EMC: ბრალდებები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აშკარად დაუსაბუთებელია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ე.წ. "კარტოგრაფების საქმის" სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ ამ საქმის ბრალდებულების, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის წარდგენილი ბრალი აშკარად დაუსაბუთებელია, შესაბამისად, უნდა შეწყდეს დევნა ბრალდებული პირების მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების ხარვეზებზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე.

  • ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო კომისიაში დაკავებული ოფიციალური პოზიციები და მათი მანდატი/უფლებამოსილება არ იძლევა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემის, ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ მიმართული დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას. ისინი სახელმწიფო კომისიის რიგითი წევრები იყვნენ, რომელიც კოლექტიურად იღებდა გადაწყვეტილებას ყველა ექსპერტულ რეკომენდაციაზე. თავის მხრივ, ყველა ამ ექსპერტულ რეკომენდაციას კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო მაღალ თანამდებობის პირებთან ათანხმებდა. სწორედ ამიტომ, ბრალდებული პირების ოფიციალური სტატუსისა და საჯარო უფლებამოსილების გათვალისწინებით, კოლექტიური ორგანოს მიერ მიღებული ექსპერტული გადაწყვეტილებების გამო, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის გამოყენება არაარსებითი და დაუსაბუთებელი ჩანს.
  • პრობლემური და სადავოა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფაქტობრივი არგუმენტებიც, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ არ გამოიყენეს და დამალეს მათ ხელთ არსებული 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი. საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ამ რუკის გამოყენების საკითხი სახელმწიფო კომისიამ რამდენიმე წლით ადრე განიხილა და მეცნიერული არგუმენტების გამო, საბოლოოდ უგულებელყო. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, რომ ამ გარემოებებს საქმეში ი. მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას გარდა, სხვა პირებიც ადასტურებენ. სწორედ ამიტომ, პროკურატურის მტკიცება, რომ ბრალდებულ პირებს კომისიის წევრებისთვის ეს რუკა განზრახ არ წარუდგენიათ და არ განუხილავთ, უსაფუძვლოა და ხელოვნურად შექმნილი. მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, არც ამ რუკის გადამალვის ფაქტი დასტურდება, რადგან ჯერ კიდევ 2019 წელს, ნატალია ილიჩოვამ სახელმწიფო კომისიაში მის ნაცვლად დანიშნულ სხვა პირს იგი საქმის მასალებთან ერთად სრულად გადასცა.
  • ი. მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგენილი ყოფილიყო 1: 200 000 მასშტაბის რუკის სამუშაო პროცესში გამოყენების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ 1: 200 000 მასშტაბის რუკაზე ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება არსებითად მნიშვნელოვანი იყო, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ პროკურატურას არ დაუნიშნავს შესაბამისი საპროცესო მოქმედება და 1:200 000 მასშტაბის რუკის ხარისხისა და სიზუსტის შეუფასებლად ცდილობს შექმნას საზოგადოებაში წარმოდგენა, რომ რუკა ეწინააღმდეგება ი. მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას მიერ სამუშაო პროცესში მომზადებულ და აზერბაიჯანულ მხარესთან გაცვლილ კარტოგრაფიულ მასალას.
  • პროკურატურა არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს იმ საკითხსაც, რომ თითქოს კარტოგრაფებს 1938 წელს დამტკიცებული 1: 500 000 მასშტაბის რუკების მიღმა სხვა რუკის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ. 1996 წლის 13 ივნისის შეთანხმებით დადგინდა, რომ სამთავრობო კომისიებს დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების პრეზიდიუმის მიერ 1938 წელს დამტკიცებული 1:500 000 მასშტაბის რუკებზე ასახული სასაზღვრო ზოლით უნდა ემსჯელათ, თუმცა ამავე დროს შესაძლებელი იყო სამუშაო პროცესში სხვა დოკუმენტაციის გამოყენებაც.
  • რალის დასაბუთებაში პროკურატურა კარტოგრაფების მიერ სხვა რუკების გამოყენების უკანონობაზე უთითებს. ექსპერტიზამ ვერ შეძლო შეეფასებინა, სხვა რუკებზე დატანილი სასაზღვრო ხაზი შეესაბამება თუ არა 1938 წელს დამტკიცებულ 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილ სასაზღვრო ხაზს. ამ გარემოების შეფასება და დადგენა კი, სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი იყო, რამდენადაც, ნ. ილიჩოვა, ი. მელაშვილი მიუთითებენ, რომ, მართალია, იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს, თუმცა გამოყენების პროცესში აუცილებლად ადგენდნენ გამოყენებული მასალის შესაბამისობას 1938 წელს დამტკიცებულ 1:500 000 მასშტაბის რუკებთან. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე რაიმე საეჭვო გარემოება სამუშაო პროცესში არ გამოვლენილა და არც კომისიის რომელიმე წევრს უცდია დამოუკიდებლად შეემოწმებინა, მომზადებული რუკები იყო თუ არა 1938 წლის 1:500 000 მასშტაბის რუკით დადგენილი სასაზღვრო ზოლის შესაბამისი.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივ შეფასებას კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრების ფორმატით გაუზიარებს საქმის განმხილველ სასამართლოსაც.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების ცვლილებაზე საქალაქო სასამართლო 30 ნოემბერს 7 საათზე მეტხანს მსჯელობდა - მოსამართლე ზვიად შარაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, შეეცვალა წინასწარი პატიმრობა და ორივე ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში დატოვა. ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომის 2 თვით გადადება და ამ ვადით გამოძიების გახანგრძლივება 25 ნოემბერს ითხოვა გენერალურმა პროკურატურამ.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.

ასევე ნახეთ:

ლაშა დარსალია არ პასუხობს კითხვას, რაშია დამნაშავე ივერი მელაშვილი

აგრძელებს თუ არა სახელმწიფო კარტოგრაფების საქმის გამოძიებას

"გარეჯი საქართველოა!" - კარტოგრაფების საქმე არჩევნების შემდეგ

პროკურატურას არ აინტერესებს ივანიშვილის, ზურაბიშვილისა და ღარიბაშვილის გამოკითხვა