიძოს 600 სული საქონელი ჰყავდა.

ნიშნობა 2014 წლის მიწურულს, ჩინარას სახლში გაიმართა. 14 წლის გოგო პროტესტის ნიშნად შავებში გამოეწყო, რადგან მას არავინ უსმენდა.

ჩინარა საქმროსთან ერთად სეირნობას ერიდებოდა, მოტაცების ეშინოდა, მაგრამ ერთხელ მაინც გაჰყვა - მთის სანახავად. მაგრამ იქ დაიკარგა, საქმრო კი ჯერ დაემალა - შეაშინა. მერე უთხრა, თუ ჩემთან არ წამოხვალ აქ დაგტოვებო და უარის მერე მართლა დატოვა მთის ფერდობზე - ბოლოს გოგონა ნათესავებმა იპოვეს და შინ დააბრუნეს.

ჩინარას ქორწილი მაინც დანიშნეს - გოგონა მაშინ უკვე 17 წლის იყო.

„არავის არ უკითხავს, ქორწილის წინ რატომ ვტიროდი“ - ამბობს ჩინარა, რომელიც ქორწილის სამზადისში იძულებით იყო ჩართული. მაგრამ ერთხელ, ქორწილამდე, ჩინარამ მეჩეთში გაცნობილ ჟურნალისტს მისწერა და უთხრა, რომ ოჯახი იძულებით „ათხოვებდა.“ მან დასახმარებლად სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. საქმე პოლიციამდე მივიდა.

გამოძიების დაწყებიდან მალევე მამა დააკავეს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჩინარა სახლში აღარ დაბრუნდა.

„ეს ცხოვრება მირჩევნია, ეს არის ჩემი ბედნიერება“, - ამბობს ის.

გოგა ხატიაშვილი თავისი წიგნის ბოლოში წერს, რომ ჩინარამ თავის დასაცავად ყველაზე ძლიერი იარაღი - ლაპარაკი გამოიყენა:

„ის გახდა ერთ-ერთი პირველი გოგო, რომელიც საკუთარ ოჯახსა და თემს დაუპირისპირდა. ამით მან მაგალითი მისცა ძალიან ბევრ ახალგაზრდა ქალს, რის შემდგომაც ბევრი გოგო ალაპარაკდა იძულებით და ადრეულ ქორწინებაზე“.