საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ თქვა, რომ შეხვედრა არის წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. როგორც მან აღნიშნა, ეს ემსახურებოდა პოზიციების დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ, გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ქვეყანას ძალიან სჭირდება.
რაც შეეხება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ან მასთან დაკავშირებული პლებისციტის ჩატარების შესახებ, თალაკვაძე ამბობს: „განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ, არაერთხელ და ეს არ შეიცვლება. „ქართული ოცნება“ ამას არ განიხილავს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა თავისი არჩევანი ამ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. ჩვენ ჩვენი საჯარო პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, რომ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის, პლებისციტს, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, არ განიხილავს“.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, შემდეგი შეხვედრის შესახებ შეთანხმება ვერ მოხდებოდა, დღევანდელი შეხვედრა რომ არ ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი. მისი თქმით, არის რეალური ალბათობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს შეთანხმებით.
პარლამენტის სპიკერის განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, არაუგვიანეს 10 დღეში ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, უნდა ჩატარდეს პარლამენტის სხდომა. „შესაბამისად, გვიახლოვდება თარიღი, როდესაც პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა, ამას ვითვალისწინებთ ყველა მხარე და ჩვენ გვსურს, რომ დროულად მივაღწიოთ შეთანხმებას“, - დაამატა თალაკვაძემ.
ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.
დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.