პროტესტის ნიშნად ცხინვალის ტელევიზია ჟურნალისტმა დატოვა

ჟურნალისტმა ალან თიბილოვმა, პროტესტის ნიშნად დატოვა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო ტელევიზია. მან ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თიბილოვის თქმით, მისთვის მიუღებელია იმ მედიაორგანიზაციაში მუშაობა, რომელიც ქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას არ აშუქებს.

„მინდა ვუპასუხო იმ კითხვას, რომელსაც მეგობრები და ნაცნობები ხშირად მისვამენ. რატომ არ არის რეპორტაჟი იმ მოედნიდან, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს? ჩემი პასუხია, რომ ეს არ არის სწორი, Რა თქმა უნდა, ჟურნალისტის ამოცანაა მოსახლეობის ინფორმირება და არა გაჩუმება ასეთ სიტუაციებში. მე არასოდეს მიმუშავია მოგებისთვის და ფულისთვის. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინა რესპუბლიკისთვის. სამწუხაროდ, რეპორტაჟის გადაღება ვერ მოვახერხე, თუმცა მსურდა. მე ბოდიშს ვუხდი ინალის დედას. ბავშვობაში ფეხბურთზე (ინალ ჯაბიევთან) ერთად დავდიოდი. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ამორალურია ამ ამბის დამალვა. დიახ, გუშინდელი დღიდან აღარ ვმუშაობ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „ირ"-ში. მადლობა ყველას, ვინც ჩემთან თანამშრომლობდა ადამიანური დამოკიდებულებისთვის", - წერს ალან თიბილოვი.

ერთი კვირაა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სამართალდამცავების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ცხინვალში მედიის დიდი ნაწილი ე.წ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბიბილოვის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ჟურნალისტები ამ აქციას არ აშუქებენ. ინალ თიბილოვი ე.წ სახელმწიფო ტელევიზიის პირველი ჟურნალისტია, ვინც ამის გამო პროტესტი გამოთქვა და სამსახურიდან წავიდა. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ამ დრომდე მოითხოვს ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. გასული კვრის ბოლოს, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით, ცხინვალის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქცია სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.