დეკემბერში დაინიშნა გვარამიას, უგულავას, ოქრუაშვილის და მელიას სასამართლო პროცესები

სამი პოლიტიკოსის და „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები გაიმართება დეკემბერში. თავდაპირველად გვარამიას სასამართლო პროცესის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც 7 დეკემბერს განახლდება. მოგვიანებით პოლიტიკოსებმა განაცხადეს სასამართლოდან მიღებული შეტყობინების შესახებ.

„ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ მისი სასამართლო პროცესი 10 დეკემბერს ჩატარდება. მას ამის შესახებ ადვოკატმა აცნობა.

საქმე, რომლის ფარგლებშიც უგულავა 2014 წელს იყო დაკავებული, ეხება საქართველოში ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. შავი ფულის შემოტანას. გამოძიების მტკიცებით, თანხა შემდგომში უნდა მოხმარებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.

„ვინც არ უნდა დაგვიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება არ უნდა იყოს სავაჭრო საგანი. არ გაიცვლება რიგგარეშე არჩევნები ჩემს თავისუფლებაზე", - თქვა გიგი უგულავამ „მთავარი არხის" ეთერში.

14 დეკემბერს გაიმართება „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი. „ახლა ვნახე, ადვოკატების სმს-ი შენი საქმე განახლდა 14 დეკემბრიდანო", - წერს ოქრუაშვილი „ფეისბუკზე". ოქრუაშვილს ჯერ კიდევ „20 ივნისის საქმეზე" დაკავების შემდეგ წარუდგინეს ბრალი ბუტა რობაქიძის საქმეზე (ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს პოლიციელის მიერ გასროლილმა ტყვიამ სასიკვდილოდ დაჭრა) სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

15 დეკემბერს დანიშნეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე "ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე", საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს შეაბეს, რომელიც მან 2020 წლის 1 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

კიდევ ერთ, „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს, 88 დეპუტატის მხარდაჭერით შეუწყვიტა უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ. უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო.

2020 წლის თებერვალში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, განსხვავებით წინა ორი ინსტანციისგან, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო თბილისის მერობის პერიოდში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა. ამას წინ უძღოდა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება.