ვაჟა და კიკნა-ფშაველას გაუხსნელი სისხლიანი კვანძი

ვაჟა-ფშაველას გარდა იყო კიდევ ერთი ფშაველა, ისიც მთის შვილი, ისიც პოეტი და, როგორც თვითონ ვაჟა ამბობდა, დიდად ნიჭიერი პოეტიც. საუბარია კიკნა-ფშაველას ფსევდონიმით ცნობილ სიმონ ბადურაშვილზე, რომელიც სულ რაღაც 27 წლისა იყო, როცა ტრაგიკულად აღესრულა თავის მშობლიურ სოფელში, თუმცა ვიდრე თავს მოიკლავდა, სოცოცხლეს გამოასალმა თავისი უახლოესი მეგობარი, ასევე პოეტი, გრიგოლ (გიგო) ხერხეულიძე. 1916 წლის 13 ივლისს სოფელ ჟებოტაში მომხდარმა ამ სასტიკმა და იდუმალებით მოცულმა მკვლელობამ მთელი მაშინდელი საქართველო შეძრა.

კიკნა-ფშაველას გამოჩენა

1911 წლის ზაფხულის ერთ დღეს საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქციას, რომელიც გოლოვინის პროსპექტის N 8-ში, ზუბალოვის სახლში, იყო განთავსებული, ვაჟა-ფშაველა ესტუმრა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ლექსები და მოთხრობები მიიტანა „ჯიბიდან მჭყივანა კატების“ დასაფრთხობად. ვაჟას უმასპინძლეს „ნაკადულის“ რედაქტორმა ნინო ნაკაშიძემ და იაკობ გოგებაშვილმა. საპატიო სტუმარი მარტო არ ყოფილა. ერთი ყმაწვილი ახლდაო, წერს 1946 წელს გამოცემულ მოგონებებში ნინო ნაკაშიძე:

„ეს ყმაწვილი“, - გვითხრა ვაჟამ, - „საუცხოო პოეტია. კიკნა-ფშაველას ეძახის თავის თავს, მაგრამ კიკნა-ფშაველა ახლა მე ვარ, ნამდვილი ვაჟა-ფშაველა კი ეს არის“.

ვაჟა-ფშაველა. მოსე თოიძის ნახატი ნატურიდან

კიკნა-ფშაველა გამხდარი, ფერმკრთალი ახალგაზრდა კაცი იყო. რბილი, ღია წაბლისფერი თმა მოგრძოდ ჰქონდა შეკრეჭილი. მისმა სახის გამომეტყველებამ სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.

„ღმერთმა ქნას“, - თქვა მხიარულად იაკობმა, - „ფშაველებს ბევრი ვაჟა-ფშაველა გამოეზარდოს ჩვენდა საბედნიეროდ და ბავშვების გასახარელად... მოიტანეთ რამე ლექსი?“ - ჰკითხა მან კიკნას.

კიკნამ მორცხვად ამოიღო უბის ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი და მიაწოდა იაკობს.

„რედაქტორმა წაიკითხოს“, - თქვა იაკობმა და მომაწოდა ლექსი.

„არა, არა“, - ვუთხარი მე, - „როდესაც ბატონი იაკობი და ვაჟა-ფშაველა აქ ბრძანდებიან, მე როგორ წავიკითხავ“.

„მოიტათ, მე წავიკითხავ“, - გაიღიმა ვაჟამ, გამოართვა იაკობს ლექსი და წაიკითხა. წაიკითხა, მაგარამ მაინცდამაინც კარგად ვერ წაიკითხა. ხელნაწერს ვერ არჩევდა, ხშირად ჩერდებოდა, კითხვის დროს ბორძიკობდა. უნდა ვთქვა, მიუხედავად ცუდად წაკითხვისა, ლექსი კარგი იყო, მაგრამ შევატყვე, იაკობს არ მოეწონა, მაგრამ ვაჟას წყენას მოერიდა და ახლა კიკნას სთხოვა:

„მაშ, ახლა, მეორე ფშაველო, შენ წაიკითხე, შენი ხმაც გაგვაგონე“.

კიკნა-ფშაველა (სიმონ ბადურაშვილი)

კიკნა-ფშაველამ წაიკითხა მორცხვად, მაგრამ მოხდენილად, გამომეტყველებით და იაკობსაც ლექსი მოეწონა, შეაქო და გაამხნევა კიკნა.

„უნდა წეროთ, წეროთ, ყმაწვილო. გარემოება უნდა დაიმორჩილოთ... თქვენ, მთიელებმა, უნდა შემოიტანოთ ქართულ ცხოვრებაში თქვენი ძალუმი სული, უნდა ამოუდგეთ ჩვენს ვაჟას გვერდში“.

ვაჟას ძალიან გაეხარდა იაკობის შექება.

„აკი, გეუბნებობით, ბიჭია, რაღა...“ - ამბობდა ის.

ცხოვრება ოცნების მხარეს

კიკნა-ფშაველას ის საბავშვო ლექსი, რასაკვირველია, დაიბეჭდა „ნაკადულში“, მერე ბევრი სხვა ლექსი და პოემაც დაიბეჭდა არაერთ გამოცემაში, მათ შორის „თეატრსა და ცხოვრებაში“.

„ფიქრითა ვცხოვრობ ოცნების მხარეს,

ვესაუბრები ნარნარა მთვარეს;

ვეჩურჩულები ვარსკვლავთა კრებას,

ეთერს უმღერი ქებათა - ქებას...

. . .

გული ვერა სთმობს ცხოვრებას მწარეს,

ფიქრით კი ვცხოვრობ ოცნების მხარეს...“

კიკნა-ფშაველას ლექსი

კიკნა-ფშაველას ეს სამსტროფიანი ლექსი „თეატრი და ცხოვრების“ ფურცლებზე 1916 წლის N29-ში დაიბეჭდა, ჟურნალის მომდევნო ნომერში კი გამოქვეყნდა კიკნა-ფშაველას მიერ მოკლული მეგობრის, გრიგოლ (გიგო) ხერხეულიძის, დღიურის ფრაგმენტები და ცნობა „13 მკათათვეში თიონეთში“ მათი „ტრაღიკული გარდაცვალების“ შესახებ. გამოძიებამ ჩათვალა, რომ სიმონ ბადურაშვილმა (კიკნა-ფშაველამ) ჯერ მოკლა თავისზე ერთი წლით უმცროსი მეგობარი, შემდეგ კი თვითონაც თავი მოიკლა...

თუმცა მკვლელობამდე იყო მათი სამაგალითო მეგობრობა და საერთო ვნება ლიტერატურის სახით, საერთო უმაღლესი სასწავლებელი, ტარტუს უნივერსიტეტის სახით, სადაც მეგობრები სწავლობდნენ: კიკნა-ფშაველა იურიდიულ ფაკულტეტზე, გრიგოლ ხერხეულიძე - სამედიცინოზე.

ჟურნალისტმა და საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევარმა გელა საითიძემ 1996 წლის ჟურნალ „დროშის“ N6-ში გამოაქვეყნა წერილი სათაურით „ტრაგედიის მიზეზი დღემდე უცნობია“. გელა საითიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ორ ადამიანს აახლოებდა უდიდესი სიყვარული პოეზიისა, რომელსაც ორივე ხარკს უხდიდაო, თუმცა ბევრად ნიჭიერი ყოფილა სიმონ ბადურაშვილი, კიკნა-ფშაველა (კიკნა-ფშაველი), რომელსაც, თურმე, სიჭაბუკეში გალაკტიონთანაც კი უმეგობრია, როცა იგი სემინარიაში ხელნაწერ ჟურნალ „შუქს“ გამოსცემდა.

კიკნა-ფშაველა და გრიგოლ (გიგო) ხერხეულიძე

„კიკნა-ფშაველას პოეტურმა სიტყვამ ერთბაშად მიიქცია მკითხველთა ყურადღება და საზოგადოებამ მასში ნაღდი ნიჭის შემოქმედი დაინახა. თავის პოეტურ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა, დიდი ფშაველას პატარა მიმდევრად (კიკნა ნიშნავს ძალიან პატარას, ერთ ბეწვას, ციცქნას) აღიარა თავი და აკი ლიტერატურულ ფსევდონიმადაც „კიკნა-ფშაველა“ აირჩია“, - ამბობს გელა საითიძე.

„შავი მონასტერი“ კიკნა-ფშაველას ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსია:

არასოდეს არ მქონია გული მხიარული,

დავალ ჩუმად თავდახრილი, დაუშრეტელ ვნებით,

ბედს მავიწყებს ფიქრთა ზღვაში ქროლვა-სიარული,

დავალ ჩუმად მობურვილი, იდუმალი ხმებით.

თვალს ვარიდებ გველ-მეგობრებს შხამით მოწამლული,

არ მახარებს მზის სიცილი, ყვავილების ფერი,

ვიწვი უხმოდ, ვიწვი ცივათ ბრბოით გარიყული,

არ ირღვევა შავი ბოღმის შავი მონასტერი.

სასოებას არ უვლია ჩემი ცრემლის ველზე,

გულის სისხლის დენა არის ჩემი ჰანგთა მღერა,

თვით შევსუდრე შვების სხივი, სამკვდრო სარეცელი,

თუმცა ძლევის ნათელ გვირგვინს ელის გულის ძგერა,

არასოდეს არ მქონია გული მხიარული,

დავალ ჩუმად, თავდახრილი, დაუშრეტელ ვნებით,

ბედს მავიწყებს ფიქრთა ზღვაში ქროლა-სიარული,

დავალ ჩემთვის მობურვილი იდუმალი ხმებით.

ლიტერატურულ წრეებში თავისი მოკრძალებული ადგილი ეკავა გრიგოლ ხერხეულიძესაც (ფსევდნომი „ანჩხლი“), რომელმაც 20 წლის ასაკში ლექსების კრებული „პირველი სხივი“ გამოსცა. იოსებ იმედაშვილის „თეატრმა და ცხოვრებამ“ გაგრძელებებით დაბეჭდა ფრაგმენტები გრიგოლ ხერხეულიძის დღიურიდან და მოთხრობა „უფსკრული“, რომელშიც ქალ-ვაჟის კლასობრივი უთანასწორობით გამოწვეული ტრაგიკული სიყვარულია აღწერილი.

იოსებ იმედაშვილის "თეატრი და ცხოვრება"

„არა, ჩემო კარგო, - იყო ვაჟის პასუხი. - მე ვფიქრობ ჩვენს წოდებაზე: შენ დიდიკაცის ქალი, ბრწყინვალე წოდებისა, მე კი - ვიღაც ნაბიჭვარი, გლეხი“, - ვკითხულობთ მოთხრობაში.

ასეთივე კლასობრივი განსხვავება იყო მეგობრებს შორისაც: გრიგოლ ხერხეულიძე შეძლებული თბილისელი თავადის ოჯახიდან იყო, სიმონ ბადურაშვილი (კიკნა-ფშაველა) კი ჟებოტელი გლეხისა, თუმცა ახალგაზრდა მწერლები ასეთ განსხვავებას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ და კლასობრივ ბრძოლაში „პროგრესულ პოზიციებზე“ იდგნენ: გრიგოლ ხერხეულიძე მტკიცე სოციალ-დემოკრატი იყო, კიკნა ფშაველა კი - ეროვნულ-დემოკრატი.

„მიუხედავად ახლო მეგობრული კავშირისა, სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები იყვნენ და პარტიულ ნიადაგზე ხშირად კამათობდნენ“, - ამბობს გელა საითიძე.

1916 წლის 13 ივლისს მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად ეს გარემოებაც დასახელდა...

საბედისწერო 13 მკათათვისა

1916 წლის ზაფხულში მეგობრები ერთად დაბრუნდნენ „დორპატიდან“ (ახლანდელი ტარტუ). სიმონ ბადურაშვილი ორი თვე დარჩენილა თბილისში ხერხეულიძეების ოჯახში, ხოლო შემდეგ თავის სოფელში, ჟებოტაში, წაუყვანია მეგობარი. სწორედ ჟებოტაში მოხდა ის, რამაც იოსებ იმედაშვილის (ი. არიმათიელი) ათქმევინა, ცხოვრების სინამდვილემ ჩვენს საზოგადოებრივ წყობილებასა და სწავლა-აღზრდის საფუძველს კიდევ ერთი ღონიერი სილა გაულაწუნაო.

„მკათათვის 13 თიონეთში (თიანეთი) ორმა საუკეთესო ახალგაზრდამ, ორმა ჯერედ გაუფურჩქვნილმა ძალამ საუკუნოდ დახუჭა თვალი...“ („თეატრი და ცხოვრება“. 1916 წ. N30)

გრიგოლ ხერხეულიძის მშობლების განცხადება. "თეატრი და ცხოვრება"

იოსებ იმადაშვილის დასტირის ორ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას, ორ ნიჭიერ მწერალს, ორ მომავალ სწავლულს, რადგანაც მეგობრებს აღარაფერი უკლდათ უნივერსიტეტის გასრულებამდე (ბადურაშვილი IV კურსზე ყოფილა, ხერხეულიძე - III-ზე).

„ძმა-მეგობრები გაფიცულნი ცხოვრობდნენო“, - ამბობს ჟურნალის რედაქტორი, - „მაგრამ ერთ უბედურ ღამეს მოხდა საზარელი მკვლელობა: ვითომც კიკნას გიგოსთვის ცული დაეთხლიშოს და მერე თვითონაც თავი მოეკლას“.

მკვლელობის შესახებ საყურადღებო ცნობებს იძლევა გრიგოლ ხერხეულიძის ძმის, მიხეილის ნაამბობი, რომელიც მაშინდელ პრესაში გამოქვეყნდა:

„ოფიციალური ცნობა, რომელიც იქაურებსაცა სწამთ, ასეთია: გიგო ხერხეულიძესა და სიმონ ბადურაშვილს მოსვლიათ კამათი, რომელიც ჩხუბად გადაქცეულა. ხერხეულიძეს, როგორც სტუმარს, იმგვარ მასპინძელთან ყოფნა საჭიროდ ვერ მიუჩნევია, აუღია თავისი ბარგი და წამოსულა. კიბეზე დასწევია ბადურაშვილი, თავში ცული ყუით დაურტყავს, ხერხეულიძე იქვე გარდაცვლილა, ხოლო ბადურაშვილი სახლში შებრუნებულა და თოფით თავი მოუკლავს. სანამ გარდაიცვლებოდა, რძალისთვის უთქვამს: „გიგოს ცული დავარტყი, ძირსა გდია... მე ხომ ვკვდები და ის ცოცხალი არ გაუშვათო... საწერ-კალამი მომეცით, ყველაფერს დავწერო“. ამ სიტყვების შემდეგ კი თვითონაც გარდაცვლილა.

გრიგოლ ხერხეულიძე

არის მეორე ვერსიაც: რაკი ჩხუბის შემდეგ ხერხეულიძეს წამოსვლა დაუპირებია, ბადურაშვილს სტუმრის წამოსვლით გამოწვეულ სირცხვლისთვის და თვით ხერხეულიძისა და მისი მშობლების მიმართ მოკრძალების გამო ვეღარ გაუძლია და თავი მოუკლამს. როდესაც ეს ბადურაშვილის ძმას გაუგია - ხერხეულიძისთვის, როგორც მისი ძმის მკვლელობის მიზეზისათვის, ცულის ყუით თავი გაუჩეხნია... სიმართლე ამ ცნობებისა არავინ იცის“.

იოსებ იმედაშვილი მოკლულის ძმის მონათხრობს იმასაც ამატებს, რომ მიზეზად სხვა გარემოებებიც სახელდებაო: პარტიულიო, სამიჯნუროო... სამიჯნუროში იგულისხმება ჭორი, რომლის მიხედვითაც, თითქოს კიკნა-ფშაველას რძალთან შეუსწრია მეგობრისთვის... თუმცა სინამდვილეში რა მოხდა, პოლიციამ ვერ დაადგინა. „სახალხო ფურცელი“ ამტკიცებდა: „კიკნა-ფშაველა გიგო ხერხეულიძის მკვლელი არ არის და მესამე პირის აუცილებლობას ჰფიქრობენო“.

გვამზე შურისძიება თუ კრულვა სტუმრის მკვლელობისთვის?

„გრიგოლ ხერხეულიძე მრავალი ხალხის თანდასწრებით „დიდის გლოვნით“ დაკრძალეს თბილისში“, - წერს იოსებ იმედაშვილი, - „კიკნას ოჯახი კი ვითომ მღვდელსა და მის მრევლს დაეკრულოს სტუმრის დაუნდობლობისთვის...“

როცა იოსებ იმედაშვილი ამას ამბობდა, მკვლელობიდან ორი კვირა იყო გასული, კიკნა-ფშაველა კი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, 30 ივლისს, დაკრძალეს.

კიკნა-ფშაველა (სიმონ ბადურაშვილი) და გრიგოლ ხერხეულიძე

„მოხდა კიდევ ერთი ამორალური და, ამასთან, არაქრისტიანული ფაქტი: ივლისის სიცხე-პაპანაქებაში კიკნა-ფშაველას ახლობლებს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გვამის მიწისთვის მიბარების უფლება არ მისცეს“, - ამბობს გელა საითიძე.

„კიკნა-ფშაველას გვამი მიწას მიაბარეს მხოლოდ შაბათს, 30 ივლისს, გარდაცვალებიდან 17 დღის შემდეგ. იგი მთლად გაიხრწნა, ფრჩხილები დასცვივდა, თავი მოვარდა და სუნი ადამიანს აღრჩობდა... პროკურორთან გაგზავნილი ამისი საქმე მოსასპობად არ იქნა შეწყნარებული. დაიწყო ხელმეორედ გამოძიება. კიკნა-ფშაველის გვამი გასჭრეს, მეორედ პოლიცია თავს დაესხა ბადურაშვილის (კიკნას) სახლს და დასისხლიანებულ ვიღაცის პერანგს ეძებდა. მოწმეების ჩვენების ჩამორთმევა სწარმოებს“ („სახალხო ფურცელი“. 1916 წ. N645).

განცხადება გრიგოლ ხერხეულიძისათვის პანაშვიდის გადახდის თაობაზე ნაძალადევის ივერიის ღვთისშობლის ეკლესიაში გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულების გამო

ჩვენებების ჩამორთმევამ ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო. რა მოხდა 1916 წლის 13 ივლისს სოფელ ჟებოტაში, დღემდე უცნობია.

„კიკნა ფშაველის სახელი მოითხოვს უფრო მეტს ყურადღებას: მან თავისი სიკვდილით სიკვდილზე გაიმარჯვა - ნამუსისთვის თავი მოიკლა, ხმა ერისაც ზნეობრივად ნუ მოჰკლავს. სინდისის მხილება მოითხოვს ამ საიდუმლო ტრაგედიის კვანძის გახსნას...“ - წერდა „თეატრი და ცხოვრება“, თუმცა კვანძი მკვლელობიდან 104 წლის შემდეგაც გაუხსნელია.

გასული საუკუნის 20-იან წლებში, მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ, გალაკტიონ ტაბიძემ ასეთი ჩანაწერი გააკეთა თავის უბის წიგნაკში:

კიკნა-ფშაველა.
1. გთხოვთ, დამისტამბოთ ეს ლექსი.
2. დემონიური გარეგნობა.
3. საშინელი დუელი ვიღაცა მეგრელთან.
4. რა არის პოეზია?
5. ტრაგიული დაღუპვა.