გაეროს ბავშვთა სააგენტომ 23 ნოემბერს განაცხადა, რომ „გრანდიოზული ოპერაციის“ ფარგლებში UNICEF-ი მომავალ წელს COVID-19-ის 2 მილიარდ ვაქცინას და 1 მილიარდ შპრიცს მიაწვდის 92 განვითარებად ქვეყანას.
UNICEF-ი, როგორც ვაქცინების უმსხვილესი შემსყიდველი, ეპიდემიების წინააღმდეგ საბრძოლველად ყოველწლიურად 2 მილიარდ დოზა სხვადასხვა ვაქცინას ყიდულობს, ასამდე ქვეყანაში გეგმური იმუნიზაციის ჩასატარებლად.
ამ რაოდენობის COVID-19-ის ვაქცინის მიწოდებისთვის საჭირო ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად UNICEF-ი თანამშრომლობს ასობით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების გლობალურ კომპანიასთან.
„ასეთ უპრეცედენტო თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ისტორიული და გრანდიოზული ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი სატრანსპორტო პოტენციალის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა UNICEF-ის მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელმა, ეტლევა კადილიმ.
მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებმა 22 ნოემბერს პირობა დადეს, რომ „ძალისხმევას არ დაიშურებენ“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი გავრცელებისთვის და მათი „ყველა ხალხისთვის“ ხელმისაწვდომობისთვის. დიდი ოცეულის (G20) წევრი ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სუსტ პოზიციებზე მყოფ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკებსაც პანდემიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა.