რატომ აღარ უზომავენ ადამიანებს სიცხეს კარდაკარ და რატომ აღარ რეცხავენ ქუჩებს სადეზინფექციო ხსნარებით

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოქალაქეს სიცხეს უზომავს

ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირველ ეტაპზე სახელმწიფოს პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტების გამოვლენაში ეხმარებოდნენ, დღეს ამ კუთხით მუშაობა, ფაქტობრივად, შეჩერებული აქვთ. მერები, მათი მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები და სხვა მოხალისეები სიცხის გასაზომად აღარ დადიან კარდაკარ, არ რეცხავენ და დეზინფექციას არ უტარებენ ქუჩებს. რატომ შეაჩერეს მუშობა ამ კუთხით, მაშინ როცა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ყოველდღე უარესდება?

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ უწყების სოციალური ქსელის გვერდზე მიმდინარე წლის 13 მაისს გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომელსაც თან ერთვოდა შემდეგი სახის ტექსტი: „COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ფოტოების მიხედვით, ქალაქის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი პირადად დადიოდა კარდაკარ, ხელში ეკავა დისტანციური თერმომეტრი და ადგილობრივ მოსახლეობას თავადვე უმოწმებდა ტემპერატურას.

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოქალაქეს სიცხეს უზომავს

ზუსტად იმ დღეს, 13 მაისს, როცა დედოფლისწყაროს მერიამ ფოტოები გამოაქვეყნა, საქართველოში კორონავირუსის სულ 647დადასტურებული შემთხვევა იყო, კახეთში - არც ერთი. დღეს 8 დეკმებერია და, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 170 ათასს უახლოვდება, თუმცა დედოფლისწყაროს მერი „კარდაკარის“ პრინციპით ადგილობრივ მოსახლეობას სიცხეს აღარ უზომავს. ქალაქში სადეზინფექციო ხსნარებით არც ქუჩები ირეცხება ისე, როგორც მაისის თვეში. ჩვენ ნიკოლოზ ჯანიაშვილს ვკითხეთ, რატომ აღარ ეხმარებიან სახელმწიფოს, მაშინ როცა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულდა.

„გიდასტურებთ, პირველ ეტაპზე ქუჩების მორეცხვა მოხდა. ახლა თოვლი მოვიდა და რაღა უნდა მოირეცხოს? ახლა აღარ ხდება ასეთი რამ... გაზაფხულზე მწირი ინფორმაცია გვქონდა კოვიდთან დაკავშირებით და ახლა შედარებით მეტი ვიცით. საზოგადოებაც უფრო ფრთხილია და თავდაცვის მეტი საშუალებებია“.

სადენზიფექციო სამუშაოები ლაგოდეხში

დედოფლისწყაროს მერიის მსგავსად, სიცხის გაზომვა და ქუჩების მორეცხვა მიმდინარე წლის მაისის თვეში თითქმის ყოველდღიური საქმიანობა იყო სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ამბობს, რომ სადეზინფექციო სამუშაოებს ახლაც თითქმის ყოველდღე ატარებენ ადმინისტრაციულ შენობებში. შეკითხვაზე, რატომ არ ტარდება ქალაქის ქუჩების დეზინფექცია და მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობას რატომ არ ეზომება სიცხე, ასე გვიპასუხა:

სადენზიფექციო სამუშაოები ახმეტაში

„ჩვენ ვემორჩილებით ჯანდაცვის დირექტივას და რეკომენდაციებს. მათ არ უთქვამთ, რომ ქუჩები აღარ მოვრეცხოთ, მაგრამ არც ის უთქვამთ, რომ გავიდეთ და ჩავატაროთ ეს სამუშაოები. როცა ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. დამატებითი ინფორმაცია თუ გინდათ, გთხოვთ მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს“.

„არჩევნები დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ახლა მათთვის არც პანდემიაა პრიორიტეტი, არც სიცხის გაზომვა და არც ქუჩების მორეცხვა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო გოგოლაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც რეგიონში თვითმმართველობების მუშაობას თითქმის ყოველდღე აკვირდება. გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ მაისში, მაშინ როცა კახეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ იყო და ამ დროს მუნიციპალიტეტის მერები ადამიანებს სიცხეს უზომავდნენ, ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება:

„ბევრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის კახეთში და სწორედ ახლა სჭირდება ხალხს მთავრობის დახმარება და თანადგომა, თუმცა თავად ადგილობრივ ხელისუფლებას არც მოსახლეობა და არც დახარჯული მილიონები აინტერესებს, რადგან მათ აქედან წილები აქვთ მიღებული. ვიღას ახსოვს მოქალაქეები, მათთვის სიცხის გაზომვა და ქუჩების მორეცხვა-დამუშავება? მაშინ როცა ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ და გზებს დეზინფექციას უკეთებდნენ, რეალურად ეს იყო წინასაარჩევნო კამპანია. ახლა გაიმარჯვეს და აღარავინ აინტერესებთ. არადა, ის ღონისძიებები, რაც მაშინ გაატარეს, ახლა უფრო საჭიროა და დიდი შვება იქნებოდა მოსახლეობისთვის“.

იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობის ნაწილისთვის სიცხე გაეზომათ, დისტანციური თერმომეტრები შეიძინეს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებმა შეიძინეს სადეზინფექციო ხსნარები, რომლითაც ქუჩები მორეცხეს. მაგალითად, მიმდინარე წლის 14 აპრილს, მაშინ როცა კახეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ იყო, მხოლოდ ლაგოდეხის მერიას რამდენიმე ქუჩის მორეცხვა 4 400 ლარი დაუჯდა. ახლა კი, როცა რეგიონში დღეში 300-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია, ასეთი სამუშაოები აღარ ტარდება.