გია ჯანდიერი: ფულადი გზავნილებისა და დახმარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკა 15-20%-ით დაიკლებდა

გია ჯანდიერი

„ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის, გია ჯანდიერის თქმით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილებისა და საერთაშორისო დახმარების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკა 15-20%-ით დაიკლებდა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დასმულ კითხვაზე, რას აშავებს შეზღუდვები, მან განაცხადა, რომ შეზღუდვები ეკონომიკაზე მტკივნეულად აისახება:

„დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ გაურკვეველია რა მოხდება. ჩვენ რომ არ გვქონდეს გარედან შემოსული ნაკადები ფულადი, გაცილებით უფრო რთულ და რეალისტურ სურათს დავინახავდით, რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ათასობით ოჯახი გადარჩა იმის ხარჯზე, რომ 2 მილიარდამდე ავა წელს ფულადი გზავნილები საქართველოში. ათასობით ოჯახი გადარჩება ამის საშუალებით“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გია ჯანდიერმა. მისი თქმით, ფულადი გზავნილების რაოდენობა საქართველოში წელს 200 მილიონითაა გაზრდილი:

„მე გავაკეთე დაკვირვება, წელს რომ ჩვენ არ გვქონდეს ამხელა ზრდა ფულადი გზავნილების, დაახლოებით 200 მილიონით მეტი შემოვიდა უკვე ვიდრე წინა წელს და რომ არ გვქონდეს საერთაშორისო დახმარება, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 5 პროცენტით კი არ დაიკლებდა, რასაც ვთქვათ, ტრაბახობენ, არამედ დაიკლებდა 15-შეიძლება 20 პროცენტითაც კი. და აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ეს ძალიან მტკივნეულად აისახა ეკონომიკაზე. შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ჩანს, მიხვალ მაგალითად სუპერმარკეტებთან და მანქანების რიგები დგას და ადამიანები სალაროსთან რიგებში დგანან, თითქოს ხალხს ფული აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ შეზღუდულია რაღაც მომენტში. ჯერ ერთი ის არის, რომ ალბათ ხალხმა ისევ მარაგების კეთება დაიწყო. ანუ ასეთმა რაღაცეებმა ილუზიებში არ უნდა შეგვიყვანოს. ამავდროულად ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ გაიზარდა რაოდენობა ნაგვის ურნებში რომ ადამიანები ეძებენ რაღაცეებს. რომ მოხვდეთ პირდაპირ ურთიერთობებში იმ ხალხთან, ვინც ამ მომენტში სერვისებს ეწევა და ბიზნესებს პატრონობს, იმათგან უფრო პესიმისტურ რაღაცეებსაც მოისმენთ“, - აღნიშნა გია ჯანდიერმა „დილის საუბრებში“.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების ზრდის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს სრულ ლოკდაუნზე და მორიგ წერტილოვან შეზღუდვებზე მუშაობს. ამ მიმართულებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.