მდინარაძე: ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, ოპოზიცია შეუსრულებელ მოთხოვნებს აყენებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრისა და ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არავითარ შემთხვევაში არ შესრულდება ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

„გამორიცხულია (ვადამდელი არჩევნები). თვითონ იციან, რომ ამაზე ჩვენ ვართ უარს. ეს იცოდნენ ერთი თვის წინაც... მათ მოიგონეს, რომ გაყალბდა არჩევნები...

ვერ ვუღალატებთ ჩვენს ამომრჩეველს - მილიონამდე ადამიანს და ვერც იმ ორ მილიონ ადამიანს, რომლებმაც საბოლოო ჯამში, შედეგების მიხედვით გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება კვლავ „ქართულმა ოცნებამ უნდა ჩაიბაროს...

ამიტომ არანაირი საუბარი ახალ არჩევნებზე არ იქნება და ეს იციან ძალიან კარგად“, - განაცხადა მდინარაძემ 5 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას.

ვადამდელი არჩევნების ჩატარება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა და, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, სწორედ ეს მოთხოვნა წარმოადგენს იმ გეგმის მთავარ ქვაკუთხედს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით მათ 4 დეკემბერს „დაბეჭდილი სახით“ გაუგზავნეს „ქართულ ოცნებას“. განცხადებების თანახმად, ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე, ოპოზიცია კვლავაც ბოიკოტის რეჟიმს შეინარჩუნებს და პარლამენტში არ შევა.

აშშ-ისა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული კომპლექსური გეგმის კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ - პრინციპულ საკითხებს ასევე წარმოადგენს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მისაღებად მიიჩნევს პლებისციტის ჩატარებასაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხის ჭრილში.

მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე გაეცნო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ გეგმას, რომელშიც არაერთი საკითხია გაერთიანებული. მისი თქმით - „მოლაპარაკებათა მაგიდაზე დევს ბევრი ისეთი საკითხი, რაზეც საუბარი შეიძლება“.

ვადამდელი არჩევნების ჭრილში მდინარაძე გამორიცხავს პლებისციტის ჩატარებასაც - „მერე პლებისციტის შედეგები არ მოეწონებათ და (იტყვიან) მოდით, ხელახლა ვკითხოთ ხალხს - ეს პლებისციტი გაყალბდა თუ არა, ან ხელახალი პლებისციტი ჩატარდეს თუ არა“.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ეს საკითხებიც შეუსრულებელია.

„არცერთი ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის - არც დიქტატორები, წავლენ ამაზე, მათაც ეყოფათ ჭკუა - ამით დიქტატორობა ზედმეტად არ დამაბრალონო. როგორ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში ვილაპარაკოთ - რას გააკეთებს (ცესკოს თავმჯდომარე თამარ) ჟვანია, რას გააკეთებს სასამართლო და ეს ჩადო პოლიტიკურ შეთანხმებაში - ეს ხომ წარმოუდგენელია...

ანუ სპეციალურად გამოაგდეს საჯაროდ სამი ისეთი საკითხი, რომელზეც, რომ გინდოდეს... (პირობითად ვამბობ, ვინმემ რამე კუდი რომ არ მოაბას) რომ გინდოდეს, ამაზე ვერ დაეთანხმები ვერასდროს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ოპოზიციის განცხადებით, ისინი „ქართული ოცნებისგან“ ასევე წერილობით პასუხს მოელიან.

4 დეკემბერს, ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა პროცესის გასაგრძელებლად ორი დღე მოითხოვეს.