საკუთარი ფეხების ამარა - რა გამოსავალს პოულობენ ისინი, ვისთვისაც ტაქსი ძვირია 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო მოსახლეობის იმ ნაწილი, რომელსაც არც მანქანა ჰყავს და არც ტაქსის ფული აქვს. მოხუცები, სოციალურად დაუცველები და ისნი, ვინც სამსახურის შენარჩუნება მოახერხა, დიდწილად მოწყალებაზე გახდნენ დამოკიდებულნი.

ხანდაზმულთა თავშესაფარ „კათარზისში“, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მდებარეობს, მოხუცები ქალაქის ყველა უბნიდან დღეში ერთხელ უფასო ცხელი სადილისთვის დადიოდნენ. მას შემდეგ, რაც მეტროც დაიხურა და აღარც ავტობუსებია, მოხუცები სახლში გამოიკეტნენ.

მარტოხელა მოხუცები არიან. თუ ვინმე ჰყავთ, ისიც სოციალურად დაუცველი, რომელიც [აღმაშენებლის გამზირამდე] ვერ მოიყვანს. ვინც ახლოს ცხოვრობს, კი მოდის თავისით, მაგრამ ვინც ლილოში ან გლდანშია, ის ვერა. იქ უკვე მოხალისეების საშუალებით ვაწვდით საკვებს“, - ამბობს გულიკო ომანიშვილი, „კათარზისის“ პრეზიდენტის თანაშემწე.

სამუშაო დღეებში დედაქალაქში 500 ათასი ავტომობილი დადის, შაბათ-კვირას - 430-450 ათასი.კარანტინის პერიოდში მოხუცების დახმარება მოხალისეებმა უკვე მეორედ იტვირთეს. „კათარზისს“ კომპანია „გლოვო“ ეხმარება, საკვები უფასოდ მიაქვთ.

„80-100 ადამიანთან მიაქვთ დღეში, ზოგთან მზა კერძები, ზოგთან კი პროდუქტები. ამ 3-4 დღეში 405 ხანდაზმულს წავუღეთ საკვები“, - ამბობს გულიკო ომანიშვილი.

გაზაფხულიდან მოყოლებული „კათარზისს“ კოვიდრეგულაციების გამო კიდევ 25-მდე ბენეფიციარი დაემატა.

მხოლოდ თბილისში საზოგადოებრივი ტრასნპორტით ყოველდღე მილიონზე მეტი მგზავრობა ფიქსირდებოდა: 350 ათასი მგზავრობა მეტროთი, 350 ათასი - ავტობუსით და ამდენივე - სამარშრუტო ტაქსით. ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ამბობს, რომ ეს რიცხვი გულისხმობს ერთი და იმავე ადამიანის მიერ რამდენჯერმე მგზავრობასაც.

სამუშაო დღეებში დედაქალაქში 500 ათასი ავტომობილი დადის, შაბათ-კვირას - 430-450 ათასი. 2020 წლის მონაცემებით, თბილისში 1 200 000 ადამიანამდე ცხოვრობს, შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ტაქსის, ველოსიპედის ან ფეხით გადაადგილების იმედად რჩება.

BBC სტატიაში „ლოკდაუნის რომელი ზომები გაატარეს ევროპაში“ არსად წერია, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. ევროპაში ძირითადი შეზღუდვები ბარების, რესტორნების, სალონებისა და მსგავსი დაწესებულებების დახურვაზე მოდის.

საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ მათ, ვინც სამსახური შეინარჩუნა, თითქმის გადაუჭრელი პრობლემები შეუქმნა.

„ბევრს სამსახურიდან უშვებენ იმის გამო, რომ მისვლას ვერ ახერხებს, ან ხელფასიდან თანხას აკლებენ, რადგან სრული სამუშაო დრო იქ ვერ გაატარა. ძალიან ცოტაა ისეთი დამსაქმებელი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო თანამშრომლები სამსახურამდე მოეყვანა“, - ამბობს ის.

წინა ლოკდაუნის პერიოდში პრობლემა იყო ისიც, რომ ერთ-ერთი სავაჭრო ქსელი თანამშრომლებს სთხოვდა ღამე ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების საწყობში გაეთია. ამჯერად მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გვქონია“, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

წინა ლოკდაუნის გამოცდილებით, „ნდობის“ ტელეფონზე, რომელიც ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებდა, ხშირად რეკავდნენ სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები. მათ აინტერესებდათ, როგორ უნდა მიეღწიათ იმ ცენტრამდე, სადაც აღრიცხულები იყვნენ და აუცილებელ მედიკამენტებს ღებულობდნენ.

მეტრო და მეტროს ამოსასვლელი სადგურები ის ადგილებია, სადაც ხშირად ჩანან ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ. ბევრი მათგანი ვაგონიდან ვაგონში, ერთი სადგურიდან მეორეში გადადის და თანხას ასე აგროვებს. ამჯერად საარსებო საშუალება მათაც დაკარგეს.

„ვორლდ ვიჟენ - საქართველოს“ ბავშვთა დაცვის პროგრამების მენეჯერი მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუქმებამ პრობლემა შეუქმნა დღის ცენტრების ბენეფიციარი ბავშვების ოჯახებსაც, რომლებიც ძირითადად ქუჩაში წვრილმანი ვაჭრობით ან მოწყალების თხოვნით ირჩენდნენ თავს.

„ახლა ვერც თავად გამოდიან და ხალხიც არ არის ქუჩაში, რომ ვინმემ რამე მისცეს. სახლებში არიან ჩაკეტილი. ჩვენ ვაწვდით საჭმელს“, - ამბობს ის.

დათო, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს, ამბობს, რომ ქუჩაში არც იმდენი კლიენტია, რომ ტაქსისტები მოულოდნელად გამდიდრნენ, მით უფრო, რომ ვისაც როგორ აქვს, ისე იხდის“.

ფასები არ გაზრდილა. ზოგი ტაქსისტი კი ამბობს, აქედან იქამდე 15 ლარი გადამიხადესო, მაგრამ მე ჯერ არ შემხვედრია მსგავსი მგზავრი. დილით თბილისიდან წავკისში მიმყავს ერთი, მერე უკან მომყავს, ის მიხდის 50 ლარს, უფრო სწორად, სამსახური უხდის. მერე დღის განმავლობაში, არა უშავს, ისე გამომდის“.

ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ ხალხის რაოდენობა ბევრი მხოლოდ საღამოსაა, როდესაც კომენდანტის საათი ახლოვდება, მაგრამმაშინ უკვე მეც სახლში უნდა მივასწრო და რა აზრი აქვს“?!