ნანა ბუნტური ყოველდღე თვალცრემლიანია, ყოველდღე ცხინვალიდან ახალ ამბავს ელოდება შვილის მდგომარეობისა და მისი გათავისუფლების იმედით, მაგრამ ეს ლოდინი თითქმის 5 თვეა უკვე, რაც გრძელდება. ნანა ბუნტური ზაზა გახელაძის დედაა, ის შვილიშვილებს ყოველდღე აიმედებს, რომ მამა მალე დაბრუნდება, თუმცა...
ახლა ოჯახი ახალი წლის მოლოდინშია და ხშირად იხსენებენ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს, რომელიც გასული წლის ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ გაასამართლა, სასჯელიც მიუსაჯა და რამდენიმე დღეში არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბიბილოვმა შეიწყალა. ზაზას სასამართლო პროცესი დეკემბერში უკვე ჩაინიშნა. იქნებ ბიბილოვის ამნისტია ზაზასაც შეეხოსო, თავს იიმედებენ გახელაძეების ოჯახში, ნანა ბუნტური კი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, ეს აქტიურობა ჟენევის დისკუსიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ასევე ნახეთ ინტერვიუ ზაზა გახელაძის ცოლთან, ირმა ბუთხუზთან„იქნებ ჩემს შვილიშვილებსაც მოუვიდეთ ახალი წელი და გამოუშვან მამამისი. დაგვეხმაროს მთავრობა. ყველას ვთხოვთ დახმარებას, ვისაც შეუძლია. ჩვენ აღარც წითელი ჯვარი გვეხმიანება და არც არავინ. ტანსაცმელი, სექტემბერში რომ გავუგზავნეთ, ნოემბერში შეუტანეს, ისე რომ „ტაპკებზე შნუროკებიც“ კი მოხსნეს, არ შეიძლებაო. დიდი იმედი გვაქვს 10-11 დეკემბერს დანიშნული ჟენევის დისკუსიის შეხვედრისა, იქნებ საერთაშორისოებმა მაინც რაღაცა გვიშველონ, არ ვიცი“, - განაცხადა ნანა ბუნტურმა და კიდევ ერთხელ მოიწმინდა თვალიდან ცრემლი.
ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზიც, იმედით ელოდება ჟენევის დისკუსიის გამართვას, რომლის ჩატარებაც 10-11 დეკემბერს არის დაგეგმილი. ჟენევის დისკუსია მიმდინარე წელს რამდენჯერმე ჩაიშალა, მათ შორის რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების უარის გამო. ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ და ბიბილოვის ხელისუფლებისგან შეხვედრაში მონაწილეობაზე თანხმობა მიიღეს. ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ შესაძლოა ჟენევის დისკუსიის შემდეგ ზაზა გახელაძის საქმის განხილვა ცხინვალში დაჩქარდეს:
„იმის შესახებ ვიცი, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში იყვნენ და შეხვედრა, დიდი ალბათობით, ჩატარდება. ერგნეთის შეხვედრები ჩაშლილია და ახლა იმედს ჟენევის ფორმატზე ვამყარებთ. სასამართლო ცხინვალში 24 დეკემბრამდე გადადეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ მასალები ბოლომდე არა აქვთ შეკრებილი და რუსებსაც ვერ გააცნეს. იმედია, ამას მალე გააკეთებენ და ახლა მხოლოდ ჟენევის იმედს ვებღაუჭები. ხელისუფლებიდან მპირდებიან, რომ ამ საკითხს ჟენევაში აუცილებლად დააყენებენ და იქნებ ახალ წლამდე ზაზას გათავისუფლებაც მოხერხდეს“.
ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ზაზას ოჯახში ახლა ჟენევის დისკუსიისა და სასამართლო პროცესის გამართვას ელოდებიან. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
მეუღლის გათავისუფლებას ითხოვს ზარდიაანთკარელი ცისანა თაზიაშვილი. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს, ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაა. დაკავებულის ცოლს, ცისანა თაზიაშვილს, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. ცისანა თაზიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა მისი მეუღლის გასათავისუფლებლად, რადგან იმ ბრალდებით, რა ბრალდებითაც მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, სხვა შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმედღიანი პატიმრობის და ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ ხოლმე. ამიტომ ცისანა თაზიაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მირიან თაზიაშვილის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
„ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ეს ერგნეთის შეხვედრებზე საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ შემატყობინა. ცხელი ხაზით გვესაუბრნენ და ორთვიანი შეუფარდესო. რას ედავებიან-მეთქი, რომ შევეკითხე, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასო. მაგ ამბავზე ყველას ჯარიმით ათავისუფლებენ ხოლმე, ამ კაცს კი თავის სიცოცხლეში არაფერი დაუშავებია ისეთი. ისე ბერდება ეს კაცი, რომ არაფერი დანაშაული არ ჰქონია და ასე რატომ მოექცნენ, არ ვიცი. ხელისუფლება რამდენად აქტიურად იყო ჩართული მირიანის გათავისუფლების საქმეში, ეგ მე არ ვიცი. ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს. მხოლოდ ანთაძემ დამირეკა რამდენჯერმე და მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ხელისუფლება რომ ჩართულიყო, საქმე აქამდე არ მივიდოდა, იმიტომ რომ ყველას ჯარიმით ათავისუფლებენ. თუ მარტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეედავნენ და ორთვიანი პატიმრობა მისცეს მაგის გამო, ეს იშვიათი რაღაცაა, იმიტომ რომ ყველას ათავისუფლებენ. უამრავი შემთხვევა ვიცი, რომ ჯარიმით ათავისუფლებენ და ჩემი ქმრის ამბავში, ალბათ, ისე არ იყო ჩართული ხელისუფლება, რომ მალე გაეთავისუფლებინათ, იმიტომ რომ საწყლები ვართ, ღარიბები ვართ და არავინ მოგვხედა“, - ამბობს ცისანა თაზიაშვილი.
ოკუპაციის ხაზთან არსებულ სოფელში ერთი წლის წინ გენადი ბესტაევიც დააკავეს. 2017 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ის უკვე მეხუთედ იყო დაკავებული. სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ ხოლმე. ბესტაევს სოფელში ბიძაშვილები ჰყავს. და სხვა სოფელშია გათხოვილი, ცოლ-შვილი კი ცხინვალში ცხოვრობს. წინა შემთხვევებში მის გასათავისუფლებლად ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და ცხინვალის ციხიდან გამოიყვანეს. ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა. ეზოში მავთულხლართი ჰქონდა გაბმული და ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით დასახმარებლად მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ცხელი ხაზით მიღებული ცნობის თანახმად, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა.
ასევე ნახეთ აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახს ჟენევის დისკუსიების იმედი აქვს„აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, უპირობო გათავისუფლების საკითხი მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ 30 სექტემბერს გავრცელდა.
აფხაზეთის ე.წ. დროშა (როგორც "ეხო კავკაზას" ავტორი ვიტალი შარია აღწერს თავის სტატიაში, დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ზე დაყრდნობით, ეს იყო ტილო აფხაზეთის დროშის ფერებში და ზედ აფხაზეთის გერბით), რომლის დაწვაც ირაკლი ბებუამ სცადა, გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში იყო გამოკრული. სწორედ მას წაუკიდა ცეცხლი ბებუამ და თავად ადგილიდან მიიმალა. ის მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები ბებუას დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედავებოდნენ, მათ შორის:
- 334-ე მუხლით, რაც სახელმწიფო სიმბოლოკის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება 1 წლამდე ვადით პატიმრობით.
- 164 მუხლით, რაც ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და ისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით.
ირაკლი ბებუას ბრალი დაუმძიმდა მას მერე, რაც, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ხელნაკეთი ხელყუმბარა РГ-42 აღმოაჩინეს.
ამის გამო მის მიმართ წაყენებულ მუხლებს დაემატა სს კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რაც იარაღისა და მისი შემადგენელი ნაწილების, ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაცემას გულისხმობს და ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ჯარიმასთან ერთად ან მის გარეშე.
„საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე როგორც ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის თემა, იქნება განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჟენევაში 10-11 დეკემბერს“,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ირაკლი ბებუასთვის უკანონოდ სასჯელის დანიშვნა ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას ისახავს მიზნად.
„ეს არის მორიგი უკანონო ქმედება, რაც მიზნად ისახავს და, სამწუხაროდ, განაპირობებს ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი ისედაც გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას. ყოვლად მიუღებელია და სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა მთელ მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით კოვიდპანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე როგორც ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის თემა, იქნება განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჟენევაში 10-11 დეკემბერს დაგეგმილი საერთაშორისო მოლაპარაკებებისას და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით, ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა მალე გამოიღებს შედეგს და ირაკლი ბებუა, ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეები, დაუბრუნდება ოჯახს და გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“, -განაცხადა თეა ახვლედიანმა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ჟენევის დისკუსია 10-11 დეკემბერს გაიმართება. ოკუპირებული რეგიონების ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნათესავები ამ დისკუსიაზე დიდ იმედს ამყარებენ, თუმცა არც ის ავიწყდებათ, რომ შესაძლოა დე ფაქტო ლიდერებმა ამნისტიის აქტით ეს ადამიანები გაათავისუფლონ, მაგრამ, მათი აზრით, ამისთვის საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო. სწორედ ამას ითხოვენ ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან.