COVID-19: დამატებითი საწოლებისთვის "რესპუბლიკური საავადმყოფო" რემონტდება

4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“, იგივე - „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ოთხი სართულის ფლიგელების გასარემონტებლად. საქართველოს მთავრობის №736 დადგენილებაში, რომელიც 2020 წლის 4 დეკემბრით არის დათარიღებული, სარემონტო სამუშაოების მიზნად „დამატებითი საწოლფონდის მობილიზება“ არის მითითებული.

„ახალი კორონავირუსით საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისთვის“ (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, №29-ში (ნაკვეთი 07/081) განთავსებული შენობა-ნაგებობა №2-ის (ნაკვეთი − 07/081; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.15.007.081) მიწისზედა მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულების 2-2 ფლიგელი) რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის გადაცემას, არაუმეტეს 4,000,000 ლარისა“ - მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ შინაარსის ნ) ქვეპუნქტი დაემატა „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) მე-3 მუხლს.

დადგენილებაში არ არის მითითებული საწოლების სავარაუდო რაოდენობა, რომელიც პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება "რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ოთხი სართულის ფლიგელების რეაბილიტაციის შემდეგ.