აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ ტექსტის გამოქვეყნებამ. როგორც სოხუმში ამტკიცებენ, დოკუმენტი, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება ხელმოწერამდე განხილული პროექტისგან, „რესპუბლიკის სუვერენიტეტსაც“ უქმნის საფრთხეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ახრა არისტავა, ამბობს, რომ ქებას იმსახურებენ დოკუმენტის მომზადებაში ჩართული რუსი სპეციალისტები, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად დაიცვეს რუსეთის ფედერაციის ინტერესები, მაშინ როცა აფხაზეთის ინტერესები არადამაჯერებლად არის წარმოჩენილი.
ჰარმონიზაცია რუსულად
რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“ 12 ნოემბერს გაფორმდა სოჭში, ვლადიმირ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრის შემდეგ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოკუმენტსაც პუტინმა და ბჟანიამ მოაწერეს ხელი, თუმცა, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე ატვირთული დოკუმენტიდან ჩანს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროგრამის ტექსტს ხელს აწერენ მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები, მარატ ხუსნულინი და დმიტრი კოზაკი.
დოკუმენტიდან ასევე ჩანს, რომ „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“ შედგება 45 პუნქტისგან, რომელთა მიხედვით გაწერილი მოთხოვნები უნდა შესრულდეს მომავალი სამი წლის განმავლობაში, ანუ 2023 წლის ბოლომდე. საუბარია კანონებსა და ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც უნდა დაამტკიცოს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ და პარლამენტმა სხვადასხვა, მათ შორის, ენერგეტიკის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი, ახრა ბჟანია, ამბობს, რომ გაუგებარი მიზეზის გამო 45-პუნქტიანი დოკუმენტი რატომღაც მიბმულია 2014 წლის მოკავშირეობისა და პარტნიორობის ხელშეკრულებაზე; მეტიც, ხაზია გასმული, რომ პროგრამას ხელი მოეწერა 2014 წელს დადებული ხელშეკრულების რეალიზაციის მიზნით.
არადა, როგორც ახრა ბჟანია განმარტავს, 2014 წელს მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს:
- კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას;
- უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნას;
- აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელის შეწყობას;
- პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულფასოვანი ჩართვისათვის პირობების შექმნას;
- საერთო კულტურული სივრცის შენარჩუნებას.
„2014 წლის დოკუმენტში ვერსად ნახავთ ჩანაწერს ორმაგ მოქალაქეობაზე, მიგრაციის პოლიტიკაზე, ენერგეტიკის საკითხებზე, კრიპტოვალუტის გამომუშავებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულაციაზე. არაფერი მსგავსი იქ არ არის, ამიტომ არ მესმის, როგორ შეიძლება 12 ნოემბრის დოკუმენტი იყოს ლოგიკური გაგრძელება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულებისა. ისეთი პუნქტების მთელი რიგია, რომლებიც არა კანონმდებლობების ჰარმონიზაციას, არამედ ერთი კანონმდებლობის მეორით ჩანაცვლებას გულისხმობს“, - ამბობს ახრა ბჟანია რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში.
სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასი პუნქტები
დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ახრა არისტავა, ამბობს, რომ მთელი დოკუმენტი მორგებულია რუსეთის ფედერაციის ინტერესს, პუნქტების ნაწილი კი საერთოდაც ეწინააღმდეგება როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციას, ასევე ე.წ. ცხოვრების აფხაზურ წესს.
„ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო ბაზის შეცვლას [უცხოეთის აგენტის სტატუსის მინიჭებას]. ესეც ჩვენი ხალხის მენტალიტეტისა და ცხოვრების წესის დაცვის საკითხია. აფხაზეთში სხვაგვარი კულტურაა, აქ ათასი წლის განმავლობაში ადამიანები მიეჩვივნენ ერთმანეთისთვის სიმართლის პირში თქმას. და მხოლოდ იმის გამო, რომ საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან გარკვეული ორგანიზაციები, აფხაზს ან აფხაზეთის ნებისმიერ მოქალაქეს, რუსი იქნება თუ სომეხი, რომელიც მიჩვეულია აქაური წესებით ცხოვრებას, ვერავინ ამოუკერავს პირს. ეს ინსტრუმენტები აფხაზეთში ვერ იმუშავებენ. აფხაზური ცხოვრების წესის საკითხია. ხელისუფლებას რისთვის ირჩევენ? იმისათვის, რომ დაიცვას აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ინტერესები, მათ შორის, ამ საკითხში“, - ამბობს აფხაზი პოლიტიკოსი.
12 ნოემბერს ხელმოწერილი პროგრამა ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდელობით აკრძალული საქმიანობის რეგულირების სფეროში მოქცევას. კერძოდ, საუბარია ცვლილებების შეტანაზე ენერგეტიკის შესახებ კანონში, რადგან აფხაზეთის კანონმდებლობით აკრძალულია 5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ენერგოობიექტების პრივატიზება. როგორც ცნობილი აფხაზი პოლიტოლოგი იზიდა ჭანია ვარაუდობს, რუს ჩინოვნიკებს ეს ცვლილებები ჰიდროელექტროსადგურების პრივატიზებისა და მშენებლობისთვის სჭირდებათ.
„საყურადღებოა, რომ რუსეთში უკუპროცესია დაწყებული, ხდება ენერგოობიექტების ნაციონალიზაცია. გამოდის, რომ რუსეთი ცდილობს „ძველი ფოცხების“ ჩვენთვის შეტენას“, - ამბობს იზიდა ჭანია.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი ახრა ბჟანია კი შენიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობაც იძლევა ენერგეტიკის სექტორში უცხოური ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობას:
„ვგულისხმობ გენერაციას, განაწილებას, ლოკალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს. აკრძალვა შეეხება გადამცემ ხაზებს, მაგრამ ასეთი აკრძალვა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, რადგან მიიჩნევა, რომ ეს სტრატეგიული რესურსია და მას მხოლოდ სახელმწიფო უნდა ფლობდეს“.
ასევე ნახეთ რატომ დანებდა ბჟანია
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მტკივნეულია აფხაზეთისთვის, უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებას.
რისთვის უნდათ რუსებს აფხაზეთის მოქალაქეობა, რომლითაც რუსეთს ვერ გაცდებიან? მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთში უძრავი ქონების შესაძენად.ახრა ბჟანია
„რისთვის უნდათ რუსებს აფხაზეთის მოქალაქეობა, რომლითაც რუსეთს ვერ გასცდებიან?“ - კითხულობს აფხაზი პოლიტოლოგი, - „მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთში უძრავი ქონების შესაძენად. რატომ ეწინააღმდეგებიან ამას აფხაზეთში? იმიტომ, რომ კანონის მიღების შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აირჩევენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ხოლო უძრავი ქონების ფასი ისე გაიზრდება, რომ რესპუბლიკის დღევანდელი მოქალაქეები ვერასოდეს გადაჭრიან საცხოვრებლის პრობლემას. ასე რომ, მოცემული დოკუმენტი რაღაც ჰარმონიზაციას კი არა, რუსული ბიზნესჯგუფების ინტერესების ლობირებას გულისხმობს“.
რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“ ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის ელექტროქსელისა და მთლიანად ენერგეტიკის ტარიფიკაციას, ანუ ტარიფების დადგენას, თუმცა არაფერია ნათქვამი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ნავთობპროდუქტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნედლეულის ტარიფიკაციაზე, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ახრა არისტავას, თქმით, გარდა იმისა, რომ უსამართლოა, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს აფხაზეთის მოსახლეობას.
„საქმე ისაა, რომ ყოველი ნაბიჯი, დაკავშირებული ტარიფებისა და გადასახადების გაზრდასთან, გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ დაცულობასა და ცხოვრების დონეზე, რასაც, როგორც წესი, ყოველთვის მივყავართ პოლიტიკურ კრიზისამდე... 2014 წლის ხელშეკრულებაში მთავარი პუნქტი იყო ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა. ეს საკვანძო პუნქტია! აქედან გამომდინარე უნდა ჩამოყალიბდეს ყველა დანარჩენი საკითხი. როცა 2014 წლის ხელშეკრულება მზადდებოდა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი. მაშინ ჩვენი ძალისხმევით დაცული იქნა აფხაზეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული მდგომარეობა საგადასახადო და საბაჟო საკითხებში. დღეს თუ გახსნით ხელშეკრულებას, ნახავთ, რომ ეს თავები საერთოდ ამოღებულია“, - ამბობს ახრა არისტავა.
მხოლოდ რუსეთის გეგმა და ინტერესები
12 ნოემბერს გაფორმებული დოკუმენტი თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობასა და პარლამენტს დამოუკიდებელი საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გატარების საშუალებას ხელიდან აცლის.
„დაბალი ტარიფები და გადასახადები - ესაა ჩვენი ეკონომიკური უპირატესობა. ჩვენი მოსახლეობა დაზარალებული ხალხია. მას არც დიდი შემოსავალი აქვს და არც ცხოვრების მაღალი დონე, ამიტომ გვინდა, რომ დაბალი ენერგოტარიფი და გადასახადები იყოს ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთი პრივილეგია“, - ამბობს ახრა ბჟანია.
დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კი მიაჩნია, რომ ეკონომიკაში საკვანძო მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ხალხის მენტალიტეტსა და გარემოს:
„რუსი კოლეგები არ იცნობენ იმ სინამდვილეს, რომელიც აფხაზეთშია შექმნილი, ისევე როგორც ჩვენ არ ვიცით, რა ხდება რუსეთის რეგიონებში. თუ რუსეთში დამატებული ღირებულების გადასახადი 20%-ია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზებიც თანახმა იქნებიან ასეთი საგადასახადო წნეხის“.
ახრა არისტავას გადასახადების უნიფიცირების ნეგატიურ ნიმუშად მოაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსეთში ნებადართულია პირადი მოხმარებისთვის დაუბეგრავად 500 ევროს ღირებულების საქონლის შეტანა, აფხაზეთში კი ეს ზღვარი 150 ათასი რუბლია.
„გამოდის, ჩვენ უნდა დავწიოთ თამასა? არ მგონია, რომ ამ სიახლეს სიხარულით შეხვდნენ აფხაზეთში“, - ამბობს ახრა არისტავა, რომელიც ასევე აკრიტიკებს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას:
ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარების საკუთარი გეგმა.თუ არ გაქვთ საკუთარი გეგმა, მაშინ თქვენ ავტომატურად ხდებით სხვისი გეგმის ნაწილი.ახრა არისტავა
„საქმე ის არის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარების საკუთარი გეგმა - მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი. ასეთ შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკების წარმოება ბევრად იოლი იქნება. თუ არ გაქვთ საკუთარი გეგმა, მაშინ თქვენ ავტომატურად ხდებით სხვისი გეგმის ნაწილი. ასეთია ბანალური ჭეშმარიტება. თუ გვექნება ჩვენი გეგმა, გასაგები იქნება, ჰარმონიაშია თუ არა რუსეთის წინადადებები ჩვენს ეროვნულ გეგმასთან“.
მასწავლებელი საკუთარი ინტერესებით
პოლიტოლოგი იზიდა ჭანია ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა რუსმა ჩინოვნიკებმა აფხაზეთის სახელმწიფო თუ არასაბიუჯეტო ფონდების ნორმატიული ბაზის შემუშავებაში, ან რატომ უნდა შეიმუშაონ რესპუბლიკური ბიუჯეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის გადანაწილების მეთოდიკა, ან, რაც უფრო საინტერესოა, მიიღონ მონაწილეობა აფხაზური ენის პროგრამის რეალიზაციაში.
„არ მტოვებს იმის განცდა, რომ უშედეგობით დაქანცულმა მასწავლებელმა თვითონ გადაწყვიტა ოროსანი მოწაფის ნაცვლად საკონტროლო დავალების დაწერა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს დათვური სამსახურის გაწევას, მით უმეტეს, რომ მასწავლებელს ამოძრავებს საკუთარი და არა მოწაფის ინტერესები. სტრატეგიული პარტნიორი ჩვენ გვთავაზობს კანონების არა შეთანხმებას და ჰარმონიზაციას, არამედ მიღებას, თანაც ისეთი კანონებისას, რომლებიც ხელსაყრელია რუსეთის ბიზნესისათვის“, - ამბობს იზიდა ჭანია. - „მინდა მჯეროდეს, რომ აფხაზეთის მხრიდან დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულ სამუშაო ჯგუფში მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დაიცავენ სახელმწიფო ინტერესებს, თუ არადა, არ ღირს სახელმწიფოებრიობის იმიტაცია. უმჯობესია, გამოვაცხადოთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ - ასეთ შემთხვევაში, „ძველ ფოცხებს“ მაინც აღარ გამოგვიგზავნიან“.
12 ნოემბერს სოჭში გაფორმებულმა დოკუმენტმა ერთიორად გაზარდა აფხაზური საზოგადოების „სუვერენიტეტის დათმობასთან“ დაკავშირებული შიში, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ გაამძაფრა ასლან ბჟანიას ბრძანებით (2020 წლის 10 ოქტომბერი) საკონსტიტუციო კომისიის შექმნამ. კომისიამ ცვლილებები უნდა შეიტანოს 1994 წლის 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს სესიის მიერ მიღებულ და 1999 წლის 3 ოქტომბერს საყოველთაო სახალხო კენჭისყრით დამტკიცებულ კონსტიტუციაში, რომელიც, კომისიის თავმჯდომარის, ნათელა აკაბას, თქმით, დასახვეწია, თუმცა აფხაზეთში ბევრი შიშობს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ნამდვილი მიზანი არა მთავარი კანონის სრულყოფა, არამედ აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკნინებაა, რაც კატეგორიულად უარყო ნათელა აკაბამ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში:
„ვიცი, რომ, ზოგადად, არსებობენ ადამიანები, ვისაც ამის ეშინია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ უნდა უკავშირდებოდეს საკონსტიტუციო რეფორმას. ნუთუ ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ჩვენ უარს ვიტყვით დამოუკიდებლობაზე? ეს სრულებით არარეალურია. კონსტიტუციის თავშივე წერია, რომ აფხაზეთი „სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოა“ და მას საფუძვლად უდევს ხალხის უფლება თვითგამორკვევაზე. ვფიქრობ, რომ ამას არავინ და არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ჩვენი ხალხი იბრძოდა და რასაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო თუ გარკვეული ცვლილებები მაინც იქნება შემოთავაზებული, მაშინ აუცილებელი გახდება რეფერენდუმის ჩატარება“.