„გირჩის“ გახლეჩა პარტიასთან დაახლოებული ადამიანებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ლიბერტარიანული პარტიის ლიდერებს კვლავ საერთო იდეოლოგია აქვთ, თუმცა მათ შორის უთანხმოებები წლებია გროვდება. ყოფილი „გირჩელები“ პარტიაში შექმნილ ტოქსიკურ სამუშაო გარემოზე, ლიდერების ნაწილის უხეშ და ქედმაღლურ დამოკიდებულებებზე საუბრობენ, რაც მათივე მტკიცებით, პარტიას მხარდამჭერებს აკარგვინებს.
რატომ ახლა?
პარასკევს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ემიჯნება პარტიის თანადამფუძნებლებსა და ლიდერებს - ვახტანგ მეგრელიშვილს, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს. ჯაფარიძე დაპირისპირების მიზეზებსა და დეტალებზე საუბარს თავს არიდებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამიერიდან უფრო მეტად იქნება ჩართული შიდა პარტიულ პროცესებში და ურთიერთობის დალაგება ბევრჯერ სცადა, თუმცა მხოლოდ ახლა დაინახა, რომ ეს შეუძლებელია. მისივე მტკიცებით, არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა პრობლემები გააორმაგა. ამასთან, „გირჩის“ ორივე რგოლი კვლავ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.
„ზურა მიხვდა, რომ ის სხვანაირად უყურებდა პოლიტიკის კეთებას, მათ შორის, ადამიანებთან ურთიერთობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „გირჩის“ პარტიული სიის მე-8 ნომერი, ანა ჩიქოვანი. მისივე აზრით, „გირჩი“, რომელიც არ აპირებს საბიუჯეტო დაფინანსების აღებას და მხარდამჭერების დაფინანსებით უნდა რომ იარსებოს, მხარდამჭერებთან უნდა იყოს ბევრად უფრო მოზომილი და თავაზიანი.
მათთან ურთიერთობისას არასდროს მქონია მოტივაციის ზრდაანა ჩიქოვანი
„არ იყვნენ მარტივად საურთიერთო ადამიანები - ასე ვერ დაჯდებოდი და ვერ დაელაპარაკებოდი შენს იდეებზე, არ იყო ის თავისუფლება რაც „გირჩს“ ახასიათებს, რაც ზურას ახასიათებს. მათთან ურთიერთობისას არასდროს მქონია მოტივაციის ზრდა. არ გისმენდნენ. თანასწორად არ გიყურებდნენ. ზურა ყველა ადამიანს თანაბრად უყურებს“.
„ვახოს გამო“
ყოფილი „გირჩელების“ ნაწილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარტიაში ზურა ჯაფარიძის მიყვანილ თანამშრომლებს მიზანმიმართულად უქმნიდნენ არაჯანსაღ გარემოს, აბულინგებდნენ და ამცირებდნენ მათ, რათა წასულიყვნენ სამსახურიდან.
„ძირითადად, უთანხმოება მომდიოდა ვახოსთან და იაგოსთან“, - ამბობს 22 წლის ელენე მეგრელიშვილი. ის 2 წლის წინ „გირჩში“ აქტივისტად მივიდა და მოგვიანებით პარტიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი გახდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვით.
„სულ დაძაბული მივდიოდი ოფისში. იმისგან კი არა, რომ მე რამე შემეშლება და არასწორად გავაკეთებდი, არამედ როგორ ხასიათზე იქნებოდნენ; როდის, ვინ, რაზე გვეჩხუბებოდა. არასდროს ყოფილა პრეტენზია საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, თვითონაც არ იყვნენ ჩამოყალიბებული, რა საქმე იყო გასაკეთებელი. პრეტენზია ჰქონდათ, რომ ვიყავი ზურას კადრი“.
სულ დაძაბული მივდიოდი ოფისშიელენე მეგრელიშვილი
„გირჩის“ პოლიტსაბჭოს წევრი, მარიტა რატიანი ფეისბუკის პოსტში ვახო მეგრელიშვილისა და იაგო ხვიჩიას ხისტ, უხეშ, ქედმაღლურ დამოკიდებულებებს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ პარტია სწორედ მეგრელიშვილის გამო დატოვა.
„საბოლოოდ დადგა საკითხი ასე: ვახომ თქვა, შენ ჩაეხსნები ფეიჯს, ჩაეხსნები ადამიანებთან ურთიერთობას (ადამიანებთან ურთიერთობას, რომელსაც მე დღემდე ჩემს მთავარ ნიჭად მიმაჩნია), ჩაეხსნები სქვირელ ნაითების ორგანიზებას და დაჯექი და პორტალზე ნიუსები წერე. (აქ იმასაც გავიხსენებ, რომ როდესაც ვლაპარაკობდით, ვინ ჩაიბარებს პორტალის ნიუსის ნაწილს, ვთქვი, რომ მე ჩავიბარებ, მაქვს გამოცდილება, გაზეთის რედაქტორადაც კი მიმუშავია, რაზეც ვახოს კომენტარმა, ჯერ მეც კი არ წამომიდგენია, რა უნდა კეთდებოდეს ამ მიმართულებით და შენ რას ჩაიბარებო, სრულიად ჩამაქრო, სრულიად დამიკარგა ხალისი, რომ რაიმე მეწერა. მე! დამიკარგა! ხალისი! მეწერა!, ამას უნდა მოხერხება.) ეს ჩემი ისტორია და ამას იქით, იყო ბევრი, ვისი ჩაქრობაც მოახერხა ამ ორმა ადამიანმა, ვინც ჩვეულებრივად გააგდო ამ ორმა ადამიანმა, ვისი ენთუზიაზმი ჩაკლა, შეურაცხყო და ა.შ.“
მარიტა რატიანი, ასევე, წერს, რომ ვახო მეგრელიშვილი, რომელიც ლიბერტარიანული პარტიის ლიდერად პოზიციონირებდა, ვერ იტანს კრიტიკას და ზუმში უთიშავს ხმას ადამიანებს, რომლებიც მცირე წინააღმდეგობას უწევენ მის მოსაზრებას.
პარტიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დიდი აროგანტულობით აფუჭებდნენ საქმესნიკა ობოლაძე
ნიკა ობოლაძე, რომელმაც „გირჩი“ რამდენიმე წლის წინ დატოვა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარტიაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც არ სურდათ პოლიტიკის კეთება, ვერ აფასებდნენ საკუთარ როლს ადეკვატურად, იყვნენ უმაღლეს მორალურ პედესტალზე და ძალიან დიდი აროგანტულობით აფუჭებდნენ საქმეს. ობოლაძის წასვლის გარშემო, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დაპირისპირება მოხდა ვახტანგ მეგრელიშვილსა და ზურაბ ჯაფარიძის შორის.
„პარტიიდან წადიო მომიწოდებდნენ, იმიტომ, რომ ტყუილად ჰაერს სუნთქავ აქო. არადა მათი სახელით გადაცემებში დავდიოდი, არც ფულს მაძლევდნენ და არაფერს“, - წერს ფეისბუკზე ცოტნე კობერიძე, რომელსაც „გირჩი ტვ-ზე“ მიჰყავს გადაცემა.
„ეგეთი ხასიათი მაქვს და არ ვაპირებ შევიცვალო“
ხასიათსა და ურთიერთობის ფორმებზე მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე დასმულ კითხვას ვახტანგ მეგრელიშვილი პასუხობს, რომ არ აპირებს, შეიცვალოს და „ძირითადი პრობლემა იყო მათი [გათავისუფლებულების] დაბალი კომპეტენცია“.
„რა ვქნა ეგეთი ადამიანი ვარ… ის, რომ მე ვიღაცებს არ ვთვლი, რომ კომპეტენტურები არიან და არაფერი ესაქმებოდათ „გირჩის“ ოფისში, ეს ჩვეულებრივი დაქირავებულ-დამქირავებლის ურთიერთობების ისტორიაა. ამ ისტორიების გარჩევას მე არ ვაპირებ“.
რა ვქნა ეგეთი ადამიანი ვარ…ვახტანგ მეგრელიშვილი
მეგრელიშვილის თქმით, თავდაპირველად, თებერვალში, ზურაბ ჯაფარიძემ მხოლოდ მას უთხრა, წასულიყო პარტიიდან, თუმცა „ფეხებზე დაიკიდა“. მისივე მტკიცებით, ჯაფარიძემ საკუთარი პოზიცია არც მაშინ განმარტა და არც ახლა ხსნის.
„ბულინგი არის ორმხრივი პროცესი - ცალმხრივად, ვიღაცა მოვიდეს სადარბაზოსთან და მეძახოს ცუდი სიტყვები, თუ მე ამას არ მივიღებ ჩემ თავზე, როგორ შეიძლება დავბულინგდე?“ - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ჰერმან საბო და ამატებს, რომ მისთვის კომუნიკაციის ფორმებს მნიშვნელობა არ აქვს.
ბულინგი არის ორმხრივი პროცესიჰერმან საბო
„მთავარი წუხილი რაც ზურასგან მომისმენია ხოლმე არის, რომ „ადამიანებს წესიერად ელაპარაკე“. ჩემთვის, იაგოს და ვახოს კომუნიკაციის ფორმები არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ „გირჩი“ როგორც პლატფორმა დაშალონ მისმა დამფუძნებლებმა“, - ამბობს ჰერმანი და განაგრძობს: „გირჩის შინაარსი არის ისეთი სისტემის შექმნა, სადაც თანაარსებობა შეეძლებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ერთმანეთი პიროვნულად არ მოსწონთ თუმცა მიზანი და მიმართულება აქვთ საერთო“.
იაგო ხვიჩიას მტკიცებით, მას ვახტანგ მეგრელიშვილთან იმავე დოზით ჰქონია კონფლიქტი, რაც ზურაბ ჯაფარიძესთან, რომელთანაც უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში „ყველაზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა“.
გაყრა
2020 წლის არჩევნების სადავო შედეგებითაც, „გირჩი“ საპარლამენტო პარტია გახდა. დედაქალაქში მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლით პარტიამ, მისი მცირეხნიანი არსებობის მიუხედავად, მესამე ადგილი დაიკავა.
„გირჩი“ აერთიანებს რამდენიმე პროექტს, როგორიცაა:
- ბიბლიური თავისუფლება - რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც წვევამდელებზე მღვდელმსახურის ცნობას გასცემს და მათ სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება;
- შმAXI - რომელიც თბილისის მერიის რეგულაციის, თეთრი ტაქსების საწინააღმდეგოდ შეიქმნა;
- გირჩი ტვ - პარტიის ტელეარხი;
- girchi.com - პარტიის ვებსაიტი.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მხოლოდ პარტიის სახელისა და ფეისბუკის გვერდის შენარჩუნებას ითხოვს, სხვა ყველაფერს კი ყოფილ თანაგუნდელებს უთმობს.
„ზურა ჯაფარიძე წასულია პარტიიდან. ეგ ყველაფერი, რასაც ამბობს, არის სისულელე. შეუძლებელია მაგის ტექნიკურად განხორციელება. „გირჩი“ არავისი არ არის, იმიტომ, რომ არ არის ნივთი. ინტელექტუალური საკუთრების ჩვენ „გირჩში“ არ გვჯერა. შესაბამისად, ფიზიკურად ხელის მოკიდება და წაღება არაფრის არ შეიძლება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც ჯაფარიძისთვის სახელის დათმობასაც არ აპირებს.
„ჩათვალეთ, რომ „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი „გირჩი“ იქნება“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.