შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციამ მანდატებზე უარი უნდა თქვას 11 დეკემბერს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე თქვა, რომ არაფერი საიდუმლო ამ მოლაპარაკებათა ფორმატში არ არის.

„ივანიშვილი გვთავაზობს, რომ დავთანხმდეთ საარჩევნო რეფორმას და კოსმეტიკურ ცვლილებებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ. სამაგიეროდ, მოითხოვს, 2024 წლამდე მისი კრიმინალური ბანდა, პარლამენტად წოდებული, დარჩეს ხელისუფლების უმაღლეს მმართველად. მოლაპარაკებები შეიძლება პერიოდულად შეჩერდეს, იყოს გარკვეული შუალედები, გახანგრძლივებულიც, მაგრამ ის არ დამთავრდება, სანამ არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. 11 დეკემბერს მთელი მსოფლიო იხილავს თვითწოდებული პარლამენტის შეკრებას და მის იმავე დღეს გარდაცვალებას“, - ამბობს ნათელაშვილი. ის გამორიცხავს პარლამენტში რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესვლას.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო მანდატებზე უარი უნდა თქვას 11 დეკემბერს, პარლამენტის შეკრების დღეს. „ე.წ. ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის მუშაობის გახსნას სრულად უნდა დაემთხვეს მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა. ჩემი ამწუთიერი ინფორმაციით, ოპოზიცია ერთიანია იმაში, რომ ეს პარლამენტი არ არჩეულა“, - აღნიშნავს ნათელაშვილი.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა, რომ ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი, 5-6 პირი, ბოიკოტის მიუხედავად, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

გუშინ, 7 დეკემბერს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკების მესამე რაუნდი. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.