ტიკარაძე: დაყოვნება თერაპიულ საწოლზე 5,72 დღეა, ხოლო კრიტიკულ საწოლზე 8,59 დღე

ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული 7363 საწოლიდან კოვიდინფექციის სამკურნალოდ 5952 გამოიყენება, მათგან 5741-ზე პაციენტია განთავსებული.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, საწოლფონდის მოცვა საჭიროების მიხედვით ხდება. კერძოდ, მისი თქმით, კრიტიკულ საწოლზე პაციენტის დაყოვნება ამ ეტაპზე 8,59 დღეს შეადგენს:

„ჩვენ ოქტომბერში საწოლფონდზე საშუალო დაყოვნება გვქონდა 8,52 და ინტენსიურ საწოლზე გვქონდა 10,25 დღე... ეხლა დაყოვნება ჩვენ სტაციონარში გვაქვს თერაპიულ საწოლზე 5,72 დღე, ხოლო კრიტიკულ საწოლზე 8,59 დღე, რაც, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობას იმ პაციენტებისთვის, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალში მკურნალობა, მეტად უფრო მისაღებს ხდის. ასევე ყოველდღიურ ჭრილში ვუყურებთ, რა დატვირთულობაა რომელ საწოლზე და, შესაბამისად, იმის მიხედვით ვანაწილებთ საწოლფონდს და ვაუმჯობესებთ საწოლფონდის მოცვას, რეგიონების მიხედვით, რა საჭიროებასაც ვხედავთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3128 შემთხვევა. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 111 818 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 92 215. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1051-მდე გაიზარდა.