ცნობილია, რომელი თვითდასაქმებული და როგორ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას

300-ლარიან დახმარებას ყველა თვითდასაქმებული ვერ მიიღებს. დახმარების მისაღებად აუცილებელია თვითდასაქმებული რეგისტრირებული იყო შემოსავლების სამსახურის ბაზაში (ინდ. მეწარმედ) ან მისი სამუშაო ადგილიდან წარადგინონ ინფორმაცია თვითდასაქმებულის შესახებ.

გამოდის, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღისგან განსხვავებით, დახმარებას ვერ მიიღებენ სახელმწიფო ბაზაში დაურეგისტრირებელი რეპეტიტორები, გარემოვაჭრეები, მეყვავილეები, ბინის გაქირავებითა თუ სხვა ბიზნესით დაკავებული პირები. ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ უმუშევრად დარჩენილი ყველა თვითდასაქმებული დახმარებას ვერ მიიღებს.

"დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება", - ასე განმარტავს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დახმარების მიმღებთა წრეს.

დახმარების მისაღებად საჭიროა:

  • სარეგისტრაციო განაცხადები აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან eservices.rs.ge;
  • შემოსავალების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარადგენენ ელექტონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ინფორმაციის წარდგენის ვადა დღეიდან 24 დეკემბრის ჩათვლით არის, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მიღებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ამოწმებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა თვითდასაქმებულს 3 დღის ვადაში ჩაერიცხება.