COVID19-ის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე დაიხარჯა - ამ მონაცემებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს და წერს, რომ შესყიდვების უმეტესობა გამარტივებული წესით განხორციელდა, ხოლო ხელშეკრულებების ნაწილი მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებთან გაფორმდა.
გამოკვლევა მოიცავს 21 მარტიდან 15 ნოემბრამდე პერიოდს. შესწავლილი დოკუმენტებიდან ირკვევა:
- 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
- ამავე პერიოდში, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
- ნოემბერში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით გამოეყო 35 მილიონი ლარი, რაც უკვე დახარჯულ თანხასთან ერთად ჯამში 100 მილიონ ლარს აჭარბებს. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, დამატებითი რესურსით უნდა გაგრძელდეს კოვიდ სასტუმროების მობილიზება.
- რაც შეეხება კლინიკებში საწოლების მობილიზებას, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.
- საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ 625,537 ლარი შეადგინა. მხოლოდ ნოემბერში კი დამატებით გაფორმდა 300,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მკვლევრები შესყიდვების მონიტორინგის პროცესში არაერთ ტექნიკურ პრობლემას წააწყდნენ:
- ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემები არ არსებობს ღია, ე.წ. დამუშავებად ფორმატში.
- Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების მხრივ ცალკე მოდულის არარსებობა იწვევს ამ შესყიდვების სისტემაში გაფანტვას და მათი შეგროვება და კოვიდ-შესყიდვად იდენტიფიცირება, ხშირ შემთხვევაში, რთულია.
- კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთი უწყების მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები საჯაროდ ხელმიუწვდომელია.
სასტუმროები - რომელი უწყებები ყიდულობენ მათ მომსახურებას და რატომ
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სასტუმროების მომსახურებისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. უწყებამ მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაში, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ჯამურად, 73 მილიონ 300 ათას ლარამდე ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულება შეათანხმა შესყიდვების სააგენტოსთან.
აქ აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ, ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სასტუმროებთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმებისას, მმართველი პარტიის შემომწირველ სასტუმროები დომინირებდნენ. სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. მათ შორის იყო, შპს „ალფა“, მათ „ქართული ოცნებისათვის“ 120 ათასი ლარი აქვს შეწირული. შპს. „მზიური“,მის დირექტორს შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული; პაატა კოკაიას კუთვნილმა ოთხმა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) ჯამში 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. ბიზნესმენმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.
IDFI-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, სასტუმროს მომსახურების ერთ-ერთი შემსყიდველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. შესყიდვები გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომაა შეთანხმებული. დასაბუთების ველში მითითებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტრომ შეისყიდა სასტუმროს მომსახურება, რათა მოეხდინა ვირუსის გავრცელების პრევენცია.
მკვლევრები წერენ, რომ არც დასაბუთებაში და არც მიბმულ განკარგულებებში, არ არის მითითებული, თუ რა სამიზნე ჯგუფის განთავსება უნდა მომხდარიყო აღნიშნულ სასტუმროებში და იყო თუ არა ეს შესყიდვები თავდაცვის ძალებზე გათვლილი. გარდა ამისა, მკვლევრებმა ვერც იმის დადგენა მოახერხეს თუ რომელ სასტუმროსთან ითანამშრომლა სამინისტრომ, რამდენი ადამიანი განათავსეს სასტუმროში და რამდენი ხნით. სამინისტრომ ჯამში 318 ათასი ლარის ღირებულების შესყიდვა განახორციელა.
ანალოგიური პრობლემა იკვეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაშიც, რომელიც ასევე არ აქვეყნებს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს.
IDFI-იმ ორივე უწყებას მიმართა და მოითხოვა შესაბამისი ხელშეკრულებების წარდგენა. თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული პასუხის თანახმად, ყველა ხელშეკრულება ატვირთულია ელექტრონულ სისტემაში, სასტუმროების დაქირავება მოხდა საერთაშორისო წვრთნებსა და მისიებში მონაწილე პირებისათვის საკარანტინე ზონების მოსაწყობად. ხოლო თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ხელშეკრულებები საჯაროდ არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი და გამოიყენა მათი “ჩაკეტვის” ფუნქცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, რის გამოც IDFI-იმ სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, IDFI გეგმავს დავის სასმართლოში გაგრძელებას.
კვება, სამედიცინო მოწყობილობები და მმართველი გუნდის შემომწირველი
სავალდებულო კარანტინში მყოფი პირების კვება, ტრანსპორტირება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ტურიზმის ადმინისტრაციას ევალება. როგორც IDFI-ის მკვლევრები წერენ, კომპანია „ფარნავაზის“ 51%-იანი წილის მფლობელი, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, გელოდი კობალაძეა. მან 2016 და 2018 წლებში, მმართველ პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს 60-60 ათასი ლარი შესწირა.
რაც შეეხება სამედიცინო მოწყობილობებს, ტურიზმის ადმინისტრაციამ სამედიცინო მოწყობილობების შესაძენად ჯამში 1.5 მლნ ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. აქედან მხოლოდ ერთი შესყიდვა განხორციელდა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც შპს “პრიმაქს ჯორჯიასთან” 348,500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. მილიონ ლარზე მეტი კი გამარტივებული წესით დაიხარჯა. 210,00 ლარამდე ხელშეკრულებები მიიღო შპს “სადეზინფექციო სამსახური სანიტარმა”, რომელიც 2020 წლის 2 მარტს არის რეგისტრირებული. 10,000 ლარზე მეტის ხელშეკრულება გაფორმდა შპს “Weekend”-თან, რომლის მფლობელიც, ბონდო გოლეთიანი მმართველი პარტიის შემომწირველია, მან სალომე ზურაბიშვილს 25 ათასი ლარი შესწირა.
„საწოლფონდის“ მობილიზებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებები
კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსგან, ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.
მხოლოდ ნოემბრის თვეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, თავისუფალი საწოლების ჯამური ღირებულება 23.5 მილიონ ლარამდეა. ხელშეკრულებებში, როგორც წესი, ჯამური სავარაუდო თანხებია მითითებული, თითო საწოლის დღიური ფასი 100-120 ლარს შორის მერყეობს.
ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იგივე კლინიკაში, სექტემბერში 1 საწოლის ფასი 100 ლარია, ხოლო ოქტომბრიდან წლის ბოლომდე პერიოდში უკვე 120 ლარამდე იზრდება.
IDFI-ის ანალიტიკოსი, მარიამ გოგიაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კვლევის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები, მათ შორის კი გამარტივებული წესით შესყიდვების განხორციელების პრაქტიკა, ბევრ კითხვას ბადებს და მათ შორის, აჩენს კორუფციული გარიგებების რეალურ რისკს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამარტივებული შესყიდვების გამოყენება გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში დასაშვებია, პანდემიურ სიტუაციაში ქვეყანა უკვე 9 თვეა იმყოფება და ეს პერიოდი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხელისუფლებას წინასწარ დაეგეგმა და ელექტრონული წესით გამოეცხადებინა ტენდერები ამა თუ იმ შესყიდვასთან დაკავშირებით:
„გამარტივებული შესყიდვა თავის თავში მოიცავს კორუფციული გარიგებების რისკებს, რადგან პროცედურა ძალიან მარტივია, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია პირდაპირ გაუფორმოს ხელშეკრულება იმ კომპანიას, რომელთანაც აქვს გამოცდილება ან იმ კომპანიას, რომელთანაც აქვს რაიმე სახის კავშირი, შესაბამისად, ეს ფაქტორი ზრდის რისკს, რომ კონტრაქტები გაუფორმდეთ თუნდაც მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს. ელექტრონული ტენდერი გაცილებით მრავალშრიანია, კონკურენციას ზრდის და ნაკლებია იმის შანსი, რომ ასეთი კორუფციული რისკები გაჩნდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა შესყიდვების სააგენტოსთვის, რომ სადაც კი შესაძლებელია, სწორედ ელექტრონული ტენდერის წესით განხორციელდეს შესყიდვები. დღეს რასაც ვხედავთ, მხოლოდ უმცირესი შესყიდვები ხორციელდება ელექტრონული ტენდერის საშუალებით“.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს, მმართველ პარტიასთან დაახლოებულ თუ მათ შემომწირველ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებია:
„ის კომპანიები, რომლები მმართველი პარტიის შემომწირველები არიან, მოგვიანებით, ან გამარტივებული შესყიდვის წესით ან ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით ცდილობენ პარტიისათვის შეწირული თანხის უკან ამოღებას. ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას გამარტივებული წესით შესყიდვების სიჭარბეზე“.
ყურადსაღებ ხარვეზად მიიჩნევს მარიამ გოგიაშვილი იმ ფაქტს, რომ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ცალკე არ არის გამოყოფილი COVID19-თან დაკავშირებული შესყიდვები, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ მიმართულებით მონიტორინგის განხორციელებას:
„თითოეული შესყიდვა უნდა გაიარო და კონტრაქტის აღწერით უნდა მიხვდე, არის თუ არა ესა თუ ის შესყიდვა კოვიდთან დაკავშირებული. ამიტომ მოვუწოდებთ შესყიდვების სააგენტოს, რომ ცალკე მოდულად გამოიყოს COVID19-თან დაკავშირებული შესყიდვები. და თუკი ეს ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამის გაკეთება მოკლე დროში ვერ ხერხდება, მაშინ იქნებ თავად შემოგვთავაზონ ეს ინფორმაცია დამუშავებად ფორმატში ანალიტიკური მიზნებისთვის. არსებობს უკვე სხვა ქვეყნების მაგალითები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, მათ შორის, მაგალითად ლიეტუვა, შემუშავებულია ეს სისტემა და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისე მედიისთვის, ბევრად ადვილია სულ მინიმუმ იმის დათვლა, თუ რა თანხები იხარჯება COVID19-თან საბრძოლველად“.
2021 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის თანახმად, 2021 წელს COVID19-თან საბრძოლველად, სახელმწიფო დახარჯავს 2,5 მილიარდი ლარით მეტს, ვიდრე ხარჯავს 2020 წელს.