საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ცხელი ხაზით მიღებული ცნობის თანახმად, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.
„აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ 30 სექტემბერს გავრცელდა.
აფხაზეთის ე.წ. დროშა (როგორც "ეხო კავკაზას" ავტორი ვიტალი შარია აღწერს თავის სტატიაში დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ზე დაყრდნობით, ეს იყო ტილო აფხაზეთის დროშის ფერებში და ზედ აფხაზეთის გერბით), რომლის დაწვაც ირაკლი ბებუამ სცადა, გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში იყო გამოკრული. სწორედ მას წაუკიდა ცეცხლი ბებუამ და თავად ადგილიდან მიიმალა. ის მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები ბებუას დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედავებოდნენ, მათ შორის:
- 334-ე მუხლით, რაც სახელმწიფო სიმბოლოკის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება 1 წლამდე ვადით პატიმრობით.
- 164 მუხლით, რაც ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და ისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით.
ირაკლი ბებუას ბრალი დაუმძიმდა მას მერე, რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ხელნაკეთი ხელყუმბარა РГ-42.
ამის გამო მის მიმართ წაყენებულ მუხლებს დაემატა სს კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რაც იარაღის და მისი შემადგენელი ნაწილების, ასევე საბრძოლო მასალის, უკანონო შეძენა, შენახვა, გადაცემას გულისხმობს და ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ჯარიმასთან ერთად, ან მის გარეშე.