ბათუმში გარდაცვლილი 31 წლის ქალის ოჯახი დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობს

ბათუმში 31 წლის ქალი 25 ნოემბერს ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ, კლინიკა „მედინაში” 3 დეკემბერს გაირდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის დედას ეჭვი აქვს რომ ის ერთ-ერთ კლინიკაში კონსულტაციაზე ყოფნისას დაინფიცირდა, ბათუმის სამშობიაროში კი მისი, როგორც კოვიდპაციენტის მკურნალობა დაგვიანებით დაიწყეს და ამან გამოიწვია მისი მდგომარეობის დამძიმება. გულნაზ დოლიძე ამბობს, რომ მისი შვილი სამშობიაროში ყოფნისას ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე ჩიოდა, დაგვიანებულ მკურნალობაზე კი, გარდაცვლილის გარდა, დედის თქმით, იმ კლინიკის დირექტორიც საუბრობდა, სადაც გარდაცვლილი მშობიარობის შემდეგ მდგომარეობის გართულების შემდეგ გადაიყვანეს.

„მეუბნებოდა ჩემი შვილი, გატყუებენ, დედიკო, ღამით ექთანი ერთხელაც არ შემოდისო. დავურეკე დირექტორს, და ვუთხარი, კატე გადავუღოთ-თქო. კატეს მიხედვით მიდის მკურნალობა, ქალბატონოო, მიპასუხა და უკეთესობა არისო, ხვალ უფრო უკეთესად იქნებაო. ბატონი უნგიაძეც [კლინიკა „მედინას“ კლინიკური დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე] ამათ აბრალის. ბევრჯერ შემხვდა ბატონი უნგიაძე და მითხრა, რომ თქვენი შვილის მკურნალობა დააგვიანა ბათუმის სამშობიარო სახლმაო“, - ამბობს გულნაზ დოლიძე. მისი თქმით, სამშობიაროში მას არწმუნებდნენ, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ იყო.

ჯუმბერ უნგიაძის 3 დეკემბერს საჯაროდ გაკეთებული განცხადება განსხვავდება იმისგან, რასაც გარდაცვლილის დედა ჰყვება. კლინიკა „მედინას“ კლინიკურმა დირექტორმა 31 წლის ქალის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაციენტს ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლში ადეკვატური მკურნალობა უტარდებოდა და მისი მდგომარეობა ამის მიუხედავად დღითი დღე უარესდებოდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულმა ორსულმა ქალმა დაჩქარებული საკეისრო კვეთით 25 ნოემბერს ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, რომელიც უკვე სახლშია გაწერილი. ქალის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ პროგრესულად უარესდებოდა.

„26-დან 27 ნოემბერს ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან ის გადმოიყვანეს „მედინაში“, სადაც იმ წუთშივე ჩაუტარდა „გაიდლაინით" გათვალისწინებული კვლევა და მკურნალობა. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ფილტვის ქსოვილის დიდი დაზიანება, პნევმონია 23-ქულიანი, საკმაოდ მაღალი და მას მაღალი ნაკადით მიეწოდებოდა ჟანგბადი. მკურნალობის ფონზე 1 და 2 დეკემბერს მდგომარეობა გაუმჯობესდა, შედარებით უკეთესად გახდა მელოგინე. მაგრამ, გუშინ, ღამის 3 საათზე მოხდა თრომბოემბოლია ფილტვის არტერიის, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია. ჩატარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. აღდგა გულის მუშაობა, მაგრამ დღეს შუადღისთვის ისევ გაჩერდა და, სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო“, - განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ 3 დეკემბერს.

„მე ვთვლი, რომ იქ [ბათუმის სამშობიარო სახლში] დაუგვიანეს მკურნალობა. იმიტომ რომ ერთი კვირა იწვა, ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა და ყელი ჰქონდა გადაკეტილი, მაგრამ არცერთმა ექიმმა არ მოიკითხა დირექტორთან. მე მქონდა დირექტორთან საუბარი და მეუბნებოდა, კარგად არისო, ხვალ უფრო წინსვლა გვექნებაო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის დედამ, გულნაზ დოლიძემ 4 დეკემბერს.

„ტვ პირველი“ ავრცელებს გარდაცვლილი პაციენტის პირად მიმოწერას ახლობლებთან, სადაც ახალგაზრდა ქალი წერს, რომ დახმარების თხოვნის პასუხად ექიმები მას უყვირიან და ეშინია, რომ „გაგუდული დახვდება“ მათ.

31 წლის ქალის გარდაცვალებას 4 დეკემბერს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. გარდაცვლილი პაციენტის გავრცელებულ პირად მიმოწერასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ „ინფორმაცია სხვადასხვა ვრცელდება და ინფორმაციას სჭირდება დადასტურება“.

„ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის მონიტორინგი ტარდება საავადმყოფოებში, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს. ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება, ექვემდებარება გადამოწმებას. კონკრეტულ მიმოწერაზე ახლა ვერაფერს გეტყვით“, - თქვა თამარ გაბუნიამ და აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველა ინფორმაციას გადაამოწმებს და შესაბამისი რეაგირებაც ექნება. მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური ამ შემთხვევასაც, ისევე როგორც ყველა მსგავს საქმეს, შეისწავლის.

„ინფორმაცია, რომელიც ჩვენ კლინიკიდან გვაქვს, არის ის, რომ ის ეტაპები, რომლებიც გაიარა პაციენტმა, რეალურად არის პროტოკოლით გათვალისწინებული. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. ქალბატონს თანმხლები დაავადებები ან რაიმე სხვა მიზეზი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მდგომარეობის გართულება, არ უფიქსირდება“, - თქვა თამარ გაბუნიამ.

4 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების ოფიციალური რიცხვია 1425.

ასევე ნახეთ: 24 წლის კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა განმარტებას აკეთებს

კოვიდით გარდაცვლილი 19 წლის თეკლას დედა ჰყვება როგორ ეძებდნენ ადგილს საავადმყოფოში