რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ, ქართველი პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „საქართველოს საგარეო ფრონტი კარასინს მიჰყავს“.
27 ნოემბერს, გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის, ონლაინრეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
„მოხდა მოსაზრებების გაცვლა ორმხრივი ურთიერთობების რიგ პრაქტიკულ საკითხებზე. დადასტურდა ორმხრივი განწყობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად. იმედს გამოვთქვამთ, რომ რუსოფობიული რიტორიკა, რომელიც რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გამოიყენებოდა წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, წარსულში დარჩება, ხოლო პოლიტიკური ძალები, რომლებმაც გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, გამოიყენებენ ამომრჩეველთა ნდობის მანდატს, რომელიც მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გასაგრძელებლად“.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მხარეების მიერ განხილულ იქნა ორმხრივ საფუძველზე სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებზე ნებართვების გაზრდის შესაძლებლობები. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განხილულ იქნა გასული წლის ივლისში საქართველოში საჰაერო მგზავრთა გადაზიდვის დროებითი აკრძალვის გათვალისწინებით. საამისო პირობები კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„ფაქტობრივად, გავრილოვი დაგვიბრუნეს უკან, ისევ ოცნების, ანუ ჩვენივე მთავრობის ხელით. დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს. ორმხრივად დაგმეს „ცნობილი ანტირუსული პროვოკაცია“, რომელიც ნაციონალისტებს მოუწყვიათ. ანუ გავრილოვის დღე ყოფილა დასაგმობი! პირდაპირ ღიად პრორუსები ვართო ამბობს უკვე ეს მთავრობა. და კიდევ იმას გულისხმობს, რატო მეტად არ დაგასისხლიანეთო ამ „პროვოკაციის“ დროს. მოგეთხოვებათ პასუხი, გპირდებით!“
სოციალურ ქსელში ეხმაურება კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეც:
„ჩვენი ქვეყნის საგარეო ფრონტი კარასინს მიჰყავს, საშინაო პოღოსას და სერიოჟა ტბილისკის... ამ რეალობაში ვცხოვრობთ და უნდა შევცვალოთ“, - წერს ის.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას აბაშიძე-კარასინს შორის გამართული ონლაინშეხვედრის შესახებ, მათ განცხადება გუშინ, 27 ნოემბერს გაავრცელეს, სადაც არაფერია ნათქვამი „ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“ გადადგმულ ნაბიჯებსა და „ორმხრივ განწყობაზე“.
პრაღის ფორმატში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.