კვლევის შედეგებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა შესაძლოა 90 პროცენტით ეფექტიანი იყოს

კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ვაქცინა შესაძლოა 90 პროცენტით იყოს ეფექტიანი - რაც ახალი გარღვევაა ბრძოლაში გლობალური პანდემიის წინააღმდეგ, რომლის დროსაც დაავადდა 58 მილიონზე მეტი და დაიღუპა 1,4 მილიონამდე ადამიანი, მძლავრი დარტყმა მიადგა გლობალურ ეკონომიკას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა 90 პროცენტით იყო ეფექტიანი COVID-19-ის პრევენციის თვალსაზრისით ცდაში, რომლის დროსაც ცდის პირებს თავდაპირველად ნახევარი, შემდეგ, სულ მცირე, ერთ თვეში, მთლიანი დოზა გაუკეთდათ, - ვკითხულობთ 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ შედეგებში. ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ამბობს, რომ დოზირების სხვა რეჟიმმა 62-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა - იმ ცდაში სულ მცირე ერთი თვის ინტერვალით ორი მთლიანი დოზა გაკეთდა. დოზირების ორივე ცდის კომბინირებული ანალიზი აჩვენებს, რომ ვაქცინის საშუალო ეფექტიანობა 70 პროცენტია. ვაქცინასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დადასტურებულა ცდის გვიანდელ ეტაპზე, ბრიტანეთსა და ბრაზილიაში.

AstraZeneca-ს ამ განცხადებამდე ამ კომპანიის აშშ-ში მოქმედმა მეტოქეებმა, Pfizer-მა და Moderna-მ გამოაქვეყნეს შუალედური მონაცემები, რომლებიც მათი ვაქცინის 90-პროცენტიან ეფექტიანობას აჩვენებს.

ვაქცინის წარმოების ბოლო ეტაპზე კიდევ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიაა, მათ შორის - Johnson & Johnson-ი და Sanofi-GSK-ი.

რუსეთსა და ჩინეთში უკვე იშოვება გარკვეული ვაქცინები, თუმცა მათი უსაფრთხოების და ეფექტიანობის გარშემო კითხვები არსებობს, რადგან ამ ვაქცინების კვლევებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მოიპოვება გარე სამედიცინო შესწავლისთვის.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მსოფლიოს ბევრი ვაქცინა დასჭირდება.