სამნიძე და კორძაია მანდატზე უარით პარლამენტს მიმართავენ ოპოზიციის და "ქართული ოცნების" მოლაპარაკების დასრულების შემდეგ

საქართველოს პარლამენტის წევრებად არჩეული რესპუბლიკელები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია საპარლამენტო მანდატებზე უარით პარლამენტს მიმართავენ ოპოზიციის და „ქართული ოცნების: მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა. ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ“.

სამნიძის და კორძაიას განცხადებით, ითვალისწინებენ „ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოციაზე“ და აცნობიერებენ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის და ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად აგრძელებენ ამ პროცესის მხარდაჭერასაც.

12:00 საათზე, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ მემორანდუმს, პარტიული სიების განულების და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.