"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ბათუმში დაჯარიმებულ ფიტნესკლუბს ქირაობს. ის ამბობს, რომ არ აამუშავებს გადახდის აპარატს და მისი "სახლი" იქნება, სადაც ყველას ეპატიჟება.
"ასეთ რაღაცას ვაკეთებთ. ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, რისი უფლებაც გვაქვს, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება, სანამ ეს რეგულაცია არსებობს, საცხოვრებელი სახლი. აქ არის სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებენ ფართთან ერთად და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ახლომახლო ვარჯიშობს, შეუძლია, ჩემთან სახლში სტუმრად მოვიდეს და ივარჯიშოს", - აცხადებს ჯაფარიძე.
ასევე ნახეთ ფიტნესკლუბის მფლობელი, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება, 10 000 ლარით დააჯარიმესმისი თქმით, ის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს არ შეუშვებს, რადგან ეს მისი სახლია და არავის აქვს იქ შესვლის უფლება. მანვე თქვა, რომ გამონაკლისი იქნება შრომის ინსპექცია, რომელსაც მხოლოდ იმას გადაამოწმებინებენ, რომ გადახდის აპარატი არ მუშაობს.
"მარტო მოვარჯიშე ხალხს ვუშვებ", - დასძინა მან.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ფიტნესკლუბი, 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას აგრძელებდა. დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მათ 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.
"რა ვქნათ, მგლის შიშით ცხვარი გავწყვიტოთ? თანამშრომლები უმუშევრად რომ დარჩებიან, ვინ მოუვლის მაგათ. ან ის ხალხი, ვარჯიში რომ უნდათ, იმათ რა ვუთხრათ? იყვნენ მოსულები პატრულის თანამშრომლები, 10 000 ლარით დაგვაჯარიმეს, არ ვაპირებთ ჯარიმის გადახდას, არც უწყება ჩავიბარეთ და ვაგრძელებთ მუშაობას დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე", - ამბობდა გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბის მფლობელი.
ასევე ნახეთ ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი