საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება, კონსტიტუციის 38-ე მუხლის საფუძველზე, ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მაგრამ იმ საკითხს, თუ ვინ დაესწრება პირველ სხდომას მიწვეული სტუმრის სტატუსით, წყვეტს წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე. მიწვეულ სტუმრებს შორის შეიძლება იყვნენ როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები. დამკვიდრებული ტრადიციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დასწრებას ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არაფორმალური, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
თავმჯდომარის სტუმრები
2020 წლის 11 დეკემბერს, 12.00 საათზე პირველად შეიკრიბება X მოწვევის პარლამენტი. პირველ სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სიტყვას გადასცემს უხუცეს დეპუტატს - სხდომის თავმჯდომარეს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე. დეპუტატებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდა, X მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ასევე დაესწრებიან IX მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ შერჩეული და მიწვეული სტუმრები.
“ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფოს და საზოგადოების წარმომადგენლები”, - ვკითხულობთ პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის IV პუნქტში, რომელიც, როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, თითქმის არ შეცვლილა წლების განმავლობაში.
„ყოველთვის პარლამენტის თავმჯდომარე იღებდა გადაწყვეტილებას. ეს ნორმა არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ჩაიწერა, რომ შეიძლება საპატიო სტუმრების მოწვევა პირველ სხდომაზე. იწვევდნენ მთავრობის წევრებს, გუბერნატორებს, ელჩებს, საზოგადოების წარმომადგენლებს... იყო სიმბოლური მოწვევებიც. ერთხელ, მახსოვს, ავღანეთში მიმავალი ჩვენი ბატალიონის წევრები იყვნენ მოწვეული, რადგან საერთაშორისო მისიებში ჩვენი სამხედროების მონაწილეობა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი სიახლე; მოწვეული იყო ერთ-ერთი გმირის მეუღლე მადლობისა და პატივისცემის ნიშნად“, - უთხრა ხათუნა გოგორიშვილმა რადიო თავისუფლებას.
მიწვეულ სტუმრებს შორის, როგორც წესი, ყოველთვის არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტის „პირველ სხდომას“ ესწრება. გამონაკლისი იყო მხოლოდ 2003 წლის 22 ნოემბერი, V მოწვევის პარლამენტის პირველი და „ვარდების რევოლუციის“ წინა დღე.
ეროვნული კონგრესიდან მოყოლებული...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული პირველი მრავალპარტიული პარლამენტის პირველ სხდომასაც დაესწრო. I მოწვევის პარლამენტი პირველად 14 ნოემბერს, 10.00 საათზე შეიკრიბა. 15 ნოემბერს გამოსული გაზეთები წერდნენ:
„70 წლის განმავლობაში პირველად ერის ბედის გადასაწყვეტად შეიკრიბნენ ერის მიერვე არჩეული და მისი ნდობით აღჭურვილი ადამიანები. უმაღლესი საკრებულო დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც საქართველოს უზენაეს საბჭოს გადასცა „ბიბლია“ და იერუსალიმიდან ჩამოტანილი და უფლის საფლავზე ნაკურთხი ამაღლების ხატი. ერთხმად იქნა არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ბატონი ზვიად გამსახურდია“.
ექვსი თვით ადრე, 1990 წლის 23-26 მაისს, ილია II ასევე დაესწრო ეროვნული კონგრესის ყრილობას, რომლის დელეგატებიც საქართველოს პატრიარქმა დალოცა:
„დღეს ჩვენ ვიწყებთ ისტორიულ ეროვნულ კრებას და შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვმადლოს მშვიდობა და კეთილდღეობა. ეშმა ყოფს ერს, ღმერთი კი აერთიანებს. არავის არა აქვს უფლება იფიქროს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ მას უყვარს საქართველო. საქართველო ყველას უყვარს, უნდა ყველა ერთად ვიყოთ, მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ამინ!“
თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ყველას ერთად ყოფნა არ გამოვიდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებამდე, საქართველოს ჯერ სამხედრო, შემდეგ კი სახელმწიფო საბჭო მართავდა.
II მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა კი გაიხსნა 1992 წლის 4 ნოემბრის 10.00 საათზე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სხდომათა დარბაზში, რომელიც ე.წ. იმელის (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის) შენობაში მდებარეობდა, გაისმა საქართველოს ეროვნული ჰიმნის „დიდების“ ჰანგები. ახალარჩეულ პარლამენტს სიტყვით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ:
„პატივცემულო დეპუტატებო! მინდა ამ მომართვას დავუმატო, პატივცემულო დემოკრატებო, რადგან იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი და ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიის გზით ივლიან. მინდა მოგესალმოთ საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის სახელით. მინდა მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე და გისურვოთ დიდი წარმატებები. დღეს თქვენ იტვირთეთ ერის ჯვარი და ერის ტკივილი“.
ერთხელ გაწყვეტილი ტრადიცია
ასე დამკვიდრდა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომებზე პატრიარქის დასწრების ტრადიცია, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. გაწყდა მხოლოდ 2003 წლის 2 ნოემბრის გაყალბებულ არჩევნებზე, როცა 22 ნოემბრისათვის დანიშნულ პირველ სხდომაზე, ბევრისთვის მოულოდნელად, ილია II არ მივიდა პარლამენტში. ფორმალურად არაფერი შეცვლილა. არც საქართველოს კონსტიტუცია და არც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს საქართველოს პატრიარქის რამე სახით მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, თუმცა, როგორც ფილოსოფოსი გია ნოდია ამბობს, აშკარაა, რომ არ მისვლის მიზეზი შემთხვევითობა ან მოუცლელობა არ ყოფილა.
„ილია II-მ გარკვეული პოლიტიკური ალღო გამოიჩინა იმიტომ, რომ მისი მისვლა იქნებოდა არა მხოლოდ რიტუალური მონაწილეობა გარკვეულ ცერემონიაში, არამედ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთ-ერთ მხარეს დადგომა. პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა“, - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.
V მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მისვლით ილია II-მ მხარი არ დაუჭირა მაშინდელ მმართველ პარტიას პოლიტიკურ პროცესში, რომელსაც ყურადღებით აკვირდებოდა, რაზეც მეტყველებს მისი გამოხმაურება 2003 წლის 7 ნოემბერს ზუგდიდში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე.
„დღეს უკვე ნათლად იკვეთება, რომ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული პროცესები სცილდება პოლიტიკის ფარგლებს და თანდათან იძენს სამოქალაქო დაპირისპირების საშიშ სახეს. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოს მოსახლეობას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხის ურთიერთდაპირისპირება“, - განაცხადა მაშინ ილია II-მ.
ამჯერადაც ხელდასხმის გარეშე?
2004 წლის 28 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პატრიარქის პირველ სხდომაზე დასწრების ტრადიცია კვლავ აღდგა.
„გვაქვს დე ფაქტო შუასაუკუნეების სიტუაცია იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებას სჭირდება ერთგვარი რელიგიური ხელდასხმა. გასაგებია, რომ ეს ფორმალურად არ წერია არსად, მაგრამ ფაქტობრივად ასეა და ფაქტობრივად ყველა ხელისუფლება ამ დაუწერელ კანონს იზიარებს. პარლამენტის პირველ სხდომაზე პატრიარქის ან სხვა მღვდელმთავრების მისვლა და მონაწილეობა ოფიციალურ ღონისძიებებში, ეს არის სწორედ ასეთი ხელდასხმა, თანამედროვე ეპოქაში წარსულის ერთგვარი გადმონაშთი“, - ამბობს გია ნოდიამ.
რადიო თავისუფლება 2020 წლის 11 დეკემბერის სხდომაზე მიწვეული სტუმრების ვინაობითაც დაინტერესდა. პარლამენტის პრეს-სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სტუმრების სიის შედგენაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამჯერად პარლამენტმა დაარღვიოს ტრადიცია და პირველ სხდომაზე არ მიიწვიოს კათოლიკოს-პატრიარქი.
„საინტერესო და მნიშვნელოვანია, ახლა თუ მივა პატრიარქი?“ - კითხულობს გია ნოდია, -„შეიძლება არ მივიდეს და კოვიდი მოიმიზეზოს. შეიძლება ასეთი შუალედური გამოსავალი მოიძებნოს, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომლისთვისაც ღირს ყურადღების მიქცევა“.