ოკუპირებულ ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე, საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, აქციის ორგანიზატორები არიან ცხინვალელი მილიციელების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები. მოედანზე ჯაბიევის ცოლი და ახლო ნათესავები არიან შეკრებილი და მათი მოთხოვნები უცვლელია: ინალ ჯაბიევის მკვლელობის სამართლიანი გამოძიება და იმ პირთა უმკაცრესად დასჯა, ვინც ამ დანაშაულის თანამონაწილეა. 15-მდე ადამიანმა ღამე თეატრალურ მოედანზე გაათენა, იქვე მუდმივად მეთვალყურეობდნენ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
„სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ღამით კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს, არც ცეცხლი აგვანთებინეს, რომ გავმთბარიყავით. ჩვენი აქცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ინალის საქმის სამართლიან გამოძიებას არ მივაღწევთ. ჩვენ საპროტესტო აქციაზე გამოუვალი მდგომარეობის გამო გამოვედით. ვერ ვხედავთ გამოძიების საქმეში სამართლიანობას. სამი თვე გავიდა და არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ აქ ვიდგებით, ვიდრე სამართლიანობას არ მივაღწევთ“, - უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს გარდაცვლილის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ. მან აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურა დამნაშავეების დაცვით არის დაკავებული ნაცვლად იმისა, რომ ობიექტური გამოძიება ჩაატაროს. პარასკევს, დღისით, ჯაბიევის ცოლი პლაკატებით მარტო მივიდა ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან. ჯაბიევი პარალელურად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც იყო, ამიტომ მისი ცოლი რუსეთის საელჩოსაც სთხოვს, დაინტერესდეს მკვლელობის საქმის გამოძიებით. სოტიევამ ოსურ საზოგადოებას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გვერდში დგომისა და აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა. სოტიევამ ცხინვალელებს სოციალური ქსელით მიმართა. მისი თქმით, სამართალდამცავები მისი ქმრის სახელის შეურაცხყოფითა და დამნაშავეების დაცვით არიან დაკავებული.
„გენერალურ პროკურატურას საქმე ისე მიჰყავს, რომ ინალის სახელი ყველაზე ნეგატიური კუთხით წარმოაჩინოს. პროკურატურამ წარმოგვიდგინა ექსპერტიზის გაუგებარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამტკიცებენ, რომ ინალი გადატანილი ცემისა და წამების გამო კი არ დაიღუპა, არამედ ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის გამო. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ჩვენ არ გვიტოვებს არჩევანს, არ გვიტოვებს სამართლიანობის იმედს. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, დავიწყოთ უწყვეტი საპროტესტო აქციები, კანონით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით“, - დაწერა სოციალურ ქსელში ოქსანა სოტიევამ.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მწვავდებადე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი საპასუხო განცხადება გაავრცელა და ცხინვალელებს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისგან თავის შეკავება ურჩია. დე ფაქტო შსს ქუჩაში აქციებზე გამოსულებს ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრა. ღამით აქციის მონაწილეებთან დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ფუხაევი მივიდა. ცხინვალელი ჟურნალისტების ცნობით, ფუხაევმა ჯაბიევის ნათესავებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება და ყველა დამნაშავე დაისჯება, ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებს დაშლისა და სახლებში წასვლისკენ მოუწოდა. ჯაბიევის ნათესავები ფუხაევის სიტყვებს არ ენდნენ და საპროტესტო აქციების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრებს სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. „სახალხო პარტიამ“ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
„კორონავირუსის პანდემიის თანხლებით, სახელმწიფო-პლიტიკური კრიზისი პირდაპირ შეიცავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის საფრთხეს და დარტყმის ქვეშ აყენებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ნდობის დაკარგვა კანონის, სამართლიანობის და ხელისუფლების მიმართ არის კატალიზატორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური არასტაბილურობის, რაც აუცილებლად გადაიზრდება საპროტესტო აქციებსა და სახალხო მღელვარებაში. პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სამართლიანობის განცდა დაეხმარა ჩვენს ხალხს, მოეპოვებინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - წერია „სახალხო პარტიის“ განცხადებაში.
ასევე ნახეთ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი გაახსენდათ - ექსპერტიზის დასკვნით აღშფოთებული ოჯახიდე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მოწოდებით, დააბრუნოს პოლიტიკური ვითარება კანონის ფარგლებში და გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ადგილობრივი საზოგადოების პროგრესულ ნაწილს აღარც სამართალდამცავების ნდობა აქვს და აღარც სამედიცინო ექსპერტიზის. ცხინვალში კი კიდევ ერთხელ გაახსენდათ არჩილ ტატუნაშვილი და მისი საქმე. ჩვენი წყაროს აზრით, ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შიდა გამოძიება რომ დაწყებულიყო და ვინმე დასჯილიყო, შეიძლება აღარც ინალ ჯაბიევი მომკვდარიყო.
„ტატუნაშვილი კიდევ ერთხელ გაგვახსენდა და ახლა ამ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ უფრო ცხადი ხდება, როგორ იკერება საქმეები და როგორ ცდილობენ ე.წ. მუნდირის დაცვას და საკუთარი თანამშრომლების გადარჩენას სისტემაში. წამება სასტიკად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ ტატუნაშვილზეც ექსპერტიზამ გულის შეტევა დაასახელა და ახლა ინალიც ვითომ ნარკომანი იყო და „ლომკის“ გამო გულის შეტევით მოკვდა. ეს ხომ გარდაცვლილის და მისი ოჯახის მიმართ ცინიზმი და შეურაცხყოფაა. იქნებ სიკვდილამდე ან მის შემდეგ გაუკეთეს ნარკოტიკი? ამას დაადგენს გამოძიება? არ გვაქვს ამ გამოძიების ნდობა. აქ პატარა საზოგადოება ვართ და ყველამ ვიცით, ვინ როგორ ცხოვრობს. ამ ბიჭის ნარკომანობა არავის გაუგია, მაგრამ ბიბილოვი იმ ხალხს უგზავნის მესიჯს, ვინც სექტემბერში საპროტესტო აქციაზე ქუჩაში გამოვიდა და მკვლელების დასჯა მოითხოვა. ამ მესიჯის შინაარსი კი ასეთია: „თქვენ, რა, ნარკომანს იცავთ?“ - მაგრამ არავის აქვს უფლება, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ცემით და წამებით მოკლას და, იმედია, ამას იაზრებს ჩვენი საზოგადოება. ახლა მაქსიმალურად ეცდებიან დაკავებულ მილიციელებს ბრალი შეუმსუბუქონ, მაგრამ დაღუპულის ოჯახი და მისი ადვოკატები უკან დახევას არ აპირებენ“, - გვეუბნება ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების დასაცავად არ ვასახელებთ.
30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევი მილიციელებმა აწამეს და სცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. გადადგა დე ფაქტო მთავრობა, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა, რომლის გადადგომასაც დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა მოითხოვს და ამ მოთხოვნის შესრულებამდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება. დაღუპულის ცოლი, ოქსანა სოტიევა, მიიჩნევს, რომ გამოძიება სამართლიანად არ მიმდინარეობს და ცხინვალის ცენტრში მან პერმანენტული აქციები დაიწყო.