სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში განცდილი მარცხის გამო საკმაოდ შეერყა სკამი, რუს მინისტრებთან შეხვედრის დროს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივით გამოვიდა, ხოლო მოსკოვთან არსებული ურთიერთობა დაახასიათა, როგორც „სტრატეგიული, ძმური და მეგობრული“.
რუსეთისადმი სამადლობელი სიტყვები არც აზერბაიჯანის პრეზიდენტს დაუშურებია, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა როგორც რუსეთის, ისე თურქეთის პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობას და, სააგენტო „თურანის“ ცნობით, საკმაოდ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ „რეგიონის ქვეყნებმა უმთავრესი როლი უნდა ითამაშონ უსაფრთხოების განმტკიცებაში“.
მაგრამ ჯერჯერობით მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებისა და საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის მთავარი გარანტი რუსეთია - საერთო შეფასებით, მთიანი ყარაბაღის კოფლიქტში, როგორც სამხედრო, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად გამარჯვებული მხარე, რომელმაც სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთ ქვეყანაში შექმნა ძლიერი სამხედრო პლაცდარმი და მოახერხა პრორუსული განწყობის განმტკიცება როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის პოლიტიკურ ელიტაში.
ავტორიტარიზმი vs უპასუხისმგებლო ნაციონალიზმი
„როცა რუსეთის გამარჯვებაზე ჩამოვარდება სიტყვა, აქ მხოლოდ სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთ რეგიონში, სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში, რუსეთის სამხედროების გამოჩენა როდი იგულისხმება. რუსეთისათვის სამშვიდობო მისიის მინიჭება - ეს არის შედეგი იმისა, რაც მოხდა. სამშვიდობო შეთანხმებით მოსკოვმა შეძლო პრორუსული განწყობის აღდგენა აზერბაიჯანში და მოახერხა მისი შენარჩუნება სომხეთში“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი, რადიო „ეხო კავკაზას“ მიმომხილველი.
„ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ კონფლიქტში ერთ მხარეზე აღმოჩნდა ავტორიტარული რეჟიმი და მეორეზე ხელისუფლება, რომელსაც სურდა გამოჩენილიყო დემოკრატიულად. ერთიცა და მეორეც აქცენტს აკეთებდა ნაციონალიზმზე. და, აი, ამ ავტორიტარულმა ნაციონალიზმმა დაამარცხა უპასუხისმგებლო ნაციონალიზმი, რომელსაც ბევრი დემოკრატიულად მიიჩნევდა. ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, მოსკოვის კურსზე მუშაობს“.
მაგრამ პოსტკონფლიქტურ აზერბაიჯანულ და სომხურ პოლიტიკურ ელიტებს განსხვავებულ რეალობაში უხდებათ არსებობა.
42-დღიანი წარმატებული საომარი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, დაიბრუნა 28 წლის განმავლობაში სომეხი სეპარატისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და მყარი ფუნდამენტი შეუქმნა თავის ერთპიროვნულ მმართველობას, მაშინ როცა განცდილი სამხედრო მარცხის გამო სომხეთის ქარიზმატული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, პოლიტიკური მომავალი კითხვის ქვეშაა და კვლავ არსად გამქრალა აზერბაიჯანთან მიღწეული „კაპიტულანტური შეთანხმებით“ გამოწვეული სახიფათო პოლიტიკური მღელვარება.
ასევე ნახეთ სომხეთის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების გამართვისკენ მოწოდებით გამოდის მთავრობაზე მზარდი ზეწოლის ფონზე
კრემლის „არაერთგვაროვანი“ განცხადებები
ამ ვითარებაში ფაშინიანისათვის „მაშველი რგოლის“ მოძებნა ქვეყნის შიგნით უკიდურესად რთული ამოცანა ჩანს.
მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ მოსკოვი იყოს დაინტერესებული „დისკრედიტირებული“ ნიკოლ ფაშინიანის შენარჩუნებით ხელისუფლებაში, რაზეც ბევრი კითხვა ისმოდა სერგეი ლავროვისა და სერგეი შოიგუს სომხეთში ვიზიტის დროს?
„არ ვფიქრობ, რომ ფაშინიანის პოზიციის სტაბილურობისათვის ამ ვიზიტს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება“, - ამბობს ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრესკლუბის თავმჯდომარე.
„მით უფრო, რომ როგორც ვიზიტამდე, ისე ვიზიტის შემდეგ ჩვენ გვესმოდა და კვლავაც გვესმის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის სხვა პოლიტიკური ფიგურების ბევრი განცხადება, პოლიტიკური მესიჯები, რომელთაც ინტენსიურად აშუქებენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. ეს განცხადებები საკმაოდ არაერთგვაროვანია - ისინი შეიცავს როგორც ნიკოლ ფაშინიანის დისკრედიტაციის ელემენტებს, ასევე სტაბილურობისკენ მოწოდებებს იმ ვითარებაში, როდესაც აუცილებელია ყოველდღიური პრობლემების მოგვარება“.
ასეთი „არაერთგვაროვანი“ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გააკეთა ცოტა ხნის წინ, სომხეთში სერგეი შოიგუსა და სერგეი ლავროვის ვიზიტამდე ორი დღით ადრე, და რატომღაც საჭიროდ მიიჩნია კვლავ ეხსენებინა „საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დანაშაული“ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში.
კერძოდ, პუტინი შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საკითხს და კვლავ გაიმეორა, რომ თავის დროზე რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედებების შემდეგ. „მხედველობაში მაქვს სამხრეთ ოსეთში მყოფ ჩვენს მშვიდობის დამცველებზე თავდასხმა“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
ასევე ნახეთ პუტინმა კვლავ ახსენა „საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დანაშაული“ ყარაბაღზე საუბრის დროსამასთან, რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარება, მათ შორის, სომხეთის მიერ, „არსებით ფაქტორს“ წარმოადგენდა სისხლისმღვრელი კონფლიქტის დროს.
„რაც შეეხება ყარაბაღის აღიარება-არაღიარებას დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ, ეს შეიძლებოდა სხვადასხვანაირად შეგვეფასებინა, მაგრამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ეს იყო არსებითი ფაქტორი, მათ შორის - ვიმედოვნებ, სულ ახლახან დასრულებული - სისხლისმღვრელი კონფლიქტის განმავლობაში, ვინაიდან ყარაბაღის არაღიარების ფაქტი, მათ შორის სომხეთის მხრიდან, თავის განსაკუთრებულ დაღს ასვამდა მოვლენათა მსვლელობას, მის აღქმას“, - განაცხადა პუტინმა ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში.
რუსეთის ყოფნის გაძლიერება და ურთიერთარგაღიზიანება
ნიშანდობლივია, რომ რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების აზერბაიჯანში ვიზიტის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დაასრულა 2000 ჯარისკაცისა და ათობით სამხედრო ტექნიკის გადასროლა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.
ცნობისათვის: რუსეთს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ჰყავს ცნობილი 102-ე გიუმრის ბაზა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მრავალრიცხოვანი საოკუპაციო ძალები არიან დაბანაკებული დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ამ ჩამონათვალს 10 ნოემბრიდან დაემატა რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, მძლავრი სამხედრო პლაცდარმი ეთნიკური სომხებით დასახლებულ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებულ მთიან ყარაბაღში.
ასევე ნახეთ სომხეთში აქციების ფონზე რუსეთი იწყებს სამშვიდობო მისიას ყარაბაღშიამასთან, აშკარად ჩანს, რომ კრემლი ცდილობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ბრიგადა წარმოაჩინოს, როგორც „რუსეთის რბილი ძალა“.
რუსეთის სახელმწიფო მედია ადგილზე აკრედიტებული საკუთარი კორესპონდენტების პირით თითქმის ყოველდღე უამბობს მაყურებელს, თუ როგორ მიაქვთ რუს სამხედროებს სასმელი წყალი და სამშენებლო მასალა ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის.
27 სექტემბრის შემდეგ დაწყებული საომარი ესკალაციის შედეგად გაქცეული მოსახლეობა ბრუნდება სტეპანაკერტში. აზერბაიჯანული და სომხური დაჯგუფებების ინტენსიური ბრძოლების ცენტრად ქცეული გამყოფი ხაზი კონტროლდება სტაციონარული პოსტებითა და მოძრავი პატრულის საშუალებით.
ერთი სიტყვით, სრული იდილიაა.
ასეთი სტატუს-კვო კი, როგორც ჩანს, ყველას ხელს აძლევს: მოკონფლიქტე მხარეებსაც, რუსეთსაც და დასავლელ შუამავლებსაც, „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების სახით.
„საერთო ჯამში, „მინსკის ჯგუფის“ მთელი მუშაობა დაყვანილი იყო იქამდე, რომ დასავლეთი, ასე თუ ისე, მხარს უჭერდა იმას, რასაც რუსეთი აკეთებდა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, მოსკოვი კი ცდილობდა, მოქცეულიყო ისე, რომ არ გაეღიზიანებინა დასავლეთი. ამიტომ „მინსკის ჯგუფი“ იყო, ხატოვნად თუ ვიტყვით, უკანასკნელი ადგილი დედამიწის ზურგზე, სადაც შეიმჩნეოდა გარკვეული კონსენსუსი მოსკოვს, ვაშინგტონსა და, საფრანგეთის სახით, ევროპას შორის. ასე რომ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. „მინსკის ჯგუფი“ ამჯერად დაკავებული იქნება ყარაბაღის პოსტკონფლიქტური მოწესრიგებით, რასაც, ისევ და ისევ, წლები და, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს“, - ფიქრობს ვადიმ დუბნოვი.
მაგრამ მთიანი ყარაბაღის მოწესრიგების პირველ ეტაპზე სომხეთმა ჯერ რამდენიმე ოკუპირებული ტერიტორია უნდა დაუბრუნოს აზერბაიჯანს.
მთიანი ყარაბაღის გამო 27 სექტემბრიდან მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 9 ნოემბერს, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე.
მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულიად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება; აზერბაიჯანი და სომხეთი შეჩერდნენ დაკავებულ პოზიციებზე, მაგრამ ერთი დათქმით: სომხეთმა ვალდებულება აიღო, რომ 1 დეკემბრამდე აზერბაიჯანს დაუბრუნებს ქელბაჯარის, აღდამისა და ლაჩინის რაიონებს.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანის არმია შევიდა ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონში20 ნოემბერს აზერბაიჯანის არმია უკვე შევიდა მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონში.
25 ნოემბერს იმავე ბედს გაიზიარებს ქელბაჯარის რაიონი, საიდანაც სომხეთთან დამაკავშირებელი რთული სახმელეთო გზით, მეორე კვირაა, ინტენსიურად ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობისა და სომხური სამხედრო დანაყოფების ევაკუაცია.
ხოლო 1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც უკვე აიყვანეს კონტროლზე სამშვიდობო მისიით აღჭურვილმა რუსმა სამხედროებმა.