გამყრელიძე: შეზღუდვების შედეგი მომავალი 10 დღის, 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს

ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ახალი შეზღუდვების მთავარი დანიშნულება ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფი ზრდის შეჩერებაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შედეგები დაახლოებით მომავალი 10 დღის, 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს, რისთვისაც აუცილებელი პირობა სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სამედიცინო პერსონალის სოლიდარობაა.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას სათანადოდ გააცნობიეროს სიტუაციის სიმძიმე და დაწესებული რეგულაციები შეასრულოს. ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი ვარაუდობს, რომ იანვარის ბოლოსკენ ინფიცირების მაჩვენებელი 2-ჯერ და მეტად შემცირდება:

„იმედია იმის, რომ ჩვენ აღარ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას და მერე ის თანდათანობით დაიწყებს უკუსვლას და სადღაც იანვრის ბოლოსკენ დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ვთქვათ, ორჯერ ნაკლები ან უფრო მეტად ნაკლები ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 26 ნოემბერს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1124-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3801 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 730-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 118 690 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3200-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 98 781.

ასევე ნახეთ: ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი

საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება

8 ქალაქში მეტრო და ავტობუსი ჩერდება

საახალწლოდ, დიდ ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

რომელ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები

COVID-ით „დაწინაურებული“ საქართველო