ევროკომისია აპირებს, გაამკაცროს ონლაინპლატფორმების კონტროლის მექანიზმი. როგორც რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული მასალები ცხადყოფს, ევროკომისია პირველად გამოვა წინადადებით, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს სახელმწიფო აქტორებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.
დემოკრატიის ევროპულ სამოქმედო გეგმაში (The European Democracy Action Plan), რომელსაც კომისია 2 დეკემბერს წარადგენს, ნათქვამია, რომ 27-წევრიანმა ბლოკმა „უფრო სისტემატურად უნდა გამოიყენოს მის განკარგულებაში არსებული საშუალებები, რათა დაუპირისპირდეს უცხოეთის ჩარევას და ოპერაციებს, რომლებიც გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, და ეს საშუალებები კიდევ უნდა განავითაროს, მათ შორის, დამნაშავეებისთვის საფასურის დაკისრებით“.
„საამისო შესაძლო გზები მოიცავს [საშუალებებს] ხშირად გამოყენებული მეთოდების საჯაროდ გამოვლენიდან (რაც მათ გამოუსადეგარს გახდის) სანქციების დაკისრებამდე განმეორებით ჩადენილი დანაშაულისთვის“.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ოფიციალური დოკუმენტით გამოდის წინადადებით, სანქციები დაწესდეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
დოკუმენტში, რომელშიც გამოთქმულია გაფრთხილება, რომ ინფორმაცია შეიძლება „იარაღად იქნეს გამოყენებული უცხოური აქტორების მიერ“, ევროკომისია მიუთითებს, რომ „გარკვეული მესამე ქვეყნები (განსაკუთრებით, რუსეთი და ჩინეთი) აწარმოებენ მიზანმიმართულ ოპერაციებს გავლენის მოსახდენად და COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ ევროკავშირში, მის სამეზობლოში და მსოფლიოს მასშტაბით, რითიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ დებატებს, გაამწვავონ სოციალური პოლარიზაცია და გაიუმჯობესონ საკუთარი იმიჯი“.
სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროპის საგარეო საქმიანობის სამსახურის (EEAS) ნაწილია და რუსულ დეზინფორმაციას აკვირდება, წელს უკვე გამოავლინა COVID-19-ის შესახებ კრემლის სასარგებლო დეზინფორმაციის 500-ზე მეტი მაგალითი. მთლიანობაში უწყებამ 2015 წლის შემდეგ გამოააშკარავა კრემლის სასარგებლო დეზინფორმაციის 10 ათასზე მეტი შემთხვევა. EEAS-ი ევროკავშირის დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენს.
ევროკომისიის დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, ევროკავშირის წესები უფრო გამკაცრდეს ონლაინპლატფორმების მიმართ, რომლებიც „ავისმზრახველი ოპერატორების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი და შემაცდენელი ინფორმაციის გასავრცელებლად, და რომლებსაც ალგორითმების გამოყენებისთვის აკრიტიკებენ ინტერნეტით კონტენტის გავრცელებისთვის და მომხმარებელთა მიზანში ამოღებისთვის ონლაინსაქმიანობით წარმოქმნილი უზარმაზარი მოცულობის პირადი მონაცემების ბაზის გამოყენებით“.
2018 წელს ევროკომისიამ შეადგინა დეზინფორმაციასთან დაკავშირებული მოქმედებების კოდექსი, რომელსაც ნებაყოფლობით შეუერთდნენ Facebook-ი, Google-ი და Twitter-ი. ამ კომპანიებმა ვალდებულება იკისრეს, ანგარიში წარმოადგინონ რეკლამების განთავსების სფეროში გამჭვირვალობის თაობაზე გადადგმული ნაბიჯების და ყალბი ანგარიშებისა და ბოტების წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ.
მიუხედავად ამისა, ევროკომისია იმედგაცრუებას გამოხატავს და ახალ დოკუმენტში გამოდის წინადადებით, გამოყენებულ იქნეს „უფრო მყარი მიდგომა, რომელიც უფრო მკაფიო ვალდებულებებს უფუძნება და უფრო სათანადო კონტროლის მექანიზმებს ექვემდებარება, რათა უფრო ქმედითად აღკვეთოს დეზინფორმაცია“.
ევროკომისიის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ციფრული სამსახურების აქტი (DSA), რომელიც წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს, „წამოაყენებს წესებს უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პლატფორმების მიერ კონტენტის მოდერირებასთან, რეკლამასა და ალგორითმულ პროცესებთან დაკავშირებით“.
„ძალზე დიდი პლატფორმები ვალდებული იქნებიან შეაფასონ საფრთხეები, რომლებსაც მათი სისტემები წარმოადგენს - არა მხოლოდ არალეგალური კონტენტისა და პროდუქტების თვალსაზრისით, არამედ ასევე [შეაფასონ] სისტემური საფრთხეები საზოგადოების ინტერესებისა და ფუნდამენტური უფლებებისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, ვკითხულობთ დოკუმენტში.
DSA-ის მიზანია, განაახლოს ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩო ონლაინსაქმიანობის სფეროში.