საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება

​28 ნოემბრიდან ქვეყნის 7 ქალაქის ნაცვლად მთელ საქართველოში აიკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადადგილება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და 31 იანვრის ჩათვლით ეს რეგულაცია იქნება.

"გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე", - ვკითხულობთ მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამ შეზღუდვებისა, მთავრობამ 28 ნოემბრიდან კრძალავს საქალაქთაშორისო მოძრაობას, კეტავს მოლებსა და ბაზრობებს, რესტორნებს კი სტუმრების მიღებას უკრძალავს.

წესის დარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

დეტალურად შეზღუდვების შესახებ ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შეზღუდვა თავდაპირველად 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესდა. მაშინ ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, სხვადასხვა დროს მოქმედებდა "კომენდანტის საათი", აკრძალული იყო ეკონომიკური საქმიანობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის დახურული იყო კაფე-ბარები და რესტორნები, საგანმანათლებლო პროცესი კი სულად ონლაინსივრცეში გადავიდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა, თუმცა მანამდე პარლამენტმა მთავრობას უფლება მისცა შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე დაეწესებინა. სწორედ ამ უფლებამოსილების გადაცემის ფარგლებში მთავრობა ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებს აწესებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების მსგავსია. ამ რეგულაციის ფარგლებში ამ დრომდე აკრძალულია 22:00 საათიდან 05:00 საათამდე 7 ქალაქში გადაადგილება, საგანმანათლებლო პროცესი კვლავ ონლაინსივრცეში გადავიდა, აკრძალულია დახურულ და ღია სივრცეებში პირბადის გარეშე გადაადგილება და კვლავ დახურულია ბიზნესის ერთი ნაწილი.