სერგი კაპანაძე: არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ

სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ფასილიტატორ ელჩებს შორის ინდივიდუალური შეხვედრების საკითხზე გამოხმაურებისას ამბობს, რომ ინდივიდუალური შეხვედრები არის ჩვეულებრივი პროცესი რაუნდებს შორის, რათა პოზიციები შეჯერდეს.

მისი თქმით, ამ შეხვედრებზე არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ყველანაირი დისკუსია უნდა იყოს ახალი არჩევნების ირგვლივ, სხვა შემთხვევაში, არცერთ სხვა საკითხზე, ოპოზიცია არ აპირებს დათმობასა და დისკუსიას:

"მთავარი იქნება, თუ რა წინადადებით მოვა "ქართული ოცნება" შემდეგ რაუნდზე. რა თქმა უნდა, არსებობს რესურსი იმისა, რომ მოხდეს წინსვლა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არცერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას, თუ ეს არ შეეხება ახალ არჩევნებს. ეს არის მთავარი თემა, რომელიც განმუხტავს დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გრძელდება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. დღეს, ამ დროისათვის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის საკითხზე მოლაპარაკებები ელჩებმა ლეიბორისტთა ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერთან ირმა ინაშვილთან გამართეს.

მათ შეხვედრის ადგილი უცვლელი პოზიციებით დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.