ბათუმში 31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალა

31 წლის ქალი ბათუმში დღეს, 3 დეკემბერს, კლინიკა „მედინა"-ში კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა. როგორც „მედინა"-ს კლინიკური დირექტორი ჯუმბერ უნგიაძემ უთხრა ჟუნალისტებს, ინფიცირებულმა ორსულმა ქალმა საკეისრო კვეთით 25 ნოემბერს ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. შემდეგ კი მისი ვითარება დამძიმდა. უნგიაძის თმით, პაციენტს არ ჰქონია თანმხლები, სომატური დაავადებები, მაგრამ ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება: „ფილტვის ქსოვილი ფაქტიურად აღარ ჰქონდა. ასე რომ, ამან გამოიწვია მისი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო“.

როგორც ექიმი განმარტავს, პაციენტი თავდაპირველად ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა. მისი მდგომარეობა კი ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად დღითი დღე უარესდებოდა: „ჰქონდა გამოხატული ცვლილებები, როგორც კლინიკური, ისე სუბიექტურად - სუნთქვის უკმარისობა. რომელიც მოქმედებდა არა მარტო ორსულის მდგომარეობაზე, არამედ აისახა ნაყოფის მდგომარეობაზეც. 25-ში საღამოს მისი მდგომარეიობა კიდევ უფრო დამძიმდა. 25- შივე ღამით ჩატარებულია ურგენტული საკეიოსრო კვეთა, ვინაიდან არ იყო პირობები, რომ გვემშობიარებინა, არ იყო მზად სამშობიარო გზები. აქედან გამომდინარე 25-ში საღამოს გამოყვანილი იყო დროული ცოცხალი ბავშვი, საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა ძალიან კარგია. ბავშვი უკვე გაეწერა სახლში. მაგრამ მელოგინე დედის მდგომარეობა პროგრესულად უარესდებოდა. ამიტომ 26 დან 27 ნოემბერს ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან ის გადმოიყვანეს „მედინა"-ში, სადაც იმ წუთშივე ჩაუტარდა „გაიდლაინით" გათვალისწინებული კვლევა და მკურნალობა. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა, ფილტვის ქსოვილის დიდი დაზიანება, პნევმონია 23-ქულიანი, საკმაოდ მაღალი და მას, მაღალი ნაკადით მიეწოდებოდა ჟანგბადი. მკურნალობის ფონზე 1 და 2 დეკემბერს მდგომარეობა გაუმჯობესდა, შედარებით უკეთესად გახდა მელოგინე. მაგრამ, გუშინ, ღამის 3 საათზე მოხდა თრომბოემბოლია ფილტვის არტერიის, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია. ჩატარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. აღდგა გულის მუშაობა, მაგრამ დღეს შუადღისთვის ისევ გაჩერდა და სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო“, - განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, აჭარაში - 525-ს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 947-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა.