საქართველოს საპატრიარქო „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვას ისევ არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს მონაცემები უკვე ცნობილია - საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურში, „ქართულმა ოცნებამ“ 150-დან 90 მანდატი მიიღო. 25 ნოემბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძალაში რჩება მისი 23 ნოემბერის კომენტარი და მილოცვასთან დაკავშირებული თემის გაშლას აღარ აპირებს.
- რატომ იკავებს თავს და რას ელოდება საქართველოს საპატრიარქო?
- რა დევს საპატრიარქოს უჩვეულო დუმილის მიღმა?
„დაველოდოთ, დაველოდოთ, დაველოდოთ... ვერ გეტყვით... ჯერ მეორე ტური გუშინ დამთავრდა... დაველოდოთ. ოფიციალურად როცა დაიდება, მერე შეიძლება რაღაცის თქმა... ჯერჯერობით ვერ გეტყვით“ – საპატრიარქოს დაგვიანებულ მილოცვასთან დაკავშირებული შეკითხვების საპასუხოდ, ეს ასე უთხრა ჟურნალისტებს 23 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
უკვე დღეს ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელისუფლებისთვის საპატრიარქოს ჯერ ისევ არ მიულოცავს და ამიტომ, ძალაშია მის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება - „ნახეთ და რასაც იქ ვამბობ, ეგ არის“.
რატომ არ ჩქარობს საპატრიარქო გამარჯვების მილოცვას „ქართული ოცნებისთვის", როცა არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია?
„მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ არჩევნების შედეგები სადავოა... საზოგადოების ნახევარი არ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად და ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია... ახლა სრულიად აზრსმოკლებული იქნებოდა, რომ - საპატრიარქო გამოვიდეს და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცოს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი. საპატრიარქოს ეს მიდგომა მისთვის უჩვეულო, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში - „რაციონალურია“.
თეოლოგს, რომელიც წარსული საქმიანობის გამო კარგად იცნობს საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს, ეს თავშეკავება გარკვეულწილად აგონებს 2003 წელსაც, როცა ვარდების რევოლუციის წინ, კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე არ მივიდა ახლადარჩეული პარლამენტის სხდომაზე, რომელიც თავის ნათლულს, საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს უნდა გაეხსნა.
„მანამდე პატრიარქს მსგავსი რამ არ გაუკეთებია და შევარდნაძესთან სიახლოვისა და მეგობრობის მიუხედავად, უცებ ის არ მივიდა 2003 წელს, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე... ჩემთვის ცნობილია, რომ ბატონი შევარდნაძე ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა და ამიტომ, სხვათა შორის, რამდენიმე დღეში, პატრიარქი მას თავად ეახლა და ღვინის სასმისიც მიუტანა“.
მართალია, გამრეკელაშვილის დაკვირვებით, საპატრიარქო წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშკარად „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს და მაგალითად - მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ხალხმრავალ შეხვედრებში წმინდა სინოდის წევრებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ მისი ინფორმაციით - „საპატრიარქოს არცთუ მცირე ნაწილი მიესალმება ხელისუფლების შეცვლასაც, თუკი ეს ასე მოხდება“.
ასევე ნახეთ ISFED: მოსყიდვა, დაშინება, სინოდის წევრების მხარდაჭერასაქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, სადაც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაგვამისამართა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოქტომბერ-ნოემბერში გამოქვეყნებულ მხოლოდ ორ პოსტს ვხვდებით და ისიც მხოლოდ არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით.
- 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქო მრევლს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს - „მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს“.
- 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეო კი ასახავს - თუ როგორ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა პატრიარქმა თავის რეზიდენციაში, გადასატანი ყუთის საშუალებით. ამის შემდეგ - ილია მეორემ ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ, ხოლო მომავალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთმანეთის მოსმენისკენ მოუწოდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით და მის ფეისბუკგვერდზე ვერც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებულ მოწოდებებს ვხვდებით.
21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ და ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მხოლოდ „ქართული ოცნება“ მოუწოდებდა.
არც 21 ნოემბერს და არც მას შემდეგ გავრცელებულა ინფორმაცია იმის თაობაზე - მიიღო თუ არა მეორე ტურის კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა თავად ილია მეორემ. ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებასთან 25 ნოემბერს ამ თემაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა - „დიახ, მისცა ხმა“.
ოპოზიციის ბოიკოტისა და საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, საპატრიარქოს მხრიდან მილოცვის დაგვიანებას „სიფრთხილედ“ აფასებს თეოლოგი გოჩა ბარნოვი. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას:
- სიფრთხილე იმ სცენართან დაკავშირებული წინდახედულებით არის გამოწვეული - „თუკი ეს პარლამენტი ვერ შედგება, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს“.
- თუკი ეს ასე მოხდება, რისკენაც ოპოზიცია მიისწრაფის - „საპატრიარქო ფიქრობს - არ ჩავარდეს უხერხულ მდგომარეობაში ... ახლა საპატრიარქოს მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ მილოცვა ნაადრევია და თუკი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, ეს მილოცვა ხარაკირის გაკეთების ტოლფასიც იქნება“.
გოჩა ბარნოვი ფიქრობ, რომ საპატრიარქო ამ დუმილით ერთგვარად ძალის დემონსტრირებასა და ხელისუფლებისთვის თავის შეხსენებასაც ცდილობს - "რადგან ამ პოლიტიკურ დაძაბულობაში საპატრიარქო არავის გახსენებია".
ბარნოვი სწორედ ამ ჭრილში განიხილავს ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მოწოდებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის მისამართით - რომ შესარიგებლად მათ ეკლესიას უნდა მიმართონ. თეოლოგი გვეუბნება, რომ საპატრიარქოს ძველი წყენებიც ყოველთვის ძალიან კარგად ახსოვს და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიუხედავად, არც მეუფე იაკობის ძველი განცხადებების უკან მდგომი ამბები დაავიწყდებოდა.
ასევე ნახეთ ეკლესია-ხელისუფლება: დიდი ვაჭრობა არჩევნებისთვის?საპატრიარქომ ბოლო კვირებში არაერთხელ განაცხადა, რომ ის არც პოლიტიკაში ერევა და არც რომელიმე პარტიას უჭერს მხარს, თუმცა - ბარნოვის შეფასებით ეს ასე არ არის.
თეოლოგი ფიქრობს, რომ სასულიერო პირების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის გარდა, ამის დასტურია დავით გარეჯის თემასთან და ე.წ. „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებული პროცესები - როცა საპატრიარქო ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებდა და წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ მის წისქვილზე ასხამდა წყალს - „გარეჯის თემა წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო წამოწყებული“.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუკგვერდს თუ გადავხედავთ:
- ოქტომბერში ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმესთან დაკავშირებით 45-მდე პოსტია გამოქვეყნებული და ტექსტებში, სადაც საუბარია მელაშვილი-ილიჩოვას სადელიმიტაციო კომისიის მუშაობაზე სხვადასხვა ადგილას გამოყენებულია სიტყვები - „მოღალატეობრივი“ და „გასხვისება“;
- ასევე, დიდი ადგილი ეთმობა და ბევრი პოსტი ეძღვნება არქიმანდრიტ კირიონისა (ონიანი) და სხვათა მოსაზრებებს „გარეჯის მიწების გასხვისებასთან“ თუ ილიჩოვასა და მელაშვლისთვის წაყენებული ბრალდებების კავშირს წინა ხელისუფლებასთან.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გაზიარებული პოსტების უდიდესი უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტებს მოიცავს.
ამავე ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ასევე ვიგებთ, მაგალითად, რომ - 2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და მღვდელმთავრებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად.
ის, რაც ახლა ხდება - მილოცვის დაგვიანებასთან დაკავშირებით, უჩვეულოა თეოლოგებისთვის, რადგან ანალოგიურ ფაქტს ისინი ვერ იხსენებენ.
2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს მეორე დღესვე მიულოცა საქართველოს პატრიარქმა, როცა არჩევნების შედეგები ჯერ ოფიციალურად არ იყო შეჯამებული.
2019 წლის სექტემბერში ილია მეორემ გაპრემიერებაც მიულოცა შს ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას“.
გახარიასადმი მისალოც ტექსტში, პატრიარქი იმედს გამოთქვამდა, რომ მთავრობა ძალისხმევას მიმართავდა იმ პრობლემებისკენ, რომელთა გადაჭრაც „სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში [2019 წლამდე] ვერ მოხერხდა“.
ამ საკითხებად საპატრიარქო ხედავდა: მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევას, ერის გამთლიანებასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.