ალექსანდრე ელისაშვილი: არანაირად არ შევდივარ პარლამენტში

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების შუამავლობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მეოთხე რაუნდის შემდეგ თქვა, რომ ელჩების თხოვნით, დეტალების შესახებ ლაპარაკისგან კვლავ თავს იკავებს.

ელისაშვილი გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ის ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად აპირებს პარლამენტში შესვლას.

„პირველ რიგში არსად არ შევსულვართ და არსაიდან არ გამოვსულვართ. დილიდან, რომ ვიღაც ტუტუცებს ყიჟინა აქვთ გაცემული იმაზე, რომ ფული ავიღე და ნამუსი გავყიდე, პასუხს აუცილებლად გავცემ. არ შევთანხმებულვართ, ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრი საკითხის შესახებ. რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, რომ ვილაპარაკო დეტალებზე, ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობთ. ერთი სული მაქვს, ხალხს გავცე პასუხი რაზე ვლაპარაკობთ, რაზე ვარ მე პირადად თანახმა და რაზე არა. „ქართული ოცნება“ რას ითხოვს და რაზე ლაპარაკობს, ეს არ მაინტერესებს“, - აღნიშნა ელისაშვილმა და დაამატა, - „არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს, უბრალოდ არის ტუტუცი“.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა, რომ ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი, 5-6 პირი, ბოიკოტის მიუხედავად, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

გუშინ, 7 დეკემბერს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკების მესამე რაუნდი. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.