ყველაზე ხშირად რა საკითხებთან დაკავშირებით მიმართავენ იურისტებს ლოკდაუნის დროს? სამსახურიდან გათავისუფლება, ჯარიმები და გაძვირებული საბანკო სესხები - ამ პერიოდის ყველაზე მწვავე თემები აღმოჩნდა.
სასამართლოში ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი კოვიდ-19-ის შედეგად დაზარალებულებს უფასო იურიდიულ კონსულტაცის უწევს. ივნისიდან მოყოლებული ცენტრში ყოველდღიურად ოცდაათამდე ადამიანი რეკავს. მათი ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები არიან, რომლებსაც განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა უნდათ.
„კერძო სტრუქტურებმა თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს განუსაზღვრელი ვადით“, - აცხადებს ცენტრის უფროსი იურისტი გიორგი კაკუბავა.
ამ საქმეების ნაწილი სასამართლოშია გასაჩივრებული, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი დაზარალებულებს უფასოდ უწევს ადვოკატირებას.
გადავადებული სესხი რეალობაში
მეორე საკითხი გადავადებული საბანკო სესხებია. არსებობს საკრედიტო არდადეგები, იგივე ყოველთვიური გადახდის გადავადება. არდადეგების პერიოდში მსესხებელი არ ანაზღაურებს სესხს. მართალია, მთავრობამ გამოაცხადა, რომ სესხები გადავადდებოდა და ასეც მოხდა, მაგრამ საშეღავათო პერიოდის მოხსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბანკის კლიენტებს გაზრდილი ყოველთვიური გადასახადი უნდა გადაეხადათ.
ნინო ერთ-ერთი მათგანია, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. ის სარეკლამო სფეროშია დასაქმებული. ლოკდაუნის პირობებში შემოსავლი თითქმის დაკარგა. ამას დაერთო ისიც, რომ ოჯახის ყველა წევრი კოვიდ-19-ით გახდა ავად. რადგან სესხის გადახდა აღარ შეეძლო, ნინომ გადაწყვიტა გადავადებით ესარგებლა.
„მაგრამ რა გამოვიდა: ეს ექვსი თვე დაემატა სესხის ვადას და გაიზარდა ყოველთვიური გადასახადი. ექვსი თვის განმავლობაში სიცოცხლის და ქონების დაზღვევა რომ უნდა გადამეხადა, ის დამიმატეს ყოველთვიურ გადასახადად, სადღაც 27 დოლარი. თხუთმეტწლიანი სესხი მაქვს. ექვსი წელია, ვიხდი და ძლივს მოვახერხე პროცენტი და თავი თანხა გამეთანაბრებინა, ანუ ათასი დოლარიდან 500-ს თავი თანხისას ვიხდიდი და დანარჩენს პროცენტს. ახლა 120 დოლარია თავი თანხა და დანარჩენი ისევ პროცენტში მიდის. ეს როგორ და რანაირად გამოიყვანეს, მეც ვერ ვხვდები“.
გიორგი კაკუბავა ამბობს, რომ ბანკის მოვალეები ახლა უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე ლოკდაუნამდე იყვნენ.
„ახლა მოვალეებმა შესაძლოა ქონებაც დაკარგონ ამის გამო. ბუნდოვანი იყო ეს ყველაფერი. სიტყვა „გადავადება“ რომ ახსენეს, ყველას მოეწონა, თუმცა არ ჩანდა ეს გადავადება რას ითვალისწინებდა“, - ამბობს გიორგი კაკუბავა.
რაც შეეხება ახლანდელ ლოკდაუნს, საბანკო სექტორს ჯერ არ განუსაზღვრავს, როგორ საშეღავათო პირობებს შესთავაზებს მომხმარებელს.
„ბანკში განმიცხადეს, - გახარიამ კი თქვა, მაგრამ ბანკი არდადეგებს აღარ აკეთებს, - ვისაც გადახდა არ შეუძლია, რესტრუქტურიზაციას მიმართოსო. ამ დროს ვალის რესტრუქტურიზაციას 14 პროცენტზე ნაკლებად არ გიკეთებენ, მაშინ როცა არდადეგები პროცენტს არ ეხება და ამით არის კარგი“, - ამბობს ნინო.
იურისტები ბანკების მომხმარებლებს ურჩევენ, გაუგებრობებისა და ზარალის თავიდან ასაცილებლად ბანკისგან მოითხოვონ ამონაწერი, რომელშიც გადავადების პირობები დეტალურად იქნება გაწერილი.
ალოგიკური ჯარიმა
მესამე, ყველაზე მტკივნეული, საკითხი ეხება ჯარიმებს, რომელიც ადრე 3 ათასი, ახლა კი 2 ათასი ლარია. საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმდნენ ისინიც, ვინც კომენდანტის საათი უკიდურესი აუცილებლობის გამო დაარღვია, მაგალითად, წამლის საყიდლად გავიდა აფთიაქში.
„იყო შემთხვევა, როცა საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხებოდა და მაინც გამოუწერეს ჯარიმა. შემდეგ ეს ჯარიმა გავაუქმებინეთ“, - ამბობს გიორგი კაკუბავა და დასძენს, რომ მსგავს ფორსმაჟორულ სიტუაციებში საპატრულო პოლიცია ვალდებულია არა დააჯარიმოს, არამედ დაეხმაროს ადამიანს იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც იმწუთას მის წინაშე დგას.