“ერთხელ და ბარაქიანად” - დახურული ბაღები საკვებს “კეთილ ნებაზე” დაფუძნებით არიგებენ 

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, სხვადასხვა მონაკვეთში თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღები ხან იკეტება, ხან იღება. მარტიდან თბილისის საჯარო ბაღები, მერიის გადაწყვეტილებით, აღმზრდელებისთვის საკვებად გამოყოფილი თანხით არამალფუჭებად სურსათს ყიდულობს. სურსათი 2 კვირაში ერთხელ სისტემატურად რიგდება.

სხვა ვითარებაა რეგიონებში.

მარი გურიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, მისი 3 წლის შვილი ბაღში სექტემბერში შევიდა, თუმცა იმის გამო, რომ ბაღს პანდემიის პირობებში სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა და წყალიც კი არ ჰქონდა, რემონტისთვის სექტემბერშივე დაიკეტა. ბაღი აღარ გახსნილა არც ოქტომბერში და არც ნოემბერში. ამ სამი თვის განმავლობაში მარის შვილს ბაღიდან პროდუქტები მხოლოდ ერთხელ - არჩევნების წინადღეს - მისცეს.

“სექტემბერში დაიწყო ჩემმა შვილმა ბაღი, მაგრამ რეალურად რემონტის გამო არ უვლია. ამ სემესტრში კი მხოლოდ ერთხელ, 30 ოქტომბერს, დაგვირიგდა პროდუქტები: 1 ლიტრი ზეთი, წიწიბურა, ბრინჯი, შვრია - თითო კილოგრამი, კარტოფილი - 2-3 კილოგრამი. როგორც მეგობარმა მითხრა, ურეკშიც ერთხელ მისცეს”, - გვეუბნება მარიამი.

ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაკეტილი ბაღების პირობებში საკვები სისტემატურად რიგდება და ეს პროცესი არასდროს შეწყვეტილა:

“რაც პანდემია დაიწყო, ზაფხულის გარდა, ყოველთვე ვურიგებთ საკვებს. 2 400 პატარა ბავშვი გვყავს ბაღებში. წინა თვეშიც გაკეთდა, ახლაც იქნება და საახალწლო რაციონიც შევა შიგნით”.

მას შემდეგ, რაც ჩვენ კონკრეტულად მარის შვილის ბაღის შემთხვევის დაზუსტება ვთხოვეთ, მერმა პასუხის ფორმულირება შეცვალა:

“სექტემბერში ვერ აიღებდნენ, რადგან ბაღი 15-ში უნდა დაწყებულიყო და 2 კვირით გვიან დაიწყო. ამიტომ მივეცით ოქტომბრის თვეში, ნოემბრისას აიღებენ ახლა, ნოემბერ-დეკემბერში, ზუსტად ვერ გეტყვით, [როდის]“, - გვითხრა ოზურგეთის მერმა და ინფორმაციის დასაზუსტებლად ბაღების სააგენტოსთან გადაგვამისამართა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბაღები მარტში დაიკეტა, ოქტომბერში რამდენიმე დღით გაიღო და შემდგეგ ისევ დაიკეტა. პანდემიის დაწყებიდან კი სურსათი სულ ოთხჯერ დარიგდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის, მაკა ჭყონიას, თქმით, ბაღები უშუალოდ მერიის გადაწყვეტილებისა და წერილის საფუძველზე ანაწილებენ და გასცემენ სურსათს.

“ოქტომბერში დარიგდა და ნოემბერში არა, მაგრამ დეკემბერში მეხუთედ დავარიგებთ სურსათს”, - გვითხრა მაკა ჭყონიამ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ბავშვებისთვის საკვები პროდუქტები აპრილსა და მაისში გაიცა, ბაღები კი მარტის დასაწყისში დაიკეტა და 12 ოქტომბერს გაიხსნა, თუმცა ახლა ყველა ბაღი ისევ დაკეტილია. როდის მიაწვდიან ოჯახებს ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებს, მოსახლეობამ დაზუსტებით არ იცის, მხოლოდ მითქმა - მოთქმაა.

ლაგოდეხის მერი - ჯონდო მდივნიშვილი

ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად დააზუსტა, რომ ბაღებმა პროდუქტები ორჯერ - აპრილსა და მაისში - დაარიგეს, შემდეგ ულუფას კი საახალწლოდ მიიღებენ.

“იცით, ეგ [დარიგების სისტემატურობა] როგორ არის? მაშინ უნდა გაკეთდეს პატარ-პატარა პაკეტი და რასაც 22 დღეში იღებს ბაღში, ის მიეცეს. ასე არ ვაკეთებთ ჩვენ. ერთხელ და ბარაქიანს”.

ბაღებში ყოველდღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 1292 კკალორია უნდა იყოს. კვების სტანდარტი კი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის #487 დადგენილებას. ბავშვებისთვის შედგენილი მენიუ დღიურად გრამობით ითვლება, ერთჯერადად კი ოჯახებს საკვებს კილოგრამობით გადასცემენ და, შესაბამისად, ამით ხსნიან ოფიციალური პირები პროდუქტის გაცემის არასისტემატურ ხასიათსაც.

არიან ოჯახები, რომელთათვისაც სულერთი არ არის აიღებენ თუ არა ბაღიდან საკვებს. რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შვილის ბაღში გაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ სახელმწიფო ამ სახით მათი შვილების კვებაზე ზრუნავს, დაკეტილი ბაღების პირობებში კი სოციალური დახმარების ან ახლობლების იმედად რჩებიან. მაია ხვედელიძე ლაგოდეხში ცხოვრობს. მისი 4 შვილიდან ახლა ერთი დადის ბაღში. წვნიანი, პური და “რაც იქნება”, სოციალური სასადილოდან მოაქვს ხოლმე. მისთვის ბაღიდან წამოღებული პროდუქტი უმნიშვნელოვანესი შეღავათია.

“კარგა ხანია, არ დარიგებულა. თავიდან რომ იყო პანდემია, მაშინ დაგვირიგდა ორჯერ. კარგი დახმარება იყო არა მარტო ჩვენი ოჯახისთვის, კიდევ ვინც არიან ირგვლივ. თუ დარიგდება, მაგაზე კარგი არაფერია. რძე, ყველი, 1 კილო მაკარონი, შაქარი, ორცხობილები, მგონი, კარაქიც იყო…”

არის თუ არა საკვების დარიგება სავალდებულო ყოველთვიურად და შეიძლება თუ არა, რომ ბავშვების კვებისთვის გამოყოფილი თანხა სხვა რამეზე დაიხარჯოს? - ამ კითხვით ორგანიზაცია Civitas Georgica-ს ხელმძღვანელს, გიორგი მესხიძეს, მივმართეთ. მისი ორგანიზაცია მე-13 წელია, რაც ბაღებში არსებულ სიტუაციას ადევნებს თვალს.

“არ არის კანონი, რომლის მიხედვითაც ბაღები ვალდებულები არიან, რომ ბავშვებს საკვები ურიგონ. ძირითადად ბაღები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ახორციელებენ შესყიდვას და მათ პანდემიამდე უკვე ჰქონდათ მარაგები და დაარიგეს პროდუქტი, თუნდაც იმიტომ, რომ ასე დებისგან არ გაფუჭებულიყო. ჩემი აზრით, ეს ფულის უაზრო ხარჯვაა. საკვების დარიგებას ყველა ბავშვზე უკეთესი იქნებოდა, რომ მომხდარიყო იმ ოჯახების განსაზღვრა, ვისაც უჭირს და მათზე დარიგებულიყო ეს საკვები”,- ამბობს გიორგი მესხიძე.

ის რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს კონკრეტულად გამოყოფილი თანხა საბავშვო ბაღის ბავშვთა კვებაზე. ეს არის სკოლამდელი განათლებისთვის ერთიანი პროგრამული თანხა, რომელიც ეგზავნება ბაღების სააგენტოს და ის ანაწილებს, რაში რა თანხა გაიხარჯება და, შესაბამისად, აფასებს, რა შეიძლება დაუჯდეს ბავშვების კვება. თუ თანხა ბოლომდე არ დაიხარჯა, შესაძლებელია ფული სხვა რამეზეც გადანაწილდეს, პირობითად, ხელფასებზე ან, მაგალითად სათამაშოებზე. შესაბამისად, მხოლოდ მუნიციპალიტეტების “კეთილ ნებაზეა” დამოკიდებული, ყოველთვიურად შეძლებენ ბავშვები საკვების მიღებას თუ ეპიზოდურად, როგორც ახლა ხდება რეგიონებში.