მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

სპეცოპერაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციია „ემ-ბი-სის" ფილიალთან

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ლ.ზ.-ს, რომელიც 20 ნოემბერს, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციია „ემ-ბი-სის" ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

„ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ეს დანაშაული ცხრიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება.